36-წლიანი პუტინიზმი – თანამედროვე რუსეთის ისტორიაში უდიდესი აფერის ფასად

03-07-2020 17:19:19 ანალიზი

ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციას აგერ უკვე 20 წელია, მართავს: უმთავრესად – პრეზიდენტის, შიგადაშიგ (დიმიტრი მედვედევთან 2008 წლის თანამდებობრივი “როქის” წყალობით) – პრემიერის რანგში. ახლა, როცა ყველა შესაძლო და შეუძლებელი სამართლებრივი საფუძველი ამოეწურა, მან გადაწყვიტა, საბოლოოდ ჩამოეხსნა ისედაც გაცვეთილი ნიღაბი და ფაქტობრივად, პირდაპირ ეკითხა რუსეთის მოქალაქეებისთვის: საპრეზიდენტო ვადებს ხომ არ გამინულებდით? - ღირსეული ალტერნატივა არ მყავს და მოდით, 2036 წლამდე დავრჩები – მერე კი, ასაკში, ახალს მოვიფიქრებ რამეს, თუ ჯერ კიდევ ვიქნები მართვის განწყობაზეო…

თუ რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დავუჯერებთ, მოქალაქეების პასუხი ცალსახად დადებითი იყო – პუტინის მიერ ინიცირებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების 78%-იანი მხარდაჭერა კოვიდ-პანდემიის ფონზე ორგანიზებულ 7-დღიან კონტაქტურ-დისტანციურ “საყოველთაო კენჭისყრაზე” მოსახლეობის 64.99%-იანი აქტივობის პირობებში…

თუმცა მთელ რიგ რუს პოლიტოლოგებსა და საარჩევნო სფეროს სპეციალისტებს, ისევე, როგორც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ამ შედეგების არ სჯერათ. რუსული არჩევნების სპეციფიკის შემსწავლელი მკვლევარები რეალურ შედეგად პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების მაქსიმუმ, 30%-იან მხარდაჭერას ასახელებენ და თვლიან, რომ 25 ივნისი-1 ივლისის “საყოველთაო კენჭისყრა” როგორც მისი ჩატარების საფუძვლების, ისე პროცედურული და შედეგების თვალსაზრისით ყველაზე გაყალბებული საარჩევნო მოვლენა იყო 2000 წლიდან.

ამაზე, მათი განმარტებით, ერთდროულად რამდენიმე “ტესტი” მეტყველებს: სტატისტიკის თვალსაზრისით, უამრავ უბანზე მიღებული შედეგები სამართლიანი კენჭისყრის ვერანაირი რეალური პროცესებით ვერ აიხსნება.

რუსეთის ცსკ-ის ოფიციალური მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტმა მისცა ხმა. მკვლევარების გათვლით კი, თუ ამ მაჩვენებელს უბნებზე იმ “ზედმეტ” ხმებს გამოვაკლებთ, რომლებიც სტატისტიკურ “ტესტირებას” ვერ გადიან, გამოდის, რომ პუტინის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 1/3-ზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი.

ვინ ითვლის არჩევნების სტატისტიკას და როგორ მივხვდეთ, რომ ოფიციალური მონაცემები ფალსიფიცირებულია

რუსმა მეცნიერებმა - ფიზიკოსებმა, სოციოლოგებმა, ეკონომისტებმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შეიმუშავეს არჩევნების სტატისტიკური ანალიზის თეორია. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არჩევნების ობიექტური და გაყალბებული შედეგები განსხვავებულად გამოიყურება.

2000-იანების ბოლოდან რუსული არჩევნების ყველაზე ცნობილ მკვლევარად ფიზიკოსი სერგეი შპილკინი ითვლება.

მისი თეორიის თანახმად, არსებობს რამდენიმე «ტესტი», რომელიც შესაძლო ფალსიფიცირების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა:

    • უბანზე მაღალი აქტივობის პირობებში კენჭისყრის ლიდერის სასარგებლოდ მიცემული ხმების წილის ზრდა უფრო დაბალი აქტივობის მქონე უბნებზე დაფიქსირებულ შესაბამის წილთან შედარებით. ეს შეიძლება, მეტყველებდეს დარჩენილი გამოუყენებელი ბიულეტენების ჩაყრაზე ლიდერის სასარგებლოდ: ხმების ობიექტური დათვლის პირობებში კენჭისყრის ლიდერისა და სხვა კანდიდატების სასარგებლოდ მიცემული ხმების წილები პროპორციული უნდა იყოს ნებისმიერი აქტივობის პირობებში, - განმარტავენ სპეციალისტები.
    • ხმებისა და აქტივობის მიხედვით საარჩევნო უბნების იმგვარი გადანაწილება, რომ სახეზეა ორი “კლასტერი”: 1) შედარებით დაბალი აქტივობითა და ლიდერისთვის მიცემული ხმების ნაკლები რაოდენობით და 2) ძალზე მაღალი აქტივობითა და ლიდერის მაღალი შდეგებით. ამ შემთხვევაში რეგიონისა და ქვეყნის საშუალო შედეგები ამ ორ “კლასტერს” შორის შუაში შეიძლება, იყოს მოქცეული. და ეს იმის ნიშანი შეიძლება, იყოს, რომ მაღალი აქტივობის მქონე უბნების “კლასტერის” შედეგები იმგვარად იწერებოდა, რომ რეგიონისა და ქვეყნის საშუალო შედეგები ამაღლებულიყო.
    • საარჩევნო უბნებზე (როგორც წესი, მაღალი აქტივობის მქონეზე) განსაკუთრებით ხშირად გვხვდება აქტივობისა და კენჭისყრის შედეგები, რომლებიც 5%-ზე იყოფა, ან განმეორებადი რიცხვის ტოლია. გრაფიკზე ისინი “კბილანებიან” ხერხს წააგავს, - მაგალითად, 65%, 70% და 75%-იანზე, ან რომელიმე რიცხვზე “მიბმულ” ხაზს (მაგალითად, სარატოვის 140 უბანზე სახელმწიფო სათათბიროს 2016 წლის არჩევნებზე მმართველ «Единая Россия»-ს ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 62%-მა მისცა. ეს შეიძლება, იმის ნიშანი იყოს, რომ საარჩევნო კომისიები ცდილობდნენ, შედეგები მათთვის ცნობილი რიცხვისთვის მიესადაგებინათ.

რა ხდებოდა ამჟამინდელ კენჭისყრაზე?

სერგეი შპილკინმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ სამივე “ტესტით”, ამჟამინდელი საყოველთაო კენჭისყრა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე მეტად ფალსიფიცირებული იყო:

  • რეგიონების ნახევარზე მეტში, საკმაოდ ბევრ საარჩევნო უბანზე 50%-იანი აქტივობიდან დაწყებული, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიმცემთა რაოდენობა მოწინააღმდეგეთა რიცხვზე აშკარად უფრო სწრაფად იმატებდა.
  • ხმებისა და აქტივობის გადანაწილების გრაფიკზე მკაფიოდ ჩანს ორი კლასტერი: 1) საკონსიტუციო ცვლილებების მხარდამჭერთა 45-60%-იანი აქტივობისა და მოწინააღმდეგეთა 35%-იანი აქტივობის ირგვლივ; 2) საკონსიტუციო ცვლილებების მხარდამჭერთა 80-100%-იანი აქტივობიდან 70-100%-იანამდე. ქვეყნის მასშტაბით საშუალო შედეგი — დაახლოებით 65%-იანი აქტივობა და 77%-იანი მხარდაჭერა - მხოლოდ ერთეულმა საარჩევნო უბნებმა აჩვენეს. გრაფიკზე ამ ნაწილში ერთი მჭიდრო ლაქაა – ყაზანის შედეგები.

  • ორი კლასტერი და მაღალი აქტივობის მქონე საარჩევნო უბნებზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მიცემული ხმების არაპროპორციული ზრდაა დაფიქსირებული, მათ შორის, მოსკოვშიც, სადაც წინა რამდენიმე არჩევნებზე ოფიციალური მონაცემები შედარებით რეალისტურად გამოიყურებოდა. ეს სავარაუდოდ, ამჟამინდელი კენჭისყრის თავისებურებების ხარჯზე გახდა შესაძლებელი: იგი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხმების დიდი რაოდენობა დისტანციურად – დამკვირვებლების მონიტორინგის არარსებობის პირობებში იქნა მიცემული.

  • და ბოლოს, გადანაწილების გრაფიკი გამოიყურება, როგორც ხერხი დიდი “კბილანებით”, რომელიც 65, 70, 75, 80, 85 და 90%-იან აქტივობას შეესაბამება. ამ მაჩვენებლით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ კენჭისყრამ მიმდინარე საუკუნის ყველა წინა არჩევნებს გადაუსწრო.

რას ნიშნავს ეს? რეალურად, რუსეთის მოქალაქეებმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს?

თუ შპილკინის მოდელს დავუჯერებთ, რეალურად, პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა საარჩევნო უბნებზე მისულთა ან/და ელექტრონული კენჭისყრის მონაწილეთა (ოფიციალურად გამოცხადებული შედეგი – 77,92%-იანი მხარდაჭერა) 65%-მა მისცა. მოსახლეობის რეალურმა აქტივობამ დაახლოებით 45% (ოფიციალურად — 67,97%) შეადგინა.

ამგვარად, საკონსტიტუციო ცვლილებებს არა ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა მოქალაქის 52,95%-მა ანუ 57,7 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, როგორც რუსეთის ცსკ ირწმუნება, არამედ მხოლოდ 30%-მა (32 მილიონმა). შესაბამისად, საქმე გვაქვს 20 მილიონზე მეტ “მიწერილ” ხმასთან...

ახალი ამბები

სხვა სიახლეები