
რა სახის დაავადებებია საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული – საქსტატის მონაცემები
31/07/2020 08:16:30 საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 11.0%–ით შემცირდა.
ინფორმაციისთვის: ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.
საქსტატის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, შარშან პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა შემცირდა 7.4%–ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების – 13.5%–ით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 12.3%–ით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების – 21.6%–ით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 0.3%–ით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 30.3%–ით, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები შემცირებულია 36.4%–ით.
ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ორი წელია, საქართველოში 15 წლამდე გოგონებს შორის აბორტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
2019 წელს ქვეყანაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის 21 600 ფაქტი აღირიცხა, რაც 1 100-ით ნაკლებია 2018 წლის მონაცემზე.
15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის ბოლო ფაქტი 2017 წელს დაფიქსირდა. 15-19 წლის ასაკის გოგონებში კი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება გასულ წელს 450-მა მათგანმა მიიღო. წინა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 510 იყო.
2019 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი – 20 973 აბორტი 20-44 წლის ასაკის ქალებზე მოდის.