Accentnews.ge
იზოლაციის ერთი წელი

იზოლაციის ერთი წელი

07/09/2020 12:46:23 კონფლიქტები

უკვე ერთი წელია, ახალგორის ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივ იზოლაციაშია. გასული წლის 5 სექტემბრიდან მოყოლებული, “რაზდახანის» (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ადგილობრივებს დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის იმედი აღარ აქვთ. ბევრი მათგანი ამ პირობებში შემოვლით გზებს ირჩევს, რაც დისკომფორტულობის გარდა, რეალური საფრთხის შემცველია.

«ხანდაზმულები, რომელთა უმრავლესობას ქრონიკული დაავადებები აწუხებს, სამკურნალოდ გასვლას “წითელი ჯვრის” ხაზით ცდილობენ, ხშირად კი, ასე ვთქვათ, თავის დიაგნოზებს ნათესავებთან გასასვლელად იყენებენ. თბილისის კლინიკებში სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის მისაღებად მათ გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ ცხინვალის კლინიკაში, ან ჯერ - ახალგორში, მაგრამ შემდეგ მინიმუმ სამი დღის განმავლობაში - მაინც ცხინვალში. ასე გადის ყოველკვირეულად რამდენიმე ადამიანი მაინც, თანმხლები პირების გარეშე. მაგრამ გასასვლელად საჭიროა საშვიც, რომელიც ყველას როდი აქვს – მარტის შუა რიცხვებიდან ხომ მათი გაცემა კარანტინის გამო შეწყდა. ვინც არც ხანდაზმულია და არც ავად, “წითელი ჯვრის” ოჯახების გაერთიანების პროგრამით ცდილობს სარგებლობას. ჩემი მონაცემებით, ოჯახებთან გასვლის სურვილი 90-მდე ადგილობრივმა გამოთქვა, თუმცა ხსენებული პროგრამით სარგებლობა ამ დრომდე მხოლოდ ხუთიოდემ მოახერხა» - ყვება ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

ქართულ მხარეს გადასულ ყველა ახალგორელს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი ელის, გამონაკლისს მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში უშვებენ – ასეთ ავადმყოფებს კოვიდ-კვლევა სტაციონარშივე უტარდებათ. ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ მათ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებსთანავეც.

ამდენად, დე ფაქტო საზღვრის ამ გზით კვეთას მხოლოდ მათთვის აქვს აზრი, ვინც ოკუპირებული რეგიონიდან ხანგრძლივი დროით გადის. ხოლო ისინი, ვისაც უბრალოდ ნათესავების მონახულება სურს ან ერთი-ორი დღის სხვა საქმე გააჩნია, ამ გზას დე ფაქტო საზღვრის არალეგალურად კვეთას ამჯობინებენ. თუმცა ამ დროს რისკავენ, დაკავებულები აღმოჩნდნენ ან ოსურ, ან ქართულ მხარეზე.

დე ფაქტო საზღვარს მთიან მიდამოებში კვეთენ, სადაც ნაკლები “თვალია”. თუმცა აქაც თავისუფლად შეიძლება, აღმოჩნდე “გამოჭერილი”: ახალგორის რაიონის დაცარიელებულ სოფლებში ხომ ერთი ადამიანის არყოფნაც ადვილი შესამჩნევია მეზობლებისთვის, რომელთაგან რომელიმემ შეიძლება, გასული პირი დე ფაქტო ხელისუფლებასთან “ჩაუშვას”. შედეგად, თუ მალულად გასვლას წარმატებით მოახერხებ, უკან დაბრუნებულს აუცილებლად შეგიქმნიან პრობლემებს – მოგაკითხავთ სასწრაფო დახმარებისა და მილიციის ეკიპაჟები, დაგაკავებენ, ჯარიმას გადაგახდევინებენ და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში მოგათავსებენ. ამის გამო გამსვლელთა უმრავლესობა ცდილობს, ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ დღეზე მეტხანს არ დარჩეს.

თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც – როცა დიდი ხნით გასულები შეუმჩნევლები და, შესაბამისად, დაუსჯელები რჩებიან. ამის დასტურად ისინი დროდადრო სოცქსელში აჭარის პლაჟებზე ან თბილისის ცენტრში გადაღებულ ფოტოებს ათავსებენ, რაც შემდგომ მითქმა-მოთქმის მიზეზი ხდება იმის შესახებ, რომ ყველა დამრღვევს ერთნაირი მონდომებით არ სჯიან.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ არაფერი ჰქონდა ამ ადამიანების საწინააღმდეგო, მაგრამ პანდემიამ ეს დამოკიდებულება შეუცვალა:

«ერთის მხრივ, მესმის მათი. თუ ხალხი იზოლაციის რეჟიმით 30 000-იან ცხინვალში დაიღალა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ ნახევრადდაცარიელებულ დაბაში, სადაც არავითარი კულტურული ცხოვრება არ არსებობს და ვერც ნათესავებს ვნახულობთ. თან ამ რეჟიმში გასული წლის სექტემბრიდან ვცხოვრობთ. ხანდახან ისე ხდება, რომ იქით მხარეს ახლობელი გვიკვდება და დადგენილი წესების დაცვით მის დაკრძალვაზეც კი ვერ ვახერხებთ გასვლას. ერთ აქაურ ქალს წეროვანში მეუღლე გადაეცვალა. ჩვენი ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და მოხუცი ქალბატონი “რაზდახანით” ოფიციალურად გადაუშვა, მაგრამ იგი ქართულ საგუშაგოზე დააკავეს და ორკვირიან სავალდებულო კარანტინში მოათავსეს, რის გამოც მეუღლის დაკრძალვას მაინც ვერ დაესწრო. ამიტომაც ცდილობს ყველა, ვისაც ამის ჯანმრთელობა ჰყოფნის, საზღვარი არალეგალურად გადაკვეთოს – ასე შანსი რჩებათ, ქართულ მხარეს არ დააკავონ. თუმცა მეორეს მხრივ, ისინი არა მარტო თავად რისკავენ. ისინი რისკავენ ჩვენი ჯანმრთელობითა და სიცოცხლითაც, თანაც ჩვენი ნებართვის გარეშე».

როგორც თამარი აღნიშნავს, აუცილებელია, დე ფაქტო საზღვრის ლეგალური კვეთა იქნას უზრუნველყოფილი, თუნდაც მოქალაქეებისთვის დისკომფორტული პირობებით – ორი კარანტინით:

“ამ შესაძლებლობით სარგებლობას შეძლებენ მოქალაქეები, რომლებსაც რესპუბლიკიდან გასვლა სამუდამოდ, ან ხანგრძლივი დროით სურთ, ასევე პირიქით – ისინი, ვინც დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. კარანტინის გამო ქართულ მხარეს ჩარჩნენ მთელი ოჯახები, ბევრი მათგანი – მცირეწლოვანი ბავშვებით. ამ ადამიანებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ” – დასძენს მეარაყიშვილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულრეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S