ბავშვები, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკურ ბრძოლაში

20-07-2020 16:28:00 ანალიზი

საარჩევნო კამპანიაში ბავშვების (როგორც პოზიტივის, მომავლის სიმბოლოს) ჩართვის პროცესი საქართველოში ჯერ კიდევ 1990 წლიდან იწყება და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება თუ ვიმსჯელებთ სოციალურ ქსელში უკვე გამოჩენილი ფოტოებით.

თავად ბავშვების პროცესებში ჩართვას კანონი არ კრძალავს, მაგრამ აქ მთავარი საკითხია, თავად პოლიტიკოსებს რა სურთ ბავშვებისგaნ: გააგონონ მათი ხმა საზოგადოებას, თუ გამოიყენონ ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის?

მაგალითად, ფსიქოლოგ მაია ცირამუას პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი აქტივობები ცნობილ საბჭოთა პლაკატებს ახსენებს.

ფსიქოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ პროცესში, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს უშუალოდ ბავშვის გადაწყვეტილებაა, მასთან შეთანხმებული და ეს არის ბავშვის ხმა. ხოლო, სადაც ეჭვი ჩნდება, რომ ბავშვი შეიძლება, იყოს მანიპულაციის ობიექტი, გამოყენებული უფროსის მიერ პიარისთვის, ბუნებრივია, არასასურველია და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უფროს ადამიანს: ვინც მსგავს აქტივობას გეგმავს, ახორციელებს, ვისაც ბავშვი მსგავს ღონისძიებაზე მიჰყავს და ა.შ.:

„ყოველთვის მახსენდება ჩემი ბავშვობის დროინდელი ფოტო „ლენინი და ბავშვები“. ბავშვის საშუალებად გამოყენება და იმის ჩვენება, რომ „მე ბავშვები მიყვარს, მათზე ვზრუნავ“, ძალიან უხერხული სპეკულაციამგონია. ბავშვები რომ არ უყვართ ამ ქვეყანაში, ეს ძალიან ბევრ რამეში ჩანს, მათ შორის იქიდან, თუ რა სახის სერვისები გვაქვს მათთვის, როგორი ყოფა აქვთ ბავშვებს, როგორ ზრუნავს სახელმწიფო, ძალადობის მაჩვენებლიდან, ბავშვთა სიღარიბიდან – გაერო–ს ბავშვთა ფონდის კვლევებიდან. ამდენად, ეს მართლაც ძალიან უხერხული სპეკულაციაა. პირადად ჩემთვის იწვევს დრომოჭმულ, საბჭოთა გადმონაშთის ასოციაციას. ბავშვი საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო მსგავსი სპეკულაციის ობიექტი და ეს უნდა დამთავრდეს. თუ ბავშვი გვიყვარს, თუ მათზე ვართ ორიენტირებულები, ეს საქმეში ვაჩვენოთ და არა საარჩევნოდ ბავშვის ინსტრუმენტად გამოყენებაში“.

ფსიქოლოგი პრობლემად აღიქვამს, რომ საარჩევნო აქტივობებში ბავშვის ჩართულობა მაღალი ალბათობით, უფროსის გადაწყვეტილებაა:

„ეს სავარაუდოდ, არ არის ბავშვის არჩევანი და არის უფროსების გადაწყვეტილება. ნაკლებად მგონია, რომ ამის შესახებ ბავშვებს ესაუბრებოდნენ და ეს პირადად ბავშვის გადაწყვეტილება იყოს. ანუ, ერთმნიშვნელოვნად, ბავშვი უკვე მანიპულაციის იარაღია, საშუალება, როდესაც მას მსგავსი ტიპის აქტივობებში იყენებენ“.

ფსიქოლოგი პრობლემას იმაშიც ხედავს, რომ პოლიტიკურ აქტივობებში ბავშვის ჩართვა საქართველოს მსგავს პოლარიზებულ გარემოში, გაგრძელებას შემდეგ ბავშვის პირად ცხოვრებაში ჰპოვებს – სკოლაში, ეზოში:

„პირადად მეც მსმენია არაერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც რომელიმე ბავშვი შეიძლება, დაცინვის ობიექტი გახდეს, როდესაც ის მხარს ერთი შეხედვით, არაპოპულარულ, დემონიზებულ კანდიდატს უჭერს. ანუ, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოება, პოლარიზებული ხდება ბავშვთა ჯგუფები“.

ფსიქოლოგი უფროსებს შეახსენებს, რომ ნებისმიერი აქტივობისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ხოლო როდესაც ეს პრინციპი ვერ სრულდება და ბავშვი ძალაუნებურად შეიძლება, აღმოჩნდეს დაპირისპირებაში, პოლარიზებულ ურთიერთობებში, ეს არაა სასურველი.

„პარტნიორობის ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე იურისტი ანა აბაშიძეც პრობლემად აღიქვამს, რომ „პოლიტიკოსები ბავშვებს იყენებენ მანიპულაციისთვის, იფარებენ ფარად, მათ შორის იყენებენ ბავშვების მშობლებს, როგორც უფლების გამცემებს, რომ ბავშვები პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ ჩართულები, რაც ამორალურია“ და იურისტის აზრით, აქეთკენ მიმართული კრიტიკა სწორია:

„თუ საკითხს ბავშვების პერსპექტივიდან შევხედავთ – აქვთ თუ არა მათ, გამოხატონ მათ შორის პოლიტიკური აზრები, პასუხი არის – დიახ – მათ აქვთ უფლება, გამოხატონ პოლიტიკური აზრები, მათ შორის ნებისმიერი ფორმით. მაგრამ ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, საკითხს პოლიტიკოსთა კუთხიდან შევხედოთ: რატომ იყენებენ ისინი ბავშვებს და გასულმა წლებმა რა გვიჩვენა? მათი მხრიდან ბავშვებზე აქცენტი არის კეთილშობილური მიზანი, რომელიც უნდა გულისხმობდეს სამომავლოდ ბავშვებზე ორიენტირებულ პოლიტიკას, თუ ეს არის ამომრჩეველზე გათვლილი პოლიტიკური ინსტრუმენტი, პრაქტიკულად, ბავშვების განვითება? – ბავშვთა სახეებით და მდგომარეობით მანიპულირებენ, რათა შექმნან საკუთარი ჰუმანური ავტორიტეტი და იმიჯი – მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა, მით უფრო, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში პრაქტიკაში არასდროს გვინახავს რეალურად ბავშვზე ორიენტირებული პოლიტიკის კეთება. ბუნებრივია, მოლოდინი იმისა, რომ ეს არის კიდევ ერთი ფარსი, რომელიც შეიძლება, პოლიტიკურად დაინტერესებულმა პირმა გამოიყენოს, მიუღებელია და ვიმეორებ, რეალურად ნიშნავს, ბავშვების აფარებას, ამომრჩევლის სენტიმენტებზე თამაშს, რომელსაც ცხადია, არჩევნების მეორე დღესვე ივიწყებენ – ამას ჩვენი გამოცდილება და წარსული გვალაპარაკებს. თუ ამას ადამიანები შეცვლიან და რეალურად ილაპარაკებს ბავშვებზე, მათ შორის ბავშვებთან ერთად და შემდგომ ამ ბავშვებისთვის არსებითად შეცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ, ცხადია, ეს თავისთავად ცალკე აღებული, პრობლემა არ იქნებოდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები