ჯგუფი ბანკიდან მოტყუებით 193 300 ლარს დაეუფლა
14/08/2020 07:25:46 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ სესხების მიღებას.
„დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მუშაობდა ბანკში მიკრო საკრედიტო ექსპერტად და ევალებოდა პოტენციური მსესხებლის იდენტიფიკაცია, ბიზნეს კრედიტის განაცხადების განხილვა, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახდენდა ფიქტიური განაცხადების რეგისტრაციას საბანკო პროგრამაში, უთითებდა გამოგონილ ბიზნეს-საქმიანობას, რაც ვითომდა ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას.
აღნიშნული გზით ბრალდებულები ბანკიდან 193 300 ლარს დაეუფლენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აღნიშნავენ უწყებაში.


