Accentnews.ge
რუსულ-აფხაზური ბზარი: რატომ გაუნაწყენდნენ აფხაზები «სტრატეგიულ ძმას» და რატომ ეშინიათ ძალისმიერი მიერთების

რუსულ-აფხაზური ბზარი: რატომ გაუნაწყენდნენ აფხაზები «სტრატეგიულ ძმას» და რატომ ეშინიათ ძალისმიერი მიერთების

09/09/2020 07:52:43 კონფლიქტები

აფხაზეთში ყველაფერი აირია. ზაფხულის ბოლო თვე რესპუბლიკისთვის მოულოდნელობების მთელი წყების პერიოდად იქცა. კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის, კარანტინისა და ცალკეული შეზღუდვების ფონზე აფხაზურ საზოგადოებას ერთი მეორეს მიყოლებით არყევს სკანდალები, თანაც არა მარტო პოლიტიკური.

კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირების სტადიაში შეიყვანა რესპუბლიკა ხატმა, რომელიც ილორის მონასტერს საკმაოდ ოდიოზური ქართული პარტიის წარმომადგენლებმა «აჩუქეს». ამას დაემატა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კონსტანტინე ზატულინის ინტერვიუ, რომელშიც მან აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების თანასწორობის «სოუსში» კვლავ წამოჭრა უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის თემა.

აფხაზური სახელმწიფო ტელეარხის გენდირექტორთან იმაზე საუბრისას, რატომ ამბობს აფხაზეთი უარს, თავისი მიწები რუსებს მიჰყიდოს, ზატულინმა აღნიშნა, რომ «პატრიოტებად პოზიციონირების სურვილი ხანდახან საღ აზრს სჯაბნის».

რუსი პოლიტიკოსის ამ გამონათქვამებზე რეაქციას ელვის სისწრაფე ჰქონდა. სოცქსელების აფხაზური სეგმენტი გადაივსო კომენტარებით იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთის შიდა საქმეებში ერევა.

«აფხაზეთის კანონმდებლობა — ეს აფხაზი ხალხის სუვერენული სფეროა. «თანასწორობის» შესახებ არგუმენტი — ეს ცნებების გაყალბება და სპეკულაციაა. ჩვენ ათობით მიზეზი გვაქვს, უცხოელებს (არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს) უძრავი ქონების ბაზარი არ გავუხსნათ. რუსეთს შეუძლია, თავისი უძრავი ქონება ისე განკარგოს, როგორც მოისურვებს, მაგრამ უფლებები, რომლებსაც ის უცხოელებს აძლევს, ჩვენთვის ვალდებულებად ვერ იქცევა», - ამბობს აფხაზური ახალგაზრდული პარტია «აინარის» წარმომადგენელი ადგურ ლაგვილავა. მისივე აზრით, ადამიანი, რომელიც აფხაზეთის მეგობრად პოზიციონირებს, მრავალწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსი ასე არ უნდა საუბრობდეს და ამის უფლება არ აქვს.

ინტერვიუში ზატულინი წყენით აღნიშნავს, რომ აფხაზური ახალგაზრდობის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის დახმარება ერთგვარი ფინანსური ნარკოტიკია, ვერც გააზრებულს დაარქმევ და ვერც სერიოზულს. «პერიოდულად ვკითხულობთ, რომ რუსეთმა თურმე, აფხაზეთი «ფინანსურ ნემსზე შესვა», რომ რუსეთი, თურმე, დამნაშავეა უკვე იმით, რომ აფხაზეთისთვის დახმარების გამოყოფით მოახდინა იმ ბიზნესმენებისა და მეწარმეების შემოქმედებითი პოტენციალის პარალიზება, რომლებსაც თურმე, აფხაზეთის აყვავება შეეძლოთ. ის, რაც ჩვენ - რუსეთს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ზოგადად აფხაზეთის შიდა მდგომარეობაში გვაღელვებს, არის ის, რომ მრავალი საკითხი, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაჭრილი, რათა რესპუბლიკა სწრაფად განვითარებულიყო, სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელია».

რუსი პოლიტიკოსის ამ გამონათქვამმა ვითარება საბოლოოდ ააფეთქა. აფხაზურმა საზოგადოებამ იგი ნიადაგის ერთგვარ მოსინჯვად აღიქვა რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის თემის წამოსაწევად.

აფხაზი ეკონომისტი ანატოლი ოტირბა კი დარწმუნებულია, რომ ეს არა უბრალოდ მოსინჯვა, არამედ სრულფასოვანი მზადებაა ამ საკითხის გადასაჭრელად. «სამწუხაროდ, ცალკეული ძალები და პირები ამას ამზადებენ. მიზეზი კი ერთია — ჩვენი ინტელექტუალური სისუსტე, რომლის შედეგად არ ძალგვიძს, მკაფიოდ და დასაბუთებულად ჩამოვაყალიბოთ საკუთარი პოზიცია», - ამბობს ოტირბა.

ხანგრძლივი პრობლემების, კატასტროფების, მათ შორის ეკონომიკური სიძნელეების ის პერიოდი, რომელსაც სხვადასხვა ექსპერტები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ პროგნოზირებდნენ, აფხაზეთს, როგორც ჩანს, უკვე დაუდგა. მოკლედ რომ ვთქვათ, რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე თვეა, იგვიანებს პენსიების, შემწეობების, ხელფასების, მათ შორის იმ მედიკოსთა გასამრჯელოს გაცემა, რომლებიც აფხაზეთის ერთადერთ კოვიდ-ცენტრში მუშაობენ. ბანკომატები ცარიელია, მაღაზიებში რიგები დიდი ხანია, აღარ არის. სამაგიეროდ რიგები დგას შემნახველ სალაროებთან, სადაც ეპიდემიის მწვავე ფაზაში კუთვნილი საპენსიო კაპიკების მისაღებად საათებს ატარებენ აფხაზი პენსიონერები. და ეს — რუსეთის საპენსიო ფონდის ჩინოსნების «დამსახურებით».

ვითარება, პირდაპირ ვთქვათ, კრიტიკულია. აფხაზეთის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირების — ფაქტობრივი ბლოკადის პერიოდშიც კი, რომელიც უახლოეს მეზობელს სტრატეგიულმა მოკავშირემ — რუსეთმა მოუწყო, მსგავსი პესიმიზმი აფხაზურ საზოგადოებაში არ ყოფილა. დღეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ერთდროულად ყველა ჭირი აფხაზეთს არა შემთხვევით დაატყდა თავს, არამედ ერთგვარ სასჯელად. «როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვეს? თავად დაფიქრდით! რუსეთი ასეთი დიდია, ასეთი ძლიერი — და ჩვენ გვეტოლება ძალით... ან რისთვის? დავიჯერო, იმდენად დაუოკებელი სურვილი აქვს, ჩვენი მიწები მიიტაცოს, რომ მზად არის, აქ უბრალოდ დაგვწყვიტოს?!», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, სოხუმელი მარია.

«ხან — ერთი, ხან - მეორე. როდის დასრულდება ეს ყველაფერი? ჩვენ ვცხოვრობთ დენთის კასრზე, თუ ამას საერთოდ ცხოვრება შეიძლება, ეწოდოს. რუსები ხან რაღაც შეხვედრებს გვიწყობენ თავის ქართველ მეგობრებთან [იგულისხმება «პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლების ვიზიტი აფხაზეთში — რედ.], ხან ჩვენს ცხოვრებაში ყოფენ ცხვირს, ხან მოითხოვენ, ხან ითხოვენ, ხან გვემუქრებიან. და ამას ბოლო არ უჩანს», - ამბობს სოხუმის კიდევ ერთი მკვიდრი ალექსანდრე.

ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, რუსეთთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში იმის გამო გაუარესდა, რომ აფხაზეთმა ღიად დაიწყო საუბარი სხვა ქვეყნებთან შესაძლო დიალოგზე. «რუსეთი მესაკუთრეა და როგორც კი სხვა მიმართულებით ვბედავთ გახედვას, მაშინვე გვიწყობს გენოციდს. სხვაგვარად მიმდინარე მოვლენებს უბრალოდ ვერ შევაფასებ. სხვა რა დავარქვათ იმას, რომ ჩვენი მისამართით მაშინვე წამოვიდა კრიტიკა, შანტაჟი და მუქარა?», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ადგური.

იმაზე, რომ რუსეთი გაუნაწყენდა აფხაზეთს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მოისურვა, სხვა მეზობლებთანაც ჩამოეყალიბებინა დიალოგი და დაიწყო გამოსავლის ძიება რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან, მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკოსების გამონათქვამები მეტყველებს. ისინი ამას პირდაპირ არ ამბობენ, - დიპლომატიის პრინციპი ხომ არავის გაუუქმებია, - თუმცა მათი საუბრების კონტექსტი გაჟღენთილია ამ შენიშვნებით. იგივე ზატულინი რომ ავიღოთ, იგი ყოველ ორ სიტყვაში ერთს უძღვნის აფხაზეთის სიყვარულსა და მხარდაჭერას, თუმცა აღნიშნავს, რომ თავად აფხაზეთს არ სურს, ჩამოყალიბდეს ნორმალურ სახელმწიფოდ, აშენოს ნათელი მომავალი და არ აფასებს ყველაფერ იმას, რაც მისთვის რუსეთმა გააკეთა. მიჩნდება სურვილი, ვკითხო ამ ბრძენ რუს პოლიტიკოსს, მისცა კი რუსეთმა აფხაზეთს თუნდაც ერთი შანსი, მომძლავრებულიყო და უფრო დემოკრატიული გამხდარიყო? არა მგონია, ზატულინმა მიპასუხოს, თუმცა რომც შეიწუხოს თავი, ის არასოდეს აღიარებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი მართავდა აფხაზეთს, აქცევდა მას უფრო სუსტად და დამოკიდებულად.

პირველად ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში ღიად ალაპარაკდნენ საქართველოსთან შესაძლო დიალოგზე. ბევრი აფხაზურ საზოგადოებში ძალზე მტკივნეულადაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ. თუმცა მსგავსი მოსაზრებების არსებობის მიუხედავად, მათი რაოდენობა, ვინც ამ შესაძლებლობას სადღეისოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დღითიდღე იზრდება.

«რაც შეეხება აფხაზურ-ქართულ კომუნიკაციას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საექსპერტო პლატფორმებისა და ინსტიტუტების დონეზე, ამ მხრივ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ურთიერთობა და მსჯელობა საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ ფარსისა და იაფფასიანი შოუების გარეშე. მაქსიმალურად გამჭვირვალედ, გასაგებად და კანონის ფარგლებში!», - თვლის აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველი რენატ კარჩაა. მისივე აზრით, «საიდუმლო სერობები», კონტაქტები ბოლომდე გაუაზრებელი მიზნით, ნორმებისა და პროცედურების დარღვევით დაუშვებელია და ცუდი შედეგების რისკის შემცველიც, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია კოლაფსის მეტს, არაფერს მოიტანს.

რენატ კარჩაას აზრით, ამჟამინდელ ვითარებაში, თანამედროვე გამოწვევების პირობებში აფხაზეთი შეიძლება, მარტივად დაიკარგოს და ჩიხიდან ვეღარასოდეს იპოვოს გამოსავალი. «აქედან გამომდინარე, წინადადება ძალიან მარტივია. პირველ რიგში, უნდა დავწყნარდეთ, შევწყვიტოთ «მტრების» გამრავლება და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ ჩამოვაყალიბოთ სისტემურად საქმიანობა ამ სფეროში, ვისაუბროთ წინადადებების, რეკომენდაციების ენით და არა ყვირილით, შეურაცხყოფებით, შანტაჟითა და მუქარით», - ამბობს აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველი.

მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს აფხაზეთის ზრახვები, როგორც არ უნდა უნდოდეს მას საკუთარი საგარეო პოლიტიკის მოწესრიგება და დიალოგის ჩამოყალიბება, რუსეთი ამას, მაღალი ალბათობით, არ დაუშვებს. ნამდვილად არ მინდა, სურათი კიდევ უფრო გავამუქო, თუმცა დაუმორჩილებლობის გამო სტრატეგიული პარტნიორი აფხაზეთს დასჯის, თანაც საკმაოდ გონებამახვილური მეთოდებით.

ასეა ეს თუ არა — დრო გვიჩვენებს. რესპუბლიკის მაცხოვრებლებს კი ისღა რჩებათ, თვალი ადევნონ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების უცნაურ განვითარებას, რომლებშიც დიდი ბზარი, როგორც ჩანს, უკვე გაჩნდა. თანაც არაერთი.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S