Accentnews.ge
აფხაზეთი 2008-2020: რატომ სუსტდება უკეთესი მომავლის იმედი

აფხაზეთი 2008-2020: რატომ სუსტდება უკეთესი მომავლის იმედი

14/08/2020 10:08:56 კონფლიქტები

12 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. იმ დროიდან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თითქოს გამყარდა, მაგრამ რიგითი მოქალაქეების შეფასებით, მოლოდინი გაცილებით დიდი იყო.

ეს აღიარება რესპუბლიკის ბევრი მკვიდრის მიერ სასწაულად აღიქმებოდა, რომელიც აფხაზეთს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა. დღეს ისინი თვლიან, რომ კეთილდღეობის ხანა არ დადგა, რესპუბლიკა კიდევ უფრო მეტად ჩაეფლო შიდა პრობლემებში, ეკონომიკურად უკიდურესად დასუსტდა და სტაბილური მომავლის იმედი წლიდან წლამდე იკლებს. თუ მოსახლეობის 2008 წლის შეფასებებს დღევანდელთან შევადარებთ, უიმედობის მასშტაბები ნათელია.

სოხუმელი მარიას აზრით, რიგითი ადამიანების ყოფაში არანაირი პოზიტიური ცვლილება არ მომხდარა. «როცა გვაღიარეს, მეგონა, ქვეყანაში ცხოვრება გაუმჯობესდებოდა, რიგითი ადამიანების ყოფა შემსუბუქდებოდა. მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. შესაძლოა, ცალკეული პირები კარგად ცხოვრობენ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ასე, რომ რა მოგვცა ამ აღიარებამ — დღემდე ვერ გამიგია».

47 წლის საიდი კი საერთოდაც, თვლის, რომ რუსეთი აღიარების შემდეგ აფხაზეთს მიზანმიმართულად ასუსტებს და ის ფაქტი, რომ აფხაზეთი მხოლოდ მის ზეგავლენას დაქვემდებარებულმა სახელმწიფოებმა აღიარეს, «დათვურ სამსახურად» შეიძლება, შეფასდეს:

«მეგონა, იქნებოდა რაღაც ცვლილებები, მაგალითად, კანონმდებლობის დახვეწის კუთხით... ზოგადადაც, ბევრს ველოდი ამ აღიარებისგან. მაგრამ თუკი სახელმწიფოს აღმშენებლობა საერთოდ მიდის, ეს ძალიან ნელა ხდება. კარგი მომავლის იმედი კი, რომელიც აღიარებიდან პირველ წლებში არსებობდა, ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად შესუსტდა. გულწრფელად რომ ვთქვა, აღარ მჯერა, რომ რაიმე შეიცვლება. ის კი არა, დარწმუნებული ვარ, რუსეთს არც სურს, რეალურად დამოუკიდებლები გავხდეთ. და არც თავად ვაკეთებთ რამეს საიმისოდ, რომ აფხაზეთი მუხლებიდან წამოდგეს და მოეშვას რუსეთისთვის ფულის თხოვნას».

ჩვენი წინა რესპონდენტებისგან განსხვავებით, აფხაზეთში არსებობს ბევრი მოქალაქე, რომელსაც, ყველაფრის მიუხედავად, პოზიტიური შედეგის იმედი აქვს, თუმცა ისინიც კი თვლიან, რომ კრახისა და ნგრევისგან ქვეყნის ხსნა თავად აფხაზეთის გასაკეთებელი საქმეა და არა დიდი მეზობლის, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დიდი თავის ტკივილი გაიჩინა.

«საქართვლოს მხრიდან პრობლემებს დიდი ხანია, აღარ ველით. რუსეთმა ამაზე იზრუნა, მაგრამ ამას იქით საქმე ჯერ-ჯერობით რატომღაც არ მიდის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა — რუსეთი ალბათ, სამომავლოდაც გააგრძელებს რამის კეთებას ჩვენი საერთაშორისო აღიარებისთვის. მაგრამ თავადაც უნდა ვიზრუნოთ. მარტო აღიარებით ფონს ვერ გავალთ», - დარწმუნებულია ოჩამჩირეს მკვიდრი სამსონი. ეს ბევრი «მაგრამის» შემცველი მცირე კომენტარია. «ეს უარყოფა არ არის, ეს უბრალოდ ეჭვია» - დასძენს მოხუცი.

მსგავსი ეჭვები გამოსჭვივის იმ რესპონდენტების კომენტარებიდანაც, რომლებიც აღიარების პირველ დღეებს იხსენებდნენ.

«ეს დიდი დღესასწაული იყო. იცით, 30 000-იანი ქორწილის მსგავსი რამ, ოღონდ ალკოჰოლისა და ძვირფასი სუფრის გარეშე. თავისუფლების მოედანზე ხალხი გულის ძახილით გადიოდა. იმ დღეს (2008 წლის 26 აგვისტოს) გვინდოდა, გვემღერა, გვეცეკვა, გვემხიარულა და თითოეულს ჩავხუტებოდით — თუნდაც უცნობს. ჩვენთვის ეს მაშინ ახალი ეპოქის ათვლის დღე იყო, ახალი ერის. და ის, რომ ამ მოვლენის მონაწილე ვიყავი, იმედსა და რწმენას მისახავდა», - იხსენებს 12 წლის წინანდელ მოვლენებს სოხუმის მკვიდრი ანნა. მისი თქმით, «იმ დღეს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ხმა ყველაზე ტკბილად ეჩვენებოდათ და სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ». «ყველას ბავშვებივით გვახარებდა თითოეული მისი სიტყვა. ვფიქრობდით, რომ იმ დღიდან ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ თუ პირველ წლებში რაღაც არგუმენტები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დადგა ჯერ ის ნათელი მომავალი, ახლა საერთოდ აღარ მჯერა, რომ ის ოდესმე დადგება», - ამბობს ანნა.

მის უიმედობას იზიარებს სტანისლავიც, რომელიც ანნას მსგავსად, აღიარების დღეს საზეიმოდ თავისუფლების მოედანზე იყო გასული. «რუსეთი დაგვეხმარა, მაგრამ ვალდებულები ვართ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ვიქონიოთ. ჩვენ ხომ ისედაც ვიცოდით, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის დაცვა და განვითარება თავად მოგვიწევდა და რუსეთი ამაში დიდად არ დაგვეხმარებოდა. უბრალოდ აღიარების დღეს ამაზე ფიქრი, როგოც ჩანს, არ გვსურდა», - ამბობს სტანისლავი.

ყველა ჩვენი რესპონდენტი აღიარებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბოლო წლებში შეიცვალა, მაგრამ რამდენად — ამის შეფასებები განსხვავებულია. ერთნი თვლიან, რომ ეს ცვლილება სამუდამოა, მეორენი — რომ დროებითი და ურთიერთობები დალაგდება.

«ძალიან მიხარია სამხრეთ ოსეთის ხალხის გამო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სიტუაციები განსხვავებულია. საუკუნეების მანძილზე აფხაზები იარაღით ხელში იცავდნენ სამშობლოს თავისუფლებას. რუსეთთან კი ყოველთვის კეთილმეზობლური ურთიერთობები გვსურდა. განსხვავებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისგან, რომელიც ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში ისწრაფვოდა, ჩვენ გვსურდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა», - ამბობს სოხუმელი იური. მისივე აზრით, 2008 წლის 5-დღიანმა ომმა ოსებს «ხელი მისცა — სხვა შემთხვევაში, აფხაზეთისგან განსხვავებით, აღიარებას ვერასოდეს მიაღწევდნენ». «ის, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი შეჩერდა, უკვე მომხდარი ფაქტია. ორი წლის წინ სირიამ გვაღიარა. მაგრამ გაიხსენეთ, როგორი სიჩუმე იყო მანამდე, აღარც შემდეგ მომხდარა რამე. და ფიქრობთ, ამ მხრივ რაიმე სასიკეთო წინ კიდევ გველის? ილუზიებით ცხოვრება უნდა შევწყვიტოთ, უნდა დავიწყოთ ცხოვრება რეალობით, ავიკეცოთ მკლავები და დავიწყოთ — ხაზს ვუსვამ, დავიწყოთ და არა გავაგრძელოთ საკუთარი სახელმწიფოს შენება, არ ვუყუროთ რუსეთს, სამხრეთ ოსეთს, სირიას თუ ვანუატუს», - თვლის იური.

«რისი მოცემა შეუძლიათ ჩვენთვის ქვეყნებს, რომლებმაც დღემდე გვაღიარეს? რისი გაზიარება შეუძლიათ მათ ჩვენთვის სახელმწიფოს ხარისხიანი განვითარების, იგივე სახელისუფლებო ინსტიტუტების სრულფასოვანი ფუნქციონირების კუთხით? რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია, ტუვალუ, ვანუატუ… მათ ხომ საკუთარ ქვეყნებში ვერ დაუმყარებიათ წესრიგი და ვერ ამობობღებულან ჭაობიდან. ჩვენ კი მათთან რაღაც ურთიერთქმედებაზე ვსაუბრობთ! არ გვესმის, რომ რუსეთს მაშინ მხარდაჭერა სჭირდებოდა და ამ ქვეყნების მხრიდან ჰპოვა?! - ეს იყო მათი აღიარება, სხვა არაფერი! ხელმოწერილი შეთანხმებების უკან სიცარიელეა და არც მომავალში იქნება რამე», - დარწმუნებულია პედაგოგი ტატიანა.

12 წელი აღიარებიდან. აფხაზები რუსეთთან ურთიერთობებში აშკარა ცვლილებებს გრძნობენ. მშვიდობისა და თანხმობის ადრინდელი ატმოსფერო აღარ სუფევს. შესაძლოა, თავად ქვეყანაში არსებული რთული ვითარების, შესაძლოა, დასავლეთთან კონფრონტაციის გამო. რუსეთი აფხაზეთში თავის გავლენას სულ უფრო ზრდის, პარალელურად კი დაპირებული დახმარების მასშტაბებს ამცირებს.

თუმცა შესაძლოა, ყოველთვის ასე იყო, გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე კი მას უბრალოდ დასჭირდა, დაერწმუნებინა ორი ხალხი და მთელი მსოფლიო თავის გულწრფელ მეგობრობაში.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც იკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

__________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S