«აფხაზეთი თავად წყვეტს, ვისთან იმეგობროს და ეს არჩევანი სადღეისოდ რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის»

12-07-2020 18:38:20 კონფლიქტები

აფხაზეთში ახალი სკანდალი გორდება. მზარდი საპროტესტო კამპანიის მიზეზად რუსეთში მოქმედი პარტიის «სიმართლისთვის» პროგრამის თეზისები იქცა, კერძოდ, მათი ის ნაწილი, რომელშიც პარტიის ლიდერი — ახლო წარსულში აღმოსვლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის აქტიური მონაწილე, მწერალი ზახარ პრილეპინი რეფერენდუმის ჩატარების გზით აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში სასწრაფოდ მიღების ინიციატივით გამოდის.

ამ თემაზე საკმაოდ ხისტი ფორმით უკვე გამოთქვეს საკუთარი შეფასებები სხვადასხვა აფხაზურმა პარტიებმა, პარლამენტმა და საგარეო უწყებამ.

ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც რუსი პოლიტიკოსები და ზოგიერთი მედიასაშუალება თავს აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემის ტირაჟირების უფლებას აძლევენ. ყველაზე ხშირად მსგავსი პუბლიკაციები რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინ ჩნდება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამგვარი მეთოდებით რუსეთი რესპუბლიკის «კუთხეში მიმწყვდევასა» და მაგალითად, ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის საზიანო რაიმე მორიგი დოკუმენტის მიღების იძულებას ცდილობს...

«იმის მიუხედავადაც კი, რომ მსგავსი გამონათქვამები თავისთავად წარმოადგენს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დევნის საგანს, რუსეთში არავინ ჩათვალა საჭიროდ, რაიმე ტიპის რეაგირება მაინც მოეხდინა არა უბრალოდ სიტყვებზე, არამედ პოლიტიკური პარტიის მთელს პროგრამაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ორგანოს საიტზეა გამოქვეყნებული... ეს ნათელს ხდის აფხაზეთის სტატუსისადმი რუსეთის ჭეშმარიტ მიდგომას... მთელს ამ პროცესებს მნიშვნელოვანი სარჩული აქვს, რომლის არსის აფხაზი ხალხისთვის განმარტება არავინ ჩათვალა საჭიროდ», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე, პოლიტიკოსი თენგიზ ჯ.

მისივე აზრით, «მსგავსი საუბრების წარმოება დღეს მხოლოდ ბეცებს შეუძლიათ» და ის, რომ «ამას რუსულ ისტებლიშმენთში არავინ მიაქცია ყურადღება, ცუდი ფაქტია».

მსგავსი მოსაზრება აქვს ჩვენს კიდევ ერთ თანამოსაუბრეს — ანალიტიკოს არტურ ჩ.-საც:

«როგორც ცნობილია, რუსეთში ხშირად იყენებენ ფანდს, როცა რომელიმე ცნობილი ან პირიქით, ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ორგანიზაცია თუ «მოღვაწე» რაღაც იდეის დეკლამირებას იწყებს, მერე კი მას ხელისუფლების წარმომადგენლებიც იტაცებენ. ისე არ მოხდეს, რომ პრილეპინის მიერ დეკლამირებული თეზისები დიდი და სერიოზული თამაშის დასაწყისი აღმოჩნდება, რომელიც აფხაზეთს ძალზე ძვირად დაუჯდება - შესაძლოა, დამოუკიდებლობის ფასადაც კი».

აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი ილია გუნია პირდაპირ აცხადებს, რომ «[რუსეთთან] სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთის კონსტიტუციაში გაწერილი სტატუსის შეცვლას არ ითვალისწინებს».

ომის ვეტერანთა ორგანიზაცია «არუაას» ხელმძღვანელი თემურ გულია კი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ «[რუსეთში] ცდილობენ, აფხაზეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული, რევიზიას დაუქვემდებარონ».

«იძულებულები ვართ, შევახსენოთ აფხაზეთის ხელისუფლებას, რომ იმისთვის არ გვიომია, იმისთვის არ წავსულვართ სიკვდილზე, რომ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს განადგურების საფრთხის წინაშე», - ამბობს გულია.

პოლიტიკოსები ამ საკითხზე აფხაზეთის პრეზიდენტის მონაწილეობით ღია საპარლამენტო მოსმენის ჩატარებას მოითხოვენ. ყველა ჩვენი თანამოსაუბრე იზიარებს აზრს, რომ «რუს პოლიტიკოსებს სხვადასხვა გამოხტომები მეტისმეტად დიდხანს ეპატიებოდათ, რის გამოც ისინი ტაბუდადებულ თემასაც გადასწვდნენ».

აღსანიშნავია, რომ როცა მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ამერიკის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ამასწინანდელ კენჭისყრასთან დაკავშირებით, საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა სასწრაფოდ მოუწოდა აშშ-ს, «არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში». ამასთან, საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დააზუსტა, რომ «ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს საკუთარი შიდა, საგარეო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული პოლიტიკის წარმოების უფლება». და ეს ყველაფერი იყო რეაქცია ამერიკელთა მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ შენიშნვაზე... აფხაზეთის შემთხვევაში კი საუბარია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსზე, რომლის განულებაც მთელს რუსულ პარტიას სურს, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანო არ თვლიან საჭიროდ, აფხაზეთის მოსახლეობას რაიმე განმარტება მაინც მისცენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ბოდიშის მოხდაზე...

რუსეთში კი ამასობაში გლობალური რეფორმების პერიოდი დაიწყო. რომლის და რა მიზნით — საინტერესო კითხვაა და ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აქვს საერთო აფხაზეთთან. მაგრამ საინტერესო აი, რა არის: მსოფლიოს ამ მსხვილ სახელმწიფოში (რომელშიც დემოკრატია — ეს ქვეყნის ყოფის დეკლარირებული, მაგრამ არარეალიზებული პრინციპია), მოულოდნელად მოუხშირეს საუბარს მცირე მეზობელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობაზე. შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში მოვლენათა მსგავსი განვითარება ვინმეს ახარებდეს კიდეც (ისინი ხომ დიდი ხანია, იხვეწებიან, რუსეთის შემადგენლობაში მიგვიღეთო), მაგრამ აფხაზეთისთვის ეს ტაბუდადებული თემაა. მიერთება ერთ მწკრივში ჩააყენებდა აფხაზეთს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან, რომელთაც რუსეთმა უკვე დიდი ხანია, გაუვლო წითელი ხაზი და მისი გადაკვეთა (განვითარება, დახვეწა, კეთილდღეობა) მათთვის აკრძალულია.

აი, ამითაა საშიში «აღსარებები» ათასგვარი პრილეპინებისა, რომლებიც, არსობრივად, აფხაზეთს სტრატეგიულ პარტნირად არასოდეს თვლიდნენ. და რაკი ჩვენი მეგობრული მეზობელი ასე ალაპარაკდა, მან უნდა იცოდეს, რომ აფხაზ ხალხს ძალუძს, თავად გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს სამომავლოდ, ვისთან იმეგობროს, აშენოს თანასწორუფლებიანი ურთიერთობები. და ეს არჩევანი სადღეისოდ რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის..

მადინა ადლეიბა

______________________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_____________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები