აფხაზი მეწარმეები თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე დაფიქრდნენ

01-07-2020 20:55:29 კონფლიქტები

კორონავირუსული ინფექციის პანდემიამ, უდავოდ, უამრავი სახელმწიფოს ცხოვრების ჩვეული რითმი შეცვალა. აფხაზეთი გამონაკლისად არ იქცა. თუმცა COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები, რომელთა დაძლევას სხვა ქვეყნებში მინიმალური ძალისხმევა დასჭირდებოდა, ამ რესპუბლიკისთვის ნამდვილად კატასტროფად იქცა. და საბედნიეროდ, აქ საუბარი მედიცინის სფეროზე არ არის — ის ღირსეულად გაუმკლავდა ინფექციის მცირე კერას, დროულად და პროფესიონალურად მოახდინა ვირუსის გავრცელების ლოკალიზება.

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, აფხაზეთმა ჯერ კიდევ პირველ ინფიცირებულთა გამოვლენამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა და საკარანტინო ღონისძიებები. დაიხურა ორივე საზღვარი, ყველა მაღაზია და გასართობი ადგილები. გაჩერდა მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოსახლეობას მოუწოდეს, შემდგომში კი აიძულეს კიდეც (რიგ შემთხვევებში — არცთუ წარმატებულად), თვითიზოლაციის რეჟიმში მოქცეულიყო. სახელმწიფო მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ეცადა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან აფხაზეთში მოქალაქეთა შესვლა მკაცრადაა რეგლამენტირებული. და თუ გაზაფხულის თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა ამ შეზღუდვებზე არცთუ ხისტად რეაგირებდა, ზაფხულის დასაწყისისთვის გაისმა ხმამაღალი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ — საზღვრის ჩაკეტვით საკურორტო სეზონზე შემოსავლების გარეშე დაგვტოვეთო. აქ აუცილებელია, აღინიშნოს, რომ აფხაზური სახელმწიფოს ფუნქციონირების ორ ძირითად მიმართულებას სოფლის მეურნეობა და ტურიზმი წარმოადგენდა. და თუ პირველის აქტუალურობა ბოლო წლებში შემცირდა, ტურიზმის სფეროში, სხვადასხვა მონაცემებით, მოსახლეობის 59%-73%-ია ჩაბმული. გამოდის, რომ ახლა აფხაზეთის მკვიდრთა საშუალოდ ორი მესამედი შემოსავლისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა...

ნათქვამია, გასაჭირი მარტო არ მოდისო — უფულობისა და უმუშევრობის პრობლემა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების კვალდაკვალ, გაუსაძლის მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ ბანკირები, ფინანსისტები და მეწარმეებიც.

ერთ-ერთ ბოლო პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ პენსიების გაცემის ახალი წესის შესახებ განაცხადა და განმარტა, რომ «ბიუჯეტს უკვე 109 მილიონი რუბლი მოაკლდა». მარტივი ენით რომ ვთქვათ, მოსახლეობას მოუწევს, ხელფასების, პენსიებისა და სოციალური შემწეობების დაგვიანებას შეეჯახოს.

ერთი მეორეს მიეწყო — და სადღეისოდ აფხაზეთი ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა, რის შესახებაც სხვადასხვა დონის ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ.

აფხაზეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ბესლან ბარათელიამ ამ დღეებში განაცხადა, «აფხაზური ბანკები გადარჩენას ცდილობენო». ჩაკეტილი საზღვრებისა და შეზღუდვების პირობებში ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ მეწარმეთა მდგომარეობას, რომლებმაც უკვე დიდი ხანია, «ქამრები შემოიჭირეს» და კბილების ღრჭიალით იტანდნენ ისედაც საბრალობელ მდგომარეობაში ყოფნას. ყველა მათი თხოვნა დახმარების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან კვლავინდებურად უპასუხოდ რჩება. ხელისუფლებას ისიც კი არ სურს, პანდემიის პერიოდში მაინც გაათავისუფლოს ბიზნესი ყაჩაღური საკრედიტო პროცენტებისა და შემოტანილი დღგ-სგან.

ქვეყანაში საბაზრო გარდაქმნების მძლავრ ლოკომოტივში - საბანკო სფეროში სერიოზული პრობლემების არსებობას ადასტურებს აფხაზეთის ეკონომიკის ექს-მინისტრი, ეკონომისტი ანა ადლეიბაც:

«საბანკო სისტემა — ეს ბიზნესია, პირდაპირ დამოკიდებული პირობებზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა შექმნას ეკონომიკური განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ამა თუ იმ ინსტიტუტების ჩამოყალიბებით. იმის გამო, რომ აფხაზეთის ეროვნული ბანკი ემიტენტი არ არის, ანუ არ უშვებს ფასიან ქაღალდებს, ფულად ნიშნებსა და სხვა აქტივებს, იგი ვერ მიიზიდავს სახსრებს საკუთარი განვითარებისთვის. და ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც აფხაზურ საბანკო სისტემას განვითარების საშუალებას არ აძლევს. ეს კი, თავის მხრივ, არ აძლევს მას შესაძლებლობას, განავითაროს სამეწარმეო სექტორი და მთლიანობაში აფხაზეთის ეკონომიკა».

ქვეყანა, რომელიც მთელი ბოლო თვეების განმავლობაში ელოდა საკურორტო სეზონის დაწყებას, როგორც ხსნას, ახლა უიმედობამ მოიცვა. ფინანსების გარეშე ყოფნა საკვების, ბევრისთვის კი საცხოვრისის გარეშე დარჩენასაც ნიშნავს. მეწარმეები, რომელთაც ბრუნვა კრიტიკულ 7,4%-მდე შეუმცირდათ, ამბობენ, რომ აფხაზეთში ბიზნესის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. საქმის შეწყვეტა და სახლებში ჯდომა მათ არ შეუძლიათ — ასობით თანამშრომლის მიმართ პასუხისმგებლობა, ასევე ბიზნესის განვითარება-გაფართოებისთვის გამოტანილი საბანკო კრედიტები დამოკლეს მახვილივით ჰკიდია არა მარტო მათ, არამედ მათი თავმდები პირების თავებსა და საცხოვრებლებზე. და თუ ადრე სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის ბაზარზე მოხვედრის მინიმალური იმედი მაინც ღვივოდა, ახლა ის საბოლოოდ გადაიწურა. სანამ სახელმწიფო ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს, მეწარმეები, ისევე, როგორც საბანკო სფერო, მათთან ერთად კი მთელი მოსახლეობაც გადარჩენას ცდილობენ.

«როგორ დავაბრუნოთ კრედიტები, რომელიც სახელმწიფომ წლიურ 36%-48%-ად მოგვცა? რა გველის? მდგომარეობა საშინელია, თუმცა არა გამოუვალი», - დარწმუნებულია მეწარმე დავით ფილია. ბიზნესის წარმომადგენლების აზრით, შესაძლებელია, საქართველოსთან საზღვრის გახსნის ვარიანტი იქნას განხილული, რომლის გავლითაც აფხაზური საქონელი არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც შეიძლება, მოხვდეს.

მეწარმეები დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზეთი კრიზისის მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფება და რა იქნება ხვალ — მიმდინარე წლის ბოლოს და შემდეგი წლის დასაწყისში — ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

«ვინაიდან რუსეთთან საზღვრის გახსნა ისედაც დიდს ვერაფერს გვაძლევდა ბიზნესის განვითარების კუთხით, ვთვლი, რომ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ. ამ ეტაპზე - თუნდაც არაოფიციალურ დონეზე», - თვლის მეწარმე პ.კ. და აზუსტებს, რომ საუბრობს არა გრძელვადიან პერსპექტივაზე, არამედ «ამ ბაზარზე გასვლის, მოთხოვნისა და მიწოდების, ზოგადად მსგავსი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობის შესწავლის მცდელობაზე».

ეს მოსაზრებები აფხაზურ საზოგადოებაში პირველად როდი ისმის. უფრო ხშირად მსგავს ურთიერთქმედებაზე საუბრობენ სწორედ კრიზისულ სიტუაციებსა და პერიოდებში. ახლა კი, პანდემიის დროს, რომელმაც დამანგრეველი ზიანი მიაყენა აფხაზურ ეკონომიკას, ეს თანამშრომლობა შესაძლოა, არა მარტო საყრდენად, არამედ აღორძინების კარგ საფუძვლად იქცეს და გარდა ამისა, ალტერნატივა გახდეს წლიდან წლამდე სულ უფრო მცირე რუსული ფინანსური დახმარებისა, რომელიც ერთ დღეს შეიძლება, სრულად შეწყდეს.

ექსპერტების განცხადებით, მსგავსი ვითარება დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. დროება, როცა კანონები სოხუმს მოსკოვიდან უწესდებოდა და აფხაზეთს მათში წერტილ-მძიმის შეცვლის უფლებაც კი არ ჰქონდა, წარსულს ჩაბარდა. «კანონებს პროფილური უწყებები უნდა ქმნიდნენ, მათ პარლამენტის დეპუტატები უნდა ამუშავებდნენ და იღებდნენ. ჩვენ კი ვსხედვართ და 25 წლის შემდეგ ვამბობთ, ის არ გვქონია, ეს არ გვქონიაო...», - ამბობს მეწარმე ლილი დბარი.

საკანონმდებლო ბაზის არარსებობა, ფინანსური ნაკადის შემცირება, რუსეთის «ფინანსურ ნემსზე» მუდმივი ყოფნა — ამ ყველაფერმა თავისი შავი საქმე გააკეთა. აფხაზურ ეკონომიკას, რომელსაც წლიდან წლამდე მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ისე, რომ არავითარ მსხვილ წარმოებას, სამუშაო ადგილებს არ ქმნიდნენ, არ ავითარებდნენ საბანკო სფეროს, არ ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეწარმეს, მძიმე დრო დაუდგა. და სანამ სახელმწიფო მკაფიოდ არ ჩამოაყალიბებს ეროვნულ პრიორიტეტებს, სპეციალისტების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

არადა, ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა სამშვიდობო ინიციატივების პაკეტი «ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ» (იგი დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდზე). საუბარია, კერძოდ, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით საზღვრების გასწვრივ ვაჭრობის გამარტივებასა და გაფართოებაზე. ამ კონტექსტში გათვალისწინებულია გამყოფი ხაზების კვეთა, ინდივიდუალური და ერთობლივი ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა, აფხაზური და ოსური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი. თბილისმა 8 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» კანონში შესაბამისი ცვლილებებიც კი შეიტანა.

“ეს ნაბიჯი ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის აქტივიზაციას ისახავს მიზნად”, - განაცხადა საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კრივიკაშვილმა.

მოგვიანებით, იმავე წლის ივლისში სამშვიდობო ინიციატივების პაკეტს სრულად დაუჭირეს მხარი ევროკავშირმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, რომელმაც მის რეალიზებაში ყოველმხრივი მხარდაჭერის პირობა დადო.

«ევროკავშირი სამომავლოდაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ამ კონტექსტში მივესალმები ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მართლაც უკეთეს მომავალზეა მიმართული და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხებს ვაჭრობისა და განათლების სფეროებში ახალ შესაძლებლობებს უხსნის. გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ პროგრამის რეალიზებაში», - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

“ჩვენ ერთგული ვრჩებით სამშვიდობო პოლიტიკის. საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით კონკრეტულ ძალისხმევას ახორციელებს, რომელიც ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში «ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ» არის ასახული», - განაცხადა, თავის მხრივ, ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

თუმცა სოხუმმა უარი თქვა. კრემლს დაქვემდებარებული გამოცემები კი იმხანად სიამოვნებით წერდნენ, «აფხაზეთში ქართულ პროგრამას «ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ» დასცინესო».

ახლა აფხაზეთს სწორედ ის მომავალი დაუდგა, მაგრამ უკეთესია კი იგი?

მირა ამიჩბა

___________________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

___________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები