პუტინის “დიდი განულების” ეპოქის კანონები: “თანამოაზრეობის” კონსტიტუცია და რეპრესიული ნორმების გაძლიერება

10-07-2020 17:45:26

არის რაღაც სიმბოლური იმაში, რომ პირველივე დოკუმენტად, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში პრეზიდენტ პუტინის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიღების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა, იქცა კანონპროექტთა პაკეტი არა, მაგალითად, მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების, არამედ კანონმდებლობის რეპრესიული ნაწილის გაძლიერების მიმართულებით. ამგვარი კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, მათ შორის, ექსტრემიზმის შესახებ ავადსახსენებელი მუხლის გაფართოებას გულისხმობს, სამივე მოსმენით უკვე ივლისის ბოლომდე იქნება მიღებული.

რუსეთისგან ნებისმიერი ტერიტორიის გაუცხოების აკრძალვის შესახებ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე დაყრდნობით ხსენებული პაკეტის ავტორები, არსობრივად, დანაშაულად აცხადებენ კრემლისგან განსხვავებულ ნებისმიერ მოსაზრებას რუსეთის საზღვრების თაობაზე: სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე (“ექსტრემისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებები”) მუხლს ავსებენ მეორე ნაწილით – "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" და სასჯელის ზომად 6-დან 10 წლამდე პატიმრობაა შეთავაზებული...

როგორ შეიძლება, დაარღვიოს კერძო პირმა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა – მთლად გასაგები არ არის. სამაგიეროდ სრულიად ნათელია რეპრესიული გამოყენების თვალსაზრისით სხვა შეთავაზებული სიახლეები, რომლებიც პაკეტის თანაავტორმა – საკანონმდებლო კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კრასიკოვმა დააანონსა: მოწოდებებისთვის, რომელშიც ხელისუფლებამ შეიძლება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო აგიტაცია ამოიკითხოს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება, რიგითი მოქალაქეებისთვის - 30-დან 60 ათას რუბლამდე, თანამდებობის პირთათვის - 60-დან 100 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის კი 200-დან 300 ათას რუბლამდე ოდენობით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული 4 წლამდე პატიმრობის სახით.

“ექსტრემიზმის შესახებ მუხლის გამოყენების სავალალო პრაქტიკის გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან იგივე ყირიმის ანექსიის საკითხზე კრემლის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრება ადვილად გადაიქცევა ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საბაბად როგორც კერძო პირების, ისე იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც 2014 წლიდან დღემდე ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების ინიციატივით გამოდიან” – თვლის რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფეოდორ კრაშენინნიკოვი .

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს მხოლოდ 1993 წლის ძირითადი კანონის ტექსტში შესატანი ცვლილებები იქნა მიღებული, ძველი კონსტიტუცია მასში დეკლარირებული ყველა ლიბერალური ნორმითა და სამოქალაქო უფლებებით ფაქტობრივად გაუქმდა და ქვეყანამ ახალი – პუტინისეული “თანამოაზრეობის” კონსტიტუცია მიიღო.

“ნათელია, რომ ხელისუფლება არავითარ კომპრომისსა თუ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, არ არის მზად კურსის კორექტირებისთვის, მუხედევად იმისა, რომ ხედავს მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის უკმაყოფილებას. ყველა გამოწვევაზე კრემლის პასუხი ერთია – სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გაძლიერება და ახალი რეპრესიებისთვის სივრცის გაზრდა” – თვლის პოლიტოლოგი.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრის დასრულებისთანავე სენატორი ალექსეი კონდრატიევი გამოვიდა ინიციატივით, სამშობლოს მოღალატეებად გამოეცხადებინათ და დაესაჯათ ყველა, ვინც ამ პლებისციტის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა.

“მსგავსი მოწოდებების ანტიკონსტიტუციურობის მიუხედავად, განსხვავებული აზრის კრიმინალიზაციის იდეა კრემლში აშკარად მოეწონათ. შესაბამისად, სახელმწიფო სათათბიროსთვის წარდგენილი პაკეტი, მაღალი ალბათობით, უკანასკნელი არ იქნება. ამგვარად, მდგომარეობის გაუარსება რუსეთში ტემპს იკრებს და ახალი კონსტიტუციის მიღებიდან გასული პირველივე დღეები ყველა ეჭვს სპობს იმის თაობაზე, რა მიმართულებით მიჰყავს და წაიყვანს ქვეყანასა და საზოგადოებას ვლადიმირ პუტინი” – დასძენს ფეოდორ კრაშენინნიკოვი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები