სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე და სტრატეგიულ ობიექტებთან რუსების გამოჩენის რისკი

17-07-2020 18:42:43 კავკასია ,ანალიზი

საქართველოდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისის შეტაკებებიდან მოყოლებული დაძაბულობის ტემპერატურა არ იკლებს: გამოიყენეს არტილერია, ნაღმმტყორცნები, ტანკები, მხარეები ერთმანეთის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვით ემუქრებიან, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კი ქვეყნები ერთმანეთს აკისრებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო. თუმცა, უკანასკნელი შეტაკებები მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში მოხდა, რაც იშვიათია და ეს 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტაკებაა.

„უფრო რთული, ვიდრე, ქართულ–რუსული კონფლიქტი“

„ქართულ მედიასივრცეს რომ გადაავლო თვალი, შეიძლება, ვერც გაიგო, რომ იქ საერთოდ რამე ხდება: ამაზე ძალიან ცოტას საუბრობენ, ცოტა საექსპერტო მოსაზრება ისმის და თავად ჩვენი – სახელმწიფოს პოზიციაც ცოტა გაუგებარია“,– ამბობს „აქცენტთან“ საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

მისი დაკვირვებით, „ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, ერთგვარი ონტოლოგიური მდგომარეობაა:

„მათ შორის ლამის საუკუნოვანი კონფლიქტია – ეს კონფლიქტი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც არსებობდა, უბრალოდ, მიძინებული იყო. ეს არის საკმაოდ მრავალშრიანი და იმაზე გაცილებით რთული კონფლიქტი, ვიდრე ჩვენ გვაქვს რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან: სომხური და აზერბაიჯანული ეროვნული პროექტები ცალსახად მეორე მხარის მიმართ წმინდა ანტაგონისტურ დამოკიდებულებაზეა დაფუძნებული და აქ მხოლოდ იმაზე არაა საუბარი, ვის ეკუთვნის მთიანი ყარაბაღი. პლუს, ორივე ქვეყანაში არსებობს მყიფე პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც ამ კონფლიქტის არსებობით იკვებებიან და მოწინააღმდეგე მხარის დეჰუმანიზაციის ფონზე თაობებს ზრდიან: ნებისმიერ სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს ძალიან გაუჭირდება, ილაპარაკოს ნდობის აღდგენაზე, მშვიდობაზე, პროცესების დარეგულირებაზე, ერთობლივ კონტროლზე, რადგან ყველა პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ამას იტყვის, საზოგადოებაში აქტუალობას დაკარგავს, იმდენად ენდემურ დონეზეა გამჯდარი ურთიერთ ანტაგონიზმი, განსაკუთრებით აზერბაიჯანში: დამარცხებულის კომპლექსი უფრო მძიმეა, ხოლო პოლიტიკური რეჟიმი უფრო ჩაკეტილი“.

  • ამდენად, გობრონიძის ხედვით, ხსენებულ კონფლიქტს ორი განზომილება აქვს:
  • ისტორიულ– კულტურული;
  • სამხედრო, ტაქტიკური, სტრატეგიული და ეკონომიკური.

რატომ უნდა აშფოთებდეს საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე პროცესები?

„ვხედავთ, რომ დაპირისპირების არეალი ყარაბაღს ძალიან გასცდა – საქართველოდან რამოდენიმე ათეულ კილომეტრში მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები და ის მიმდინარეობს რეგიონში, სადაც საქართველოსთვის, თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გადის: ბაქო–ერზრუმისა და ბაქო–ჯეიჰანის მილსადენები და რკინიგზა“,– განმარტავს გობრონიძე და დასძენს, რომ ნებისმიერი ომი სამივე ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება:

  • დაპირისპირების არეალში თავმოყრილია საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი ობიექტები;
  • სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნებისმიერი დაპირისპირების ესკალაცია საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ნეგატიურად აისახება, რადგან ომი რეგიონში არასტაბილურობას ზრდის;
  • თუ რეგიონი დანახული იქნება როგორც 90–იანი წლების კავკასია, სერიოზულ ინფრაქტრუქტურულ, ეკონომიკურ, საინვესტიციო პროექტებზე საუბარი აღარ იქნება. შესაბამისად, სამივე ქვეყანა რამოდენიმე ათეული წლით დაიხევს უკან;
  • არსებობს რუსი „სამშვიდობოების“ გამოჩენის შესაძლებლობა, მათ შორის საქართველოსთვის სტრატეგიულ ობიექტებთან.

„კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით თურქული პოზიცია ძალიან მკაფიო ხდება: თურქეთის ინტერესში არანაირად არაა, ეს კონკრეტული მონაკვეთი რუსეთის ან სომხეთის ხელში აღმოჩნდეს, ან არეალში რუსი სამშვიდობოები გამოჩნდნენ: ამ შემთხვევაში რუსეთს თურქეთზე, იგივე საქართველოსა და აზერბაიჯანზეც ზემოქმედების დამატებითი ბერკეტი გაუჩნდება. შეიძლება, ეს ყველაფერი აქეთკენაც მიდის, რომ ვითარების ესკალაციის ფონზე საერთაშორისო მისიაში რუსები სწორედ ამ ადგილზე გამოჩნდნენ – ამის გამორიცხვაც არ შეიძლება“.

შეტაკებების ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაზრდის შემთხვევაში კი დადგება საკითხი, რა მიმართულებით წავლენ დევნილები, საქართველოს რა როლი ენიჭება პროცესში და რა პოზიცია უნდა დაიკავოს მან?

„პრინციპში, უკვე ის დროა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი სრულად იყოს ჩართული, რათა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოხდეს, ვინიცობაა, რუსეთს დამატებითი სამხედრო ტვირთის გაგზავნა მოუხდეს სომხეთის მიმართულებით და ჩვენი ტერიტორია ამისთვის არ იქნეს გამოყენებული; დროა, კონსტრუქციული საუბარი გვქონდეს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომ ამ შემთხვევაში არ გვინდა, მხარე დავიკავოთ და რა თქმა უნდა, ორივე მხარესთან უნდა გვქონდეს ინტენსიური დიალოგი და მოვუწოდებდეთ, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუნდაც თბილისში: დღეს ჩვენ უნიკალური შანსი გვაქვს, ეს გამოსავალი პარტნიორებს შევთავაზოთ და ამას რატომ არ ვაკეთებთ? მით უფრო, რომ არასამთავრობოებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის ორივე ქვეყნიდან, თბილისი ერთ–ერთი საყვარელი შეხვედრის ადგილია“,– ამბობს ანალიტიკოსი და სვამს კითხვას, რატომ არ აქვს საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იმგვარად გაშლილი, რომ ორივე მხარეს შორის მშვიდობიანი დიალოგის მხარდაჭერა დავაფიქსიროთ და მეორე – ჩვენი პლატფორმა შევთავაზოთ დიალოგის საწარმოებლად.

„მშვიდობისმყოფელი“ რუსეთი

საინტერესოა რუსეთის თამაში, რომელიც ათწლეულებია, კარგად იყენებს ამ კონფლიქტის როგორც ისტორიულ–კულტურულ, ისე პრაგმატულ განზომილებებსაც,– ამბობს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ რუსეთი სომხეთს „დაცულობის“ განცდას აძლევს, აზერბაიჯანს კი შეტევითი პოტენციალის ქონისას:

„რუსეთი პოზიციონირებს, როგორც სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე; სომხეთშია ორი რუსული სამხედრო ბაზა; ქვეყანაში წარმოდგენილია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, რომელიც სომხეთ–თურქეთისა და სომხეთ–ირანის სახელმწიფო საზღვრებს უწევს მონიტორინგს, მეორეს მხრივ – რუსეთი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აზერბაიჯანის შეიარაღებას: ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეტევითი შეიარაღება იყიდება რუსეთიდან აზერბაიჯანში. თუ ერთ მხარეს დაცულობის განცდას ვაძლევ, მეორეს – შეტევითი პოტენციალისას, გამოდის, რომ ვახდენ ომის კატალიზაციას: თოფი, რომელიც სპექტაკლის დასაწყისში კედელზე ჰკიდია, სპექტაკლის ბოლოს აუცილებლად ისვრის. სწორედ ამ თობის გასროლის საფრთხეა დღეს. ამ რეგიონში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე ყოველდღეა მანამ, სანამ აზერბაიჯანის ტერიტორიები დაკარგულია, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი ვერაფერზე ლაპარაკობენ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები