
ჩეჩნურ-აფხაზურ-ქართული კრიმინალური საქმე: გატაცებულ სოსელიას შესაძლოა, გალის რაიონში მალავდნენ
07/09/2020 11:09:39 კონფლიქტები
ორიოდ დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში “მეგრულ ენაზე მოსაუბრე დაუდგენელი პირების მიერ” გატაცებულ ჯემალ სოსელიას შესაძლოა, გალის რაიონის ტერიტორიაზევე მალავდნენ. ოჯახისგან გამოსასყიდის სახით 180 მილიონ რუბლს მოითხოვენ, - აცნობეს “აქცენტს” ოკუპირებული რეგიონიდან დე ფაქტო შსს-ში არსებულ სანდრო წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, წყაროს ინფორმაციით, მომხდარი წმინდა წყლის კრიმინალური ისტორიაა, პოლიტიკასთან არაფერი აქვს საეთო და ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკოსის (მაგალითად გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის - ამჟამად ოპოზიციონერი თემურ ნადარაიას მიერ) ამ ფაქტზე საუბრისას სოსელიას რუსეთის მოქალაქეობისთვის ხაზგასმა სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ სოსელიას ე.წ. საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტიც გააჩნია და მაშასადამე, “აფხაზეთის მოქალაქეცაა”.
მისივე ცნობით, წარმოშობით გალელმა ჯემალ სოსელიამ, რომელმაც თავის დროზე რუსეთის მოქალაქე შეირთო ცოლად და უმთავრესად მეუღლის სამშობლოში – სოჭში მოღვაწეობდა, რამდენიმე წლის წინ იქ სამშენებლო მასალებით ვაჭრობისა და ხე-ტყის წარმატებული ბიზნესი წამოიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეობა თავადაც გააჩნდა, საწარმოები ცოლის სახელზე ჰქონდა გაფორმებული.
როგორც წყარო ყვება, რამდენიმე წლის წინ სოსელიასთვის ბიზნესის წართმევა იქაურმა ჩეჩნებმა სცადეს. ამ მიზნით მათ ბიზნესმენის ცოლიც ჰყავდათ გატაცებული, თუმცა მალევე დააბრუნეს. მაშინ ეს ამბავი ჩაიფარცხა, მაგრამ ბიზნეს-კონფლიქტი ამით არ ამოწურულა – ჩეჩნები სოსელიას შემდგომშიც აწუხებდნენ. მათგან გათავისუფლების მიზნით ბიზნესმენმა საქმეში “ქურდების” ჩარევა გადაწყვიტა, კერძოდ – თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი და აფხაზი კრიმინალების. ამ უკანასკნელებმა კი, თავის მხრივ, პრობლემის გადასაჭრელად საქმეში უკვე ადგილობრივი – აფხაზეთში მყოფი საშუალო რგოლის კრიმინალი შუამავლები ჩართეს, რომელთა შორის ეროვნებით როგორც აფხაზები არიან, ისე ქართველებიც.
“ამ შუამავლებს, გეგმის მიხედვით, კონფლიქტი უნდა მოეგვარებინათ, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, თავად ეხეირათ და სოსელია სწორედ მათ მიერაა გატაცებული. ვიცით, რომ იმ 5 გამტაცებელს შორის აფხაზებიც არიან და ქართველებიც. იმ ვერსიასაც განვიხილავთ, რომ სოსელია საქართველოში არ გადაუყვანიათ და ის ისევ გალის რაიონში ჰყავთ გადამალული – არსებობს ამაზე მეტყველი არაოფიციალური ინფორმაციები. გამტაცებლები 180 მილიონ რუბლს მოითხოვენ. თანხის მასშტაბი იმაზე მეტყველებს, რომ აქ საუბარი არა ფულზეა, როგორც ასეთზე, არამედ სოსელიას ბიზნესზე, რომელიც იმთავითვე წარმოადგენდა კონფლიქტის მიზეზს” – განაცხადა წყარომ დე ფაქტო შსს-ში.
ამასობაში აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
“5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში ნიღბიანმა შავსამოსიანმა შეიარაღებულმა პირებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მჯდომი სოსელია გააჩერეს, მანქანაში ჩაუსხდნენ და ერთად დაიძრნენ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, ენგურჰესის მიდამოებში დაუდგენელ პირებსა და სოსელიას შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც ძალით აკავებდნენ სოსელიას, საქართველოსთან საზღვრისკენ გაემართნენ. ჯემალ სოსელიას ავტომობილი სამართალდამცველებმა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან გზაზე იპოვეს. დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული ფეხით გაუყვნენ ტყისპირს სასაზღვრო მონაკვეთამდე“, - ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე ფაქტო უწყების ცნობით, გამოძიებას გალის რაიონის “პროკურატურა” დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან” ერთობლივად აწარმოებს.
აფხაზური ოპოზიცია კი, კერძოდ წინა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას რევანშისტულად განწყობილი მხარდამჭერები მომხდარის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. კერძოდ, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ამ გატაცების თაობაზე, აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მსგავსი ფაქტები წლებია, აღარ მომხდარა და 2015 წლის შემდეგ ეს გალის რაიონში მოქალაქის გატაცების პირველი შემთხვევაა.
ამასთან, წინა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან განგებ ხდება გამტაცებლების "მეგრულ ენაზე საუბრის" ხაზგასმა - იმ მიზნით, რათა ეს კრიმინალური ფაქტი დაუკავშირონ ქართულ მხარეს, რომელთან "მოღალატეობრივ თანამშრომლობაშიც" ადანაშაულებენ რევანშისტები მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის - ასლან ბჟანიას გუნდს.