
შესაძლებელია თუ არა აფხაზებისთვის, მსოფლიოში არა რუსული დროშის ქვეშ გავიდნენ?
19/08/2020 15:00:07 კონფლიქტები
ბოლო წლებში აფხაზურ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ საქართველოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, აგრარული სექტორი, კრიმინალთან ბრძოლა. მაღალჩინოსნები, პოლიტოლოგები, საზოგადო მოღვაწეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, მხარეებმა მცირედით დაიწყონ, რათა საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სფეროებში სრულფასოვან თანამშრომლობამდე მივიდნენ.
ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ასლან ბჟანია კონტაქტების ფორმატის შეცვლისა და საქართველოსთან ახალ (არა იმდენად შორ, როგორიც ჟენევაა) პლატფორმაზე პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდიოდა.
«ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან. გვსურს ეს თუ არა, კონტაქტების დიდი რაოდენობა გვაქვს როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ეს ადამიანები ცხოვრობენ, კვეთენ საზღვარს, იქ იმყოფებიან. მათ ექმნებათ სხვადასხვა პრობლემები — ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, იძულებულია, იქ წავიდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ექსპლუატაციას ენგურჰესს. ესეც კონტაქტების გარკვეული დონეა», - განაცხადა ბჟანიამ სააგენტო «РИА-Новости»-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
პრეზიდენტის აზრით, აფხაზეთი «საქართველოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისგან იღებს სიგნალებს, რომლებიც მოწმობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები უფრო ინტენსიური დიალოგის ჩამოყალიბებას ისურვებდნენ».
თუმცა რაოდენ გაგიჟებითაც არ უნდა უნდოდეს ამ პროცესის დაწყება აფხაზური საზოგადოების ერთ ნაწილს, რესპუბლიკაში ჯერ კიდევ ბევრია ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საქართველოსთან კონკრეტულ ინიციატივებზე საუბრის დაწყებამდე აუცილებელია «ომის მდგომარეობიდან გამოსვლა».
როგორც ცნობილია, უკვე 12 წელია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ერთადერთ საერთაშორისო პლატფორმად რჩება, რომელზეც აფხაზეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს რუსეთის, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლების თანდასწრებით აწარმოებს. ამ წლების განმავლობაში მიღწეული ხელშესახები შედეგები ნულის ტოლია. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული პრობლემატიკის საკითხები წყდებოდა, მაგრამ აი, მთავარ — ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხში ვითარება ადგილიდან არ დაძრულა.
«რაღა თქმა უნდა, ვისმენთ სხვადასხვა მოსაზრებებს ამ მოლაპარაკებების თაობაზე. არის ხალხი, რომლის აზრით, მათი წარმოება არ ღირს. ბევრი კონკრეტულ შედეგებს ელის. მაგრამ, როგორც იცით, ძირითადი საკითხი მოლაპარაკებებზე — ეს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაა. და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, სანამ ამ შედეგს არ მივაღწევთ», - თვლის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე.
თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ურთიერთობათა დარეგულირება დიდწილად არა ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის შედეგებზეა დამოკიდებული, არამედ იმაზე, როგორ შეთანხმდებიან აფხაზეთისა და საქართველოს საკითხზე მსხვილი მსოფლიო აქტორები — რუსეთი, ევროკავშირი, აშშ, რომ სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება სოხუმისა და თბილისის ურთიერთობები.
აფხაზური საზოგადოების ნაწილს კი სწამს, რომ საქართველოსთან კონფლიქტი აქტუალური აღარ არის. «ყველას გვესმის, რომ საქართველო აფხაზეთს თავს არ დაესხმება. და აქ საქმე მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების დიდ რაოდენობაში როდია. როგორც მესმის, საქართველომ აფხაზების მიმართ თავის პოლიტიკას უკვე გადახედა და აგრესიისა და ძალის გამოვლენის ნაცვლად, ჩვენთვის დახმარებისა და მხარდაჭერის დემონსტრირება სურს», - თვლის ჩვენი რესპონდენტი გიორგი. ამასთან, მისივე თქმით, ქართველებს ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული განცხადებების კეთება არ სჭირდებათ: «თავად დაფიქრდით, ვინ უმკურნალებს მას, ვისი მოკვლაც სურს?!».
«უმჯობესია, დავკავდეთ ეკონომიკით, შიდა პრობლემებით, ავამაღლოთ მოქალაქეების ცხოვრების დონე, იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ვაპელირებდეთ მორიგ ჩიხზე მორიგ მოლაპარაკებებში. აფხაზეთის სტატუსის დარეგულირების პროცესისთვის დადგება სხვა, უფრო ხელსაყრელი დრო. მთავარია, იქამდე მივაღწიოთ», - თვლის სოხუმელი ანდრეი.
«თანამედროვე მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის კონფლიქტური ზონებია, სადაც ერთ საკითხებში უთანხმოებების მოუგვარებლობა მეორეში თანამშრომლობას ხელს არ უშლის. ეს თანამედროვე და სრულიად პრაგმატული მიდგომაა. სტატუსის საკითხი უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ირგვლივ მსოფლიო წინ მიდის და მხოლოდ ამ საკითხზე ძალისხმევის მუდმივი აქცენტირება შემაკავებელი ფაქტორი იქნება ორივე ქვეყნის განვითარებისთვის», - თვლის პოლიტიკოსი თენგიზ ჯოპუა.
მიუხედავად ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობის ინიციატივების აქტიურ განხილვაზე გადასვლამდე პრინციპულად მნიშვნელოვანია «ომის მდგომარეობიდან გასვლა და მშვიდობის მდგომარეობაზე გადასვლა».
აქ უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსის, უშიშროების საბჭოს მდივნის - სერგეი შამბას მიერ ამასწინათ «Эхо Кавказа»-სთვის მიცემული ინტერვიუ ბომბის აფეთქებას ჰგავდა. საუბარია ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, რომელიც, შამბას თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ 23 წლის წინ აქვს გაფორმებული.
«1997 წელს, როდესაც ვლადისლავ არძინბა ევგენი პრიმაკოვის ინიციატივით თბილისში ჩავიდა (მე ვიყავი იმ დელეგაციაში), ხელი მოეწერა მემორანდუმს იმის შესახებ, რომ მხარეები უარს აცხადებენ ძალის გამოყენებაზე და ძალის გამოყენების მუქარაზეც კი. ასე, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და მას ორმა პრეზიდენტმა - ედუარდ შევარდნაძემ და ვლადისლავ არძინბამ მოაწერეს ხელი», - განაცხადა შამბამ.
აფხაზურ საზოგადოებას მისი მოსაზრებების კომენტირება არ დაუწყია — მიმდინარე მოვლენების მთელი წარმოუდგენლობის «გადახარშვას» ცდილობდა. მთელი ომისშემდგომი წლების განმავლობაში, ყველა შესაძლო ტრიბუნისა და პლატფორმის გამოყენებით ჩვენი ქვეყანა, მასთან ერთად კი სამხრეთ ოსეთიცა და, რაღა თქმა უნდა, რუსეთიც აცხადებდნენ, რომ საქართველოს «სამშვიდობო შეთანხმების» ხელმოწერა არ სურს, რადგან ჯერ კიდევ ინახავს აფხაზეთის საომარი გზით დაპყრობის გეგმებს. მეტიც, აფხაზეთი დღემდე ცდილობს, ჟენევაში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას მიაღწიოს, მაგრამ ეს არ ხდება, რადგან ქართული მხარის აზრით, ეს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება და, შესაბამისად, მოლაპარაკებათა პროცესში აფხაზეთის თანასწორ პარტნიორად ერთგვარი აღიარება იქნებოდა. გამოდის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უკვე ხელმოწერილი შეთანხმების ხელმოწერას ვითხოვთ?!
გაცხადებული ინფორმაციის ჭრილში ჩნდება არანაკლებ მნიშვნელოვანი, არსობრივად კი ფუნდამენტური კითხვა: სადაა ეს დოკუმენტი და რატომ უმალავდნენ მას მთელი ამ წლების განმავლობაში არა მარტო აფხაზურ საზოგადოებას, არამედ მთელს მსოფლიო თანამეგობრობასაც?
პასუხებს ალბათ, სამომავლოდ მოვისმენთ. მაგრამ მსურს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შევეხო. ხშირად საინფორმაციო სივრცეში ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს მოთხოვნით, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ნება მორიგ აფხაზ სპორტსმენსა თუ საბავშვო კოლექტივს არ დართეს. ყველაზე ხშირად ქართული საგარეო უწყების ყურადღების ქვეშ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტივობები ექცევა. არცთუ იშვიათად მისი გამოფენები საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, პავიოლიონების დახურვით, მიმღები ქვეყნის პოლიციის მიერ შეხვედრების დაშლით მთავრდება. ეს არგუმენტები დღემდე მოჰყავთ ადამიანებს, რომელთაც საქართველოსთან არანაირი ურთიერთობის ჩამოყალიბება არ სურთ, თვლიან რა, რომ მსოფლიოზე რესპუბლიკის წვდომის შეზღუდვით საქართველოს აფხაზეთი არსობრივად, ერთგვარ ეკონომიკურ ბლოკადაში ჰყავს მოქცეული.
თენგიზ ჯოპუას აზრით, ურთიერთობების მსგავსი პრაქტიკა კარგს ვერაფერს მოიტანს.
«რუსეთის ფედერაციამ პირველმა აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რითაც ნაწილობრივ გაუხსნა რესპუბლიკას მსოფლიოზე წვდომა. თუმცა სრულფასოვანი განვითარებისთვის ეს არასაკმარისია. გარწმუნებთ, საზღვაო ხომალდების უკანონო დაკავებით, უცხოური კომპანიებისგან კონტრაქტების გაწყვეტის მოთხოვნით, აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობის დაბლოკვით, ბავშვთა კოლექტივების გამოსვლების აკრძალვით საქართველო კონსტრუქციულ ურთიერთობებს ვერავისთან ააგებს», - ამბობს ჯოპუა.
და აქ დროა, დავფიქრდეთ, ხომ არ არის შესაძლებელი, აფხაზურ კოლექტივებს, სპორტსმენებს, საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოზე წვდომა საქართველოსთან ურთიერთქმედების სხვა — არსებულისგან განსხვავებული ფორმით გაეხსნათ? თუ ომის დასრულებიდან ორიოდ წელიწადში დიპლომატებმა ძალის არგამოყენების შესახებ უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის გაფორმება მოახერხეს, მაშინ ახლა აფხაზეთსა და საქართველოს მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩვენი რესპუბლიკის მონაწილეობის ურთიერთმისაღები ფორმის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეთ. მთავარია, სურვილი იყოს! და როგორც მესმის, საქართველოს ის აქვს. ახლა ბურთი აფხაზეთის მოედანზეა. და გადაწყვეტილების მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი სამშობლოსადმი სიყვარულზე და მის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. თუ, რა თქმა უნდა, აფხაზურ საზოგადოებას არ სურს, მსოფლიოში კვლავინდებურად მხოლოდ რუსული დროშის ქვეშ გადიოდეს.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას