
კრემლის კონტრპროდუქტიული ხრიკი: აფხაზეთში საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდნენ
31/08/2020 04:39:37 კონფლიქტები
აფხაზეთში უკვე ყოველმა მაცხოვრებელმა იცის ილორის მონასტერში ქართული პარტია «პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლების ვიზიტის თაობაზე. ამ თემაზე საკუთარი აზრი რესპუბლიკის პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა ძალამ, საზოგადო მოღვაწემ და რიგითმა მოქალაქემ გამოთქვა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მალულად შეღწევაში ქართველ პოლიტიკოსებს პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი საგარეო კავშირების საკითხებში ლაშა საკანია დაეხმარა, რომელიც ამ ვიზიტის შემდგომი სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა, თუმცა მანამდე გაამხილა, რომ ეს ყველაფერი «რუსი მეგობრების თხოვნით» ჩაიდინა.
სხვადასხვა წლებში აფხაზეთში საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩასულან. ვიღაც - მალულად, ვიღაც - არა. და როგორც წესი, ინტერნეტ-სივრცეში პოლემიკის იქით საქმე არ მიდიოდა. ამ შემთხვევაში კი ლამის მსოფლიო მასშტაბის სკანდალი აგორდა - ისეთი, რომლის გამოც «არდადეგებზე» გასულმა აფხაზმა პარლამენტარებმაც კი არ დაიზარეს შეკრება.
ყველა რაღაც ხისტ სანქციებს ელოდა, მარტივად რომ ვთქვათ - სისხლს, რათა კვლავ დავბდუნებოდით საუბრებს ორი ომგამოვლილი ხალხის გაუთავებელ მტრობაზე. მაგრამ არა. საკანიას საქციელი, რა თქმა უნდა, დაგმეს, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაში კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდნენ საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე.
«თავად საქართველოში უკვე აცნობიერებენ, რომ აუცილებელია არსებული რეალიების გადახედვა. თავად ქართველებსაც ესმით, რომ აუცილებელია დიალოგი და იგი სხვა გზებით უნდა ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ აქ — აფხაზეთში ამას ასევე ვაცნობიერებთ და ვაღიარებთ», - განაცხადა საზოგადოებრიობასთან შეხვედრაზე დეპუტატმა ალმას ჯოპუამ.
როგორც უკვე აღვნიშნე, აფხაზეთში საქართველოდან ადრეც ბევრი ჩამოსულა. მაშ ახლა რატომ ატყდა ასეთი ამბავი და ვის აწყობდა ეს ხმაური? უბრალო დამთხვევაა? - არა მგონია. უფრო სწორად, არ მჯერა. და აი, რატომ.
ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში რუსეთისადმი ნდობა დაეცა. ამ თემაზე საგანგებო კვლევები არ ჩამიტარებია, მაგრამ ამის მისახვედრად ეს არცაა აუცილებელი. საკმარისია, გაიაროთ ქუჩებში, გაესაუბროთ რიგით მოქალაქეებს, თვალი გადაავლოთ კომენტარებს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში — და მიხვდებით, რეალურად როგორაა შეცვლილი აფხაზეთის მკვიდრთა დამოკიდებულება დიდი მეზობლის, მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორისადმი. სულ უფრო ხშირად ისმის უკმაყოფილება რუსეთის პოლიტიკის გამო. ის, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა ბოლო დროს აფხაზეთის მიმართ არაკორექტულად, რიგ შემთხვევებში კი არაადექვატურადაც კი დაიწყო მოქცევა — უკვე უდავო ფაქტია.
პოლიტიკურ მოღვაწე საიდ ლოლუას აზრით, «ბოლო დროს აფხაზეთი რუსეთის იმდენად მჭიდრო მკლავებს გრძნობს, რომ სუნთქვა უჭირს». «დიდი მწუხარებით გვიწევს თვალის დევნება იმისთვის, როგორ იქცა პანდემიის საკითხი ერთგვარ ფარდად გარკვეული პოლიტიკური კონტრაქტების შესრულებისთვის. ფლირტის შედეგები ახლა უკვე არა უბრალოდ ტიუტორად გამოიყურება საბრძოლო ძაღლებისთვის, როცა საყელო ყელში ესობა, როგორც კი ძაღლი არასასურველი მიმართულებით იწევს. ახლა ეს უკვე ნამდვილი მახრჩობელაა», - ამბობს ლოლუა.
და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების მსგავსი შეფასების მიზეზი არა საზღვარია, როგორც ზოგიერთები სახავენ. აქ საუბარია ბევრად უფრო სერიოზულ საკითხებზე, მე ვიტყოდი, გლობალურზე.
როგორც კი აფხაზეთმა საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე დაიწყო საუბარი, მას ათასი უბედურება დაატყდა თავს. სტრატეგიულ მეგობართან ურთიერთობათა დაძაბვის შესახებ პირველ «ზარად» საზღვრის ჩაკეტვა და აფხაზეთში რუსეთიდან პანდემიის პერიოდში ესოდენ აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შეტანის შეუძლებლობა იქცა. რა ხრიკებისთვის აღარ მოუწია მიმართვა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას კოვიდ-ტესტების, ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ნიღბების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო საშუალებების მისაღებად. მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს, რომ აფხაზეთი გასაჭირში არ მიატოვეს.
ოდნავ მოგვიანებით აგორდა საპენსიო გადახდების სკანდალი. 17 მლნ რუბლის გამო რუსეთის საპენსიო ფონდმა აფხაზეთისგან პლასტიკური საპენსო ბარათების გაუქმება მოითხოვა. შედეგად 40-გრადუსიან სიცხეში, თან მომეტებული ეპიდემიოლოგიური საფრთხის პირობებში რესპუბლიკის ხანდაზმულ მაცხოვრებლებს საათობით უწევთ რიგებში დგომა კუთვნილი პენსიის მისაღებად.
ამასთან, ესოდენ ხისტი ზომები რუსეთმა მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში მიიღო. თავად რუსეთში, მრავალმილიონიანი საპენსიო დანაკარგების მიუხედავად, არათუ არანაირი სანქციები არ შემოუღიათ, არც სამომავლოდ აპირებენ ამას. სულ ახლახანს, 25 აგვისტოს რუსეთის საპენსიო ფონდი მთვლელმა პალატამ შეამოწმა. გაირკვა, რომ 2017-2019 წლებში მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების შესახებ ინფორმაციის დროულად მიუწოდებლობის გამო ფონდი აგრძელებდა საპენსიო თანხების დარიცხვას, რომლითაც გარდაცვლილთა ნათესავები სარგებლობდნენ და ამ გზით ასობით მილიონი რუბლი დაიკარგა.
ამის შემდეგ აფხაზეთისკენ რუს ექსპერტთა ჯგუფების ნაკადი დაიძრა. ისინი გაუგებარი მიზნით «სწავლობდნენ რესპუბლიკის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სამხედრო სფროებს». თავად აფხაზეთში კი ამ დროს საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით აქტიური სქქმიანობა გააჩაღეს რუსულმა ორგანიზაციებმა. ყველა ამ შეხვედრის ლეიტმოტივი ასეთია: «საქართველო ემუქრება აფხაზეთს, არ დაუჯეროთ, ერთადერთი კეთილი რუსეთია და მხოლოდ მას შეიძლება, ენდოთ».
ამ ყველაფრის «გვირგვინად» რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ბაბიჩის ვიზიტი იქცა, რომელმაც არა სთხოვა, არა შესთავაზა, არამედ უბრძანა აფხაზეთს, სასწრაფოდ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობები ქვეყნებთან, რომლებიც მას ამ მძიმე დროს დახმარებას სთავაზობენ. ჩვენ მიგვითითეს, რომ თუ არ დავემორჩილებით, სასტიკი სასჯელი გველის.
და ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ქართველი «პატრიოტების» «საიდუმლო» ვიზიტი აფხაზეთში დამთხვევა იყო? როგორ გეკადრებათ! ეს სწორედაც რომ კარგად გათვლილ, მზაკვრულ ნაბიჯს ჰგავს დიდი მეზობლის მხრიდან, რომელიც თუ კვერით არა, მათრახით გვაიძულებს, მის დაკრულზე ვიმღეროთ.
და ბოლოს, ბევრმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთი არ მისცემს აფხაზებს შესაძლებლობას, აწარმოონ დიალოგი სხვა ქვეყნებთან, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, და საერთოდაც, გადადგან რაიმე ნაბიჯები აფხაზური სახელმწიფოს რეალური ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. სტრატეგიული პარტნიორი არ არის დაინტერესებული, გვერდში ჰყავდეს პატარა, მაგრამ მყარი სახელმწიფო. ეს რომ მოხდეს, რა ინსტრუმენტების ამოქმედებას შეძლებს რუსეთი, რომ აფხაზეთი მოწყალების მათხოვარი რესპუბლიკის მუდმივ პოზაში დააბრუნოს? დიახ - ვერანაირის! და ფიქრობთ, რუსეთს ასეთი რამ აწყობს?
აფხაზეთის საღად მოაზროვნე ნებისმიერ მაცხოვრებელს ესმის, რომ საერთაშორისო აღირების პროცესი რაღაც მეტისმეტად შენელდა. რუსეთი უკვე აღარაა იმდენად დაინტერესებული ამით, - სხვა რით შეიძლება, აიხსნას ეს ყველაფერი? თუმცა, აფხაზ ეკონომისტ ანატოლი ოტირბას აზრით, თავად აფხაზეთი, როგორც არასდროს, შორსაა მზაობისგან, აშენოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. «ჩვენ ხომ ვიცით, რომ სუვერენულად აღიარებენ მხოლოდ მათ, ვინც პატივისცემას იმსახურებს. ისმის კითხვა, რისთვის უნდა გვცემდნენ პატივს, თუ სახელმწიფოს ყველა ნიშანი დავკარგეთ?», - ამბობს ოტირბა. ასეა თუ ისე, ომისშემდგომი წლების განმავლობაში ჯერ კიდევ სუსტი რესპუბლიკა ვერა და ვერ მოესწრო მძლავრი და დიდი მეზობლისგან დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობაში. ფულს იძლეოდნენ, სკოლების, საავადმყოფოების, კულტურის სახლების მშენებლობაში გვეხმარებოდნენ, პენსიებს გვიხდიდნენ, მოქალაქეობასაც კი გვჩუქნიდნენ. მაგრამ აფხაზეთი ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდა მყარ მომავალს.
პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც თავად რუსეთში ყოველდღიურად ათობით ათასი მოქალაქე ინფიცირდებოდა, აფხაზეთში კი — არც ერთი, სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეგობარმა საზღვარი საგულდაგულოდ ჩარაზა. იტყვით, აფხაზეთის მაცხოვრებლებზე ზრუნავდაო? - ნეტავ! ექსპერტ თენგიზ ჯოპუას აზრით, ეს გათვლილი ნაბიჯია, რომლის მიზეზებს აფხაზეთი სამომავლოდ შეიტყობს. «რუსეთის მიერ საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე შეზღუდვების მოხსნა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ხასიათს აღარ ატარებს. ეს უკვე პოლიტიკური ასპექტია, რომლის დღის წესრიგი სამომავლოდ გამოიკვეთება», - თვლის ჯოპუა.
წელიწადიც არ გასულა - და ვიგებთ, რეალურად რას მოითხოვს აფხაზეთისგან რუსეთი. ვიგებთ არაოფიციალური წყაროებიდან, მაგრამ მაინც. ჯერ-ჯერობით სასწორზე მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება დევს. თუმცა ამბობენ, მოახლოებულია საფრთხე ეროვნული ინტერესებისთვისაც. რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა მაქვს მხედველობაში. გარდა ამისა, დღის წესრიგშია ყოველგვარი ურთიერთობის აკრძალვა, რომლის დარღვევისთვის აფხაზებს საშინელი სასჯელი ელით, სრული იზოლაციის ჩათვლით.
ოდესღაც რუსეთმა შესაძლებლობა არ მისცა აფხაზეთს, ჩამოეყალიბებინა მჭიდრო კავშირები თავის დიასპორებთან თურქეთში, სირიაში, იორდანიაში. ჩვენ დავთმეთ. ახლა კი სურთ, წაგვართვან დიალოგზე ფიქრის უფლებაც კი. და «დიდი ძმა» დარწმუნებულია, რომ კვლავ ხმას არ ამოვიღებთ და დავთმობთ.
ორიოდ დღის წინ, სოხუმის სანაპიროზე სეირნობისას ორი წყვილის საუბარს შევესწარი. ახალგაზრდა მამა, რომელიც 7 წლის შვილს ასეირნებდა, ამბობდა, რომ «შეუძლებელსაც კი გააკეთებს, რათა მისმა შვილებმა ევროპაში მიიღონ განათლება და იქ დარჩნენ საცხოვრებლად, აფხაზეთში არდადეგებზე ჩამოვიდნენ — საკმარისია, ხოლო როცა მიხვდებიან, რომ შესაძლებელია, იცხოვრო სხვანაირად, აღარც თავად ისურვებენ აქ ჩამოსვლასო». მისი თანმხლები პირები თანხმობის ნიშნად უკრავდნენ თავებს და წუხდნენ, «ამას დიდი ფული სჭირდება, რომელსაც აფხაზეთში ვერ იშოვიო». თუმცა მაინც არ კარგავენ იმედს, რომ გამოსავალი მოიძებნება და მათი შვილები შეძლებენ ღირსეულად ცხოვრებას, თუნდაც სამშობლოსგან შორს.
ეს ძალზე ბევრ რამეზე მეტყველებს. თქვენ კი ამ დრომდე გჯერათ, რომ ვითარება შეიცვლება? ვისურვებდი, მეთქვა, ღმერთმა ქნას, მაგრამ ვშიშობ, საკუთარი აზრის ქონის, დიალოგის წარმოებისა და სამშობლოს მომავლის შენების უფლება ყველას ძალზე ძვირად არ დაგვიჯდეს. აქ მთავარია, გავაცნობიეროთ, ვისთან ვიმეგობროთ და ვაშენოთ სტრატეგიული პარტნიორობა. კიდევ ერთ შეცდომას აღარავინ გვაპატიებს.
ასტანდა ბგანბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას