Accentnews.ge
ლევან ალაფიშვილი: "ეს იყო ტესტი, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდებმა ჩააბარეს"

ლევან ალაფიშვილი: "ეს იყო ტესტი, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდებმა ჩააბარეს"

21/06/2019 16:38:38 სხვა, თვალსაზრისი, კომენტარი, სამართალი

იურისტი ლევან ალაფიშვილი 20–21 ივნისს საკანონმდებლო ორგანოსა და შემდეგ უკვე თბილისის მთავარ გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მთლიანად მმართველ გუნდს აკისრებს და მიიჩნევს, რომ დამდგარ ფაქტებზე ადეკვატური პასუხი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა არაა. 


იურისტი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ რამდენიმე შეცდომას ასახელებს:

  • რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტი
  • კომუნიკაციის ნაკლებობა ახალგაზრდებთან
  • სპეციალური აღჭურვილობის გაუფრთხილებლად გამოყენება
  • მომიტინგეების დევნა და მათზე ძალადობა 


„რაც პარლამენტში ვიხილეთ, არა მხოლოდ ერთი ან ორი პოლიტიკოსის, არამედ მთლიანად გუნდის პასუხისმგებლობა იყო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი თუ ხელისუფლებაში ხარ, ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში გამოიხატება. ეს თავისთავად ნიშნავდა მზადებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. აი ეს იქნებოდა სწორი და უკვე მოგვიანებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ–ერთ მოთხოვნად სწორედ ეს ჩამოყალიბდა“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბარში იურისტი. 


მისი შეფასებით, გუშინდელი პროტესტი ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული და მათთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება არასწორია, ხელისუფლებაც მიხვდა, რომ უარეს შედეგს მიიღებდა და გზავნილი „მესიჯბოქსიდან“ მოხსნა.  

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ახალი თაობა, რომელიც კი არ მოდის, უკვე აქ არის, ჩვენ საჯარო სივრცეში და პოლიტიკოსები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ პრობლემები შევუქმნათ. გარკვეულწილად, ეს ყველაფერი თაობათა ბრძოლას ემსგავსება. ეს ის თაობაა, რომელმაც 2015 წელს ყოველგვარი დაძახების გარეშე დაასუფთავა ქალაქი, ხოლო როდესაც პოლიტიკოსები პასუხისმგებლობის თავიდან აეცილებლას და ზოოპარკის დირექტორის დაკავებას ცდილობდნენ, კანცელარიასთან მივიდნენ, პოლიტიკოსებს უთხრეს, „ვერ მოგვატყუებთ, ნუ მაიმუნობთო“ და დაუბრუნდნენ ქალაქის დალაგებას. ამავე თაობამ 2017 წლის ივნისში ნახა რა, ხელისუფლების მიკერძოებული დამოკიდებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი, რამოდენიმე საათში პარლამენტთან გამოხატა პროტესტი თანატოლის დაკავების გამო. ე.წ ბირჟა მაფიის კლიპი მაქვს მხედველობაში. მაშინ ხელისუფლება შეფუცხუნდა. ამ თაობამ იცის თავისუფლების ფასი, არ ეგუება ოკუპაციას და სწორედ ეს ადამიანები იყვნენ  პარლამენტთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში და არა მხოლოდ საღამოს. ისინი ხელისუფლებას პასუხს სთხოვდნენ. ბუნებრივია, სადაც საზოგადოებრივი აქტიურობაა, იქ პოლიტიკური შემადენელიც ჩნდება  და ეს გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის თანმდევი პროცესია, მაგრამ ეს ხელისუფლებას კომფორტს სულაც არ უქმნის“,– აცხადებს იურისტი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მძიმე პოლიტიკური მოცემულობა შექმნა: 


„სანამ აქცია დაიწყებოდა, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გვესმოდა, „უი, არ ვიცოდით“, ყველა კოშმარულ სიზმარში იყო, ეძინათ. თავად გასულიყვნენ ახალგაზრდებთან და ეთქვათ, ჩვენც ვგმობთ ამ ყველაფერსო. მაშინ ასეთი რამ მოხდებოდა? ვფიქრობ, რომ არა. იქ იქნებოდა ყველა  – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მთელი დღის განმავლობაში ეს ადამიანები პუტინს ლანძღავდნენ, იძახდნენ  რუსეთი ოკუპანტია და ა.შ. საბოლოო ჯამში რა უთხრა ხელისუფლებამ ამ ახალგაზრდებს? დაარბია ისინი იმისთვის, რომ სამშობლოს ოკუპანტისგან იცავდნენ . ესეთი პოლიტიკური მოცემულობა შექმნა ხელისუფლების უგუნურებამ“.   


რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან აქციის კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გასვლასა და პროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბარს,  იურისტი ასე პასუხობს: 

„აქ არის საუბარი კონკრეტულ ადგილებზე რაღაც მცდელობაზე [პარლამენტის ეზოში შეჭრის მცდელობა]. თუკი ზემოდან გადაღებული კადრებით შევაფასებთ, რაც ყველამ ვიხილეთ, მცდელობის მოსურნეთა რაოდენობა ნაკლები იყო სპეცრაზმელების რაოდენობაზე. ხომ შეეძლოთ, პარლამენტში შეეყვანათ ეს ადამიანები და დაეკავებინათ? ჩვენ ვხედავდით, რომ სხვა ადგილებში ამას აკეთებდნენ და იქ რატომ არ გააკეთეს? კეტის მოქნევა და სროლა უფრო ადვილია? ახლა იმართლონ თავი როგორც ქვეყნის შიგნით ამ გაბრაზებული ახალგაზრდების წინაშე, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან. 


თავადაც ვიყავი აქციაზე და დაახლოებით 23:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე ძალადობის სურვილიც კი არ იგრძნობოდა ახალგაზრდებში. ანუ შესაძლებელი იყო, ხელისუფლებას დიდი მასისთვის პატივი ეცა. მაგრამ ის მარტივად მოიქცა და ამით საკუთარი თავი უფრო დაიზიანა. დღეს ვისმენთ, აქცია კონსტიტუციურ ფარგლებს გასცდაო. არაერთი კადრი არსებობს, როდესაც ახალგაზრდები მოუწოდებენ დანარჩენებს, „სად მიდიხართ“, სად შეჭრას ცდილობთო“ და სწორედ ამ ახალგაზრდებს დაუშინეს ტყვიები“, დილამდე დასდევდნენ“. 


იურისტი ყურადღებას უკვე აქციის დაშლის შემდეგ, ფილარმონიასთან და ქალაქის სხვა უბნებში განვითარებულ მოვლენებზეც ამახვილებს: 

„როდესაც საფრთხეზე და ძალის გამოყენების პროპორციულობაზე ვსაუბრობთ, ღამის 12 საათზე დაწყენბული ოპერაციის შემდეგ დილის 6 საათზე ფილარმონიასთან ვიღაცას რომ დასდევ, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეა, მით უფრო, რომ სახეში აფურთხებს და ისე აკავებ, აქ უკვე კანონიერებაზე საუბარი ზედმეტია. ხოლო თუ სახელმწიფო თავად არღვევს კანონს, მისი ლეგიტიმაცია ნულს უთანაბრდება და ეს ძალიან სახიფათო თამაშია. ჩვენ მთავრობას იმისთვის ვქირაობთ, რომ რთულ სიტუაციებში ოპტიმალური და გონივრული გადაწყვეტილებები მოძებნოს. რად გვინდა ისეთი მთავრობა, კილომეტრნახევარზე გაქცეულ ადამიანს ქუჩაში რომ დასდევს და სცემს. რად გვინდა ასეთი შს სამინისტრო თავისი პასუხისმგებელი პირებით, რომელიც ვერ არჩევს, რა არის პროპრცია და ამბობს, ნებისმიერ ფასად შური იძიეთო. აღარ ვლაპარაკობ პოლიტიკურ პასუხსიმგებლობაზე“.

იურისტის შეფასებით, 20–21 ივნისს განვითარებული მოვლენები იყო ტესტი, რომელიც სახელმწიფომ ვერ ჩააბარა: 

„ეს იყო მორიგი გამოცდა, ტესტი სახელმწიფოებრიობისთვის, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ისე ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოებისთვის. ახალგაზრდობამ ეს ტესტი ჩააბარა, რადგან ისინი არ გადავიდნენ ძალადობაზე, დანარჩენმა  – სახელმწიფომ კი ვერა. ამას პოლიტიკური გაგრძელება მოჰყვება.

რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება განვითარებულ მოვლენებზე პასუხსიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, რაც შეეხება აქციის დაშლას, აცხადებს, რომ ლეგიტიმური და პროპორციული ძალა გამოიყენა.

ამ დროისთვის დაშავებულია 100–ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაპატიმრებულია 305. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. 



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S