მრჩეველი მოზარდები: რეალურად რა სურთ ბავშვებს?

20-07-2020 18:40:21 ინტერვიუ

ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ბავშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მათ არავინ უსვამს კითხვას, რა სურთ, რა პრობლემების აწყდებიან ყოველდღიურობასა თუ სახელმწიფო სისტემებთან შეხებისას, როგორ ესახებათ დაძლევის გზები ... როგორც წესი, უფროსებს სჯერათ, რომ მათ უკეთ იციან, მაგრამ ყოველწლიურად ბავშვთა უფლებების კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების სიმრავლე, მათ შორის სიღარიბე, ძალადობა, განათლების სისტემა ... მსგავს შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

საინტერესოა, რომ მათ შორის ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) გადაწყვიტა, ბავშვებს პლატფორმა შეუქმნას, საიდანაც სწორედაც რომ მათ ხმას გაიგებთ, ხოლო უფროსები რჩევებს მიიღებენ. ირკვევა, რომ საქართველო მსგავსი პრაქტიკით არაა განებივრებული, ბავშვთა კონვენცია კი ითხოვს – მოუსმინონ ბავშვებს.

ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭო 10–დან 17 წლამდე ასაკის 15 მოქალაქეს მოიცავს, ხოლო აქტიურ მუშაობას სექტემბრიდან შეუდგება.

ეს ჩვენი მხრიდან სამოქალაქო სექტორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური მცდელობაა: ჩვენ ვმუშაობთ ბავშვთა უფლებებზე, მაგრამ არ უნდა ვიმუშაოთ მათ გარეშე,– ამბობს „აქცენტთან“ ორგანიზაციის იურისტი ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე: აუციელებელია, ნებისმიერი სუბიექტი – იქნება ეს არასამთავრობო, თუ სამთავრობო, ბავშევბზე მუშაობის დროს, პირველ რიგში, ბავშვებს უსმენდეს და ბავშვის მონაწილეობით გააკეთოს ყველაფერი. ჩვენ გვინდა, დანავახოთ ადამიანებს, რომ ეს უსერიოზულესი საკითხია – ბავშვები თანასწორი მოქალაქეები არიან და ჩვენ პირდაპირ ვაჩვენებთ მათ, ვისაც ამის არ სჯერა, რომ ბავშვებთან თანამშრომლობა უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მათ გარეშე მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ამისა, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ კონვენციის მთავარი პრინციპის განხორციელებას, რომელიც ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, საკითხი, რომელიც ბავშვს ეხება, უნდა გადაწყდეს ბავშვის მონაწილეობით და ბავშვის აზრის გათვალისწინებით. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მრჩეველთა საბჭო PHR–ის განუყოფელი ნაწილი გახდეს – ეს არ არის ერჯერადი პროექტი: საბჭოს შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება. საბჭო 15 ბავშვისგანაა დაკომპლექტებული – არიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ისე ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, არა მხოლოს PHR–ის საქმიანობაზე, არამედ ქვეყანაში ბავშვებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, შეიმუშაონ რეკომენდაციები, მონაწილეობა მიიღონ მსგავს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროცესებში. ჩვენ კი მათ ამაში ხელს შევიწყობთ.

რეალურად, ჩვენ შევქმენით მრჩევლების პლატფორმა. ჩვენს შორის თანასწორუფლებიანი სამუშაო ურთიერთობაა და არა სუბორდინაციული; მათი აქტიურობა წახალისებულია; ხოლო იდეები მისაღები და განხორციელებადია.

როგორც ვიცი, დღეს პირველი შეხვედრა გქონდათ. გამოიკვეთა ისეთი საკითხი, რისთვისაც აქამდე არ მიგიქცევიათ ყურადღება და ბავშვებმა დაგანახეს?

დღეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. განვიხილეთ საბჭოს მუშაობის ტექნიკური ნაწილი, გეგმები და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღესაც იყო რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი – ვგულისხმობ მათ საინტერესო იდეებს, ერთად რისი გაკეთება შეგვიძლია. გვგონია, რომ ამ საკითხებზე ვფიქრობთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისე ვერ ვიფიქრეთ, როგორც მათ გვითხრეს: მაგალითად, როგორ შეიძლება, ვიმუშაოთ პროფესიულ ეთიკებზე, რომელიც მიემართება მათ შორის პედაგოგებს, მანდატურის სამსახურს, მოსამართლეებს, ადვოკატთა ეთიკას, რომ უკეთ იყოს დაცული ბავშვთა ინტერესები. იყო ფანტასტიური იდეა და ღონისძიებები დავგეგმეთ.

გამოკვეთეს პრობლემური საკითხები, რაც მათ აღელვბთ, თუმცა ეს საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება?

უნდა ვთქვა, რომ საბჭოს შემადგენლობა ღია კონკურსით შეირჩა. თავად კონკურსის შესახებ ბავშვებმა ჩვენი Facebook–გვერდიდან გაიგეს: არსებობდა აპლიკაცია, რომელიც მათ უნდა შეეცვსოთ. ამ აპლიკაციაში ერთ–ერთი შეკითხვა იყო, „რას მიიჩნევენ პრობლემად ქვეყანაში ბავშვთა უფლების თვალსაზრისით“ და მეორე – „რას და როგორ შეცვლიან, თუ აღმოჩნდებიან საბჭოს წევრები?“. ამდენად, ამ საკითხზე ბავშვებისგან წინასწარაც მივიღეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ისინი საუბრობენ გამოწვევებზე: სკოლაში არსებულ ვითარებაზე, სიღარიბის პრობლემაზე, ძალადობაზე, სხვადასხვა უმცრესობების მიმართ გარიყულობაზე... მათ აქვთ საკუთარი იდეები, როგორ შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ სხვა ბავშვების დახმარებაში. ამდენად, წინ ძალიან საინტერესო პროცესი გველის.

მრჩევლების შერჩევისას თბილისით შემოიფარგლეთ?

იმ მიზნით, რომ საბჭოში ყველანაირი გამოცდილების მქონე, ყველა ტიპის იდენტობის ბავშვი მოხვედრილიყო, კვოტა გვქონდა დაწესებული: იყო კვოტები რეგიონებში, თბილისში, თბილისის შემოგარენში მაცხოვრებელი და შშმ ბავშვებისთვის. ამდენად, საინტერესო განფენილობა გვაქვს: გვყავს მრჩევლები პანკისიდან, ზუგდიდიდან, ოზურგეთიდან, რუსთავიდან, თბილისიდან და ა.შ.

მესმის, რომ დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გქონდათ, მაგრამ სურათს ფართოდ რომ შევხედოთ, განსხვავდება მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები ერთმანეთისგან, თუ საქართველო „იკითხება“?

ძირითადი მსხვილი პრობლემები, რომელიც უკავშირდება უსაფრთხო გარემოს, სოციალურ დაცვას, არაძალადობივ კომუნიკაციას, ხარისხიან განათლებას, თანასწორობას – ყველა მათგანის მიერ იქნა დასახელებული. პრობლემების შესახებ მათი თვალთახედვა პრაქტიკულად ერთმანეთს ძალიან ემთხვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გამოსავლის გზები სხვადასხვანაირია – ეს ბავშვები ძალიან ყოჩაღები და იმედის მარცვლები არიან.

და ბავშვებმა ყველაზე მტკივნეულად რა საკითხები გამოყვეს?

უმეტეს შემთხვევაში ისინი წუხან განათლების სფეროში სეგრეგაციაზე, ბავშვების ჩაგვრაზე, ძალადობრივ კომუნიკაციაზე, როგორც თანატოლების, ისე სრულწლოვანი ადამიანების მხრიდან, მათი აზრის გაუთვალისწინებლობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები