
საიდან ცდილობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები Covid 19-ის ვაქცინის მოპარვას
07/08/2020 13:00:58 ანალიზი
მსოფლიოს მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გამალებით მუშაობენ. იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შედეგი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული-Covid 19 ხომ არსად წასულა, კვლავ ინფიცირდება ათიათასობით ადამიანი, დგება გარდაცვალების ფაქტები, მსოფლიო ეკონომიკა არნახულ კრიზისს განიცდის.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ, ვაქცინაზე 30 ლაბორატორია მუშაობს. მათ შორის არიან როგორც სახელმწიფო ასევე კერძო კომერციული ორგანიზაციები. ფაქტობრივად ყველა თანხმდება, რომ საერთო საქმე კეთდება, რადგან რომელმა ქვეყანამაც არ უნდა აწარმოოს ვაქცინა, შესყიდვა მრავალი სახელმწიფოს მიერ მოხდება. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა, როგორც ჩანს, კაცობრიობის ამ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებაზე ხელი არ „მოუწერია“ რუსეთს, რომელიც ახლახან საკმაოდ არაკეთილსინდისიერ და მავნებლურ მოქმედებაში გამოიჭირეს.
დასავლეთის სადაზვერვო საზოგადოებამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა დასავლეთის ლაბორატორიებზე შეტევა განახორციელა. მიზანი იმ ინფორმაციის მოპარვა იყო, რომელიც ახალი ვაქცინის მონაცემებს შეიცავდა. ანგარიშში პირდაპირ არის დასახელებული ჰაკერული დაჯგუფება Cozy Bear.
ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა დომინიკ რააბმა პირდაპირ და მკაცრად გაკიცხა „რუსული დაზვერვის უხეში მოქმედებები“.
„დღეს მათი კიბერ შეტევები გამოვააშკარავეთ იმათ წინააღმდეგ, ვინც #Covid 19-ის ვაქცინას ქმნის. ამით ისინი პანდემიასთან ბრძოლის სფეროში არსებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანამშრომლობას უთხრიან ძირს.“-განაცხადა მინისტრმა.
რა თქმა უნდა, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთს ამ ჰაკერულ შეტევებთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ამ ჰაკერული ჯგუფის მავნებლური შეტევები და უკანონო ქმედებები არა ერთი ქვეყნის ანგარიშში და გამოძიებაში მოხვედრილა. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები თვლიან, რომ Cozy Bear რუსეთის „ФСБ“-ს დაქვემდებარებაშია, მაშინ როცა მეორე ასეთივე მავნებლური ჯგუფი Fancy Bear „ГРУ“-ს შექმნილია. არსებული ცნობებით, ამ ორ „რუსული დათვს“ შორის ერთგვარი შეჯიბრითობის პრინციპიც არსებობს, ისევე როგორც რუსეთის ამ ორ სპეცსამსახურს შორის.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ბროკენშაირი „ბიბისი“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჰაკერებმა ვაქცინის შემქმნელების IT-სისტემებში სუსტი ადგილები იპოვეს, თუმცა არ დააზუსტა, შეძლეს თუ არა რაიმე ღირებული ინფორმაციის მოპარვა. ასევე, ბროკენშაირმა განაცხადა, რომ დასავლეთის სადაზვერვო თანამეგობრობა 95%-ით არის დარწმუნებული, რომ საქმე ეხება იმ ჰაკერულ ჯგუფს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. „ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ ასეთი განცხადებების გაკეთებისას, არ ვსაუბრობთ ვინმეს შემხებლობის შესახებ მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ასეა. მოცემულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, მათ შორის Cozy Bear-ის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებაც“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან რუსეთის ხელისუფლების მუდმივ ფარისევლობაზეც გააკეთა აქცენტი.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 900 ათასს მიაღწია. მთელი ეს თვეები რუსეთის მოსახლეობა, დამოუკიდებელი მედია და ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლების უმოქმედობაზე, ადამიანების სიცოცხლის გაწირვაზე და უპასუხისმგებლობაზე ხმას იმაღლებენ. როგორც ჩანს, კრემლს სურს ახლა ყველაფერი გააკეთოს, ყველა ხერხით, ოღონდ მოსახლეობის კეთილგანწყობა დაიბრუნოს, რადგან ბოლო გამოკითხვებმაც აჩვენა-პუტინის რეიტინგი სულ უფრო ნულდება. ისევე, როგორც მისი საპრეზიდენტო ვადები განულდა. ამბიციური იმპერიული სურვილები კი უცვლელი რჩება. მაგალითისთვის, შეიძლება ავიღოთ პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის გენდირექტორის კირილ დმიტრიევის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება. მან კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესაძლო შექმნა, 1957 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ხელოვნური თანამგზავრის გაშვების წარმატებას შეადარა. თუმცა, შეძლებენ კი რუსები ასეთი მავნებლური, ქურდული და არა ცივილური მეთოდებით ახლა შორს გაფრენას, ეს ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ვაჟა ონოფრიშვილი