
კრემლის ყვითელი ბარათი აფხაზეთს. რა რჩება წითლამდე?
14/09/2020 09:11:16 კონფლიქტები
სანამ მსოფლიო კვლავ მომძლავრებულ კოვიდ-საფრთხეს ებრძვის, კრემლი, ტრადიციულად, მომენტით სარგებლობს და თავისი ბნელი ზრახვების რეალიზებას ცდილობს. ფიქრობს, დრო შესაფერისია – ყველა პანდემიითაა დაკავებული, როგორც 2008-ში – ოლიმპიადით და დასასჯელად არავის ეცლება… და აი, მსოფლიო უკვე ბელარუსის მოვლენებს ადევნებს თვალს. მაგრამ რატომაც არ წავიდეს უფრო შორს და ბარემ დაასრულოს ერთი-ორი უფრო მარტივი საქმეც? - მაგალითად, იქ, სადაც იურიდიული დასაბუთებაც ხელთ აქვს და სამხედრო ბაზებიც გააჩნია ყოველი შემთხვევისთვის?
და აი, უკვე ყვითელი ბარათიც გამოჩნდა. ძალზე ცუდ დროს - რთულ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი აფხაზეთისთვის. მაგრამ ძალზე შესაფერის დროს - კრემლისთვის... ვგულისხმობ პოლიტიკოს პრილეპინის, მოგვიანებით დეპუტატ ჟირინოვსკის, ბოლოს კი - საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწე პროხანოვის განცხადებებს. ყველა მათგანს ბოლო თვეების განმავლობაში ერთი მეორეს მიყოლებით ეწვია იდეა რუსეთისთვის როგორც ბელარუსის, ისე უკრაინის, ასევე აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა არაღიარებული/ნაწილობრივ აღიარებული რეგიონების მიერთების შესახებ.
ყველა ეს ბატონი, რა თქმა უნდა, ოდიოზური ფიგურაა, თუმცა ყველას “კრემლის რუპორად” იცნობენ. როგორც ჩანს, ამიტომ გადაწყვიტა პროხანოვის ტირადების შემდეგ სოხუმმა, ოფიციალური რეაგირება მოეხდინა დე ფაქტო საგარეო უწყების კომენტარით: «ფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება და შეუქცევად ხასიათს ატარებსო».
ან როგორ არ უნდა მოახდინო რეაგირება?! დაუკვირდით, რას წერს პროხანოვი თავის სტატიაში “ტირასპოლიდან ვლადივოსტოკამდე”:
«აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო რუსული ტერიტორიებია ამიერკავკასიაში. ჩვენ მათ ხმამაღლა რუსულ ტერიტორიებად არ მოვიხსენიებთ, ვუწევთ რა ანგარიშს დროს, ვიგონებთ რა არადამაჯერებელ, არარეალისტურ ფორმულებს ამ რუსული სახელმწიფოების სუვერენიტეტის შესახებ. […] დიდი ნოვოროსიის, როგორც დიადი რუსეთის ნაწილის გეგმის რეალიზება [...] - სწორედ ესაა გეოპოლიტიკური მოდელი, რომელიც მოაზროვნე გეოსტრატეგების ცნობიერებაში არსებობსო”.
აღშფოთებულია არა მარტო დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. უკიდურესადაა აღშფოთებული საზოგადოებაც. სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ამ დღეებში წაიკითხავთ იმას, რაც ადრე ასე ღიად და ცალსახად არასოდეს თქმულა. აი, მაგალითად:
აფხაზეთის ბევრ მაცხოვრებელს, როგორც ჩანს, უკვე აღარ სჯერა რუსეთის ოფიციალური პირებისა და აფხაზეთის რევანშისტულად განწყობილი წინა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცების, “ეს ცალკეული რუსი მოღვაწეების კერძო მოსაზრებებია და არა სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულად განწყობილი ხელისუფლებისო”. და ახლა მოსკოვს აფხაზი ხალხის ამაში დარწმუნება კიდევ უფრო გაუჭირდება. ზემოაღნიშნული თამამი ინიციატივების ავტორები ხომ დიდად არც მალავენ, რომ მიერთების იდეები რუსეთის სახელისუფლებო დერეფნებშიც აქტიურად მუსირებს.
“ტირასპოლიდან ვლადივოსტოკამდე სახელმწიფოს კონცეფცია რუსეთში საჯაროდ არავის განუხილავს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ მასზე როგორც გენერალურ შტაბში, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უშიშროების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მსჯელობენ», - წერს იმავე სტატიაში პროხანოვი.
მაგრამ აქ საქმე არა იმდენად მასშია, ან ჟირინოვსკიში, ან პრილეპინში, ან კრემლის სხვა “რუპორების” განცხადებებში. საქმე თავად რუსეთის ხელისუფლების თვალსაჩინო ნაბიჯებშია, რომელსაც იგი აფხაზეთთან მიმართებაში მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში დგამდა: დაფინანსების ჯერ შემცირებაში, ხოლო შემდეგ შეწყვეტაში, ტურისტული სეზონის დაწყების დროისთვის ფსოუზე “საზღვრის” ჩაკეტვაში, პანდემიის პერიოდში ფაქტობრივ სამედიცინო ბლოკადაში, აფხაზი პენსიონერების, როგორც უპირველესი რისკ-ჯგუფის იძულებაში, ეპიდემიის დროს გრძელ რიგებში ჩადგნენ, ასევე იმ მინიშნებებში, დატუქსვებსა და პირდაპირ მუქარებშიც კი, რომელიც აფხაზურ ოფიციოზთან ბოლოდროინდელ დახურულ შეხვედრებზე ჟღერს (და მაღალი ალბათობით, ჟღერდა ამ დღეებში მოსკოვშიც – დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრებზე).
და თუ ბოლო დრომდე აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკისადმი უკმაყოფილების გაჩენისას ამას “ქართულ პროპაგანდასა” და ზოგადად თბილისს უკავშირებდნენ, ამჯერად ქართული მხარისთვის რამის დაბრალება აღარ გამოუვა არც რუსეთის “ელჩ” დვინიანინს, არც ვინმე სხვას. თბილისი ხომ აფხაზებს ფსოუზე საზღვარს ვერ ჩაუკეტავდათ, ვერც რუსეთის დაფინანსებას შეუწყვეტდათ, ისევე, როგორც ვერ მოუწყობდათ რუსეთის მხრიდან სამედიცინო ბლოკადას და ვერ აუკრძალავდა აფხაზ პენსიონერებს პლასტიკური ბარათების გამოყენებას რუსეთის საპენსიო ფონდის სახელით. ხოლო ის, რომ თბილისი არ დაემუქრებოდა აფხაზურ ოფიციოზს თბილისთანვე თანამშრომლობის სურვილის გამო, თავისთავად ცხადია...
ეს კიდევ ერთი მიზეზია, აღარ ენდონ არც კრემლის, არც იმ აფხაზი რევანშისტების სიტყვებს, რომლებიც ოდესღაც სწორედ მოსკოვის წყალობით მიღებული პრივილეგიებისა და მდგომარეობის დაბრუნებას ლამობენ. საზოგადოება ახლა უკვე საკუთარ თვალებს უჯერებს და აღარ ხუჭავს მათ არც (თბილისთან თანამშრომლობის სურვილის გამო დაწესებულ) მოსკოვის სანქციებზე, არც რუსეთთან მიერთებისთვის ნიადაგის მოსინჯვაზე.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როგორც არაერთგზის გვიჩვენა ისტორიამ, თუკი რუსეთი რაიმეს მიერთებას წყვეტს, ადგილობრივი მოსახლეობის ხედვა აბსოლუტურად არ აინტერესებს – უბრალოდ დგება და იერთებს. მისთვის წინაღობას არც ადგილობრივთა აზრი წარმოადგენს (“საუკეთესო” შემთხვევაში მორიგ ყალბ რეფერენდუმს ჩაატარებს, უარესში კი პროტესტს ძალით ჩაახშობს), არც ცივილიზებული სამყაროსი, რომლის თვალშიც მან იმიჯის ნარჩენები ისედაც დიდი ხანია, დაკარგა, არც თუნდაც საკუთარი – რუსეთის მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილისა, რომლის ხმაც მარტივად იხშობა #ყირიმიჩვენია-ს ტიპის პიარ-კამპანიებით.
და ახლა, თუ, ღმერთმა არ ქნას, მოვლენები მართლაც პროხანოვისეული სცენარით განვითარდება, აფხაზეთს ემუქრება, სრულად გააცნობიეროს, რა რისკების შემცველია ისეთი “სტრატეგიული პარტნიორის” ყოლა, როგორიც რუსეთია.
“სოხუმის მიმართ მოსკოვის ყველა ბოლო ნაბიჯი (ფინანსური დახმარების შეწყვეტა, “საზღვრის” ჩაკეტვა, ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადა, პენსიონერთა რიგები და ა.შ.) მისი რეალური მიზნის მიღწევის “ოპერიდანაა”. ეს მიზანი კი არა აფხაზეთის “ყოველმხრივი დახმარებაა” სახემწიფოს ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, გაძლიერებაში, მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევაში, არამედ რუსეთის უკიდეგანო ტერიტორიისთვის კვადრატული კილომეტრების კიდევ გარკვეული რაოდენობის მიერთება” – დარწმუნებულია საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.
მისივე აზრით, იურიდიული ფუნდამენტი ამ ყველაფრისთვის ჯერ კიდევ 2014 წელს, ე.წ. დიდი აფხაზურ-რუსული ხელშეკრულებით შეიქმნა, რომელიც მთელი რიგი სტრუქტურების, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების შერწყმას ითვალისწინებს.
“როგორც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა აფხაზური სისტემა რუსეთის კონტროლს დაექვემდებარება, მოსკოვს მხოლოდ შესაფერისი მომენტის შერჩევა დარჩება – და ნიადაგის მოსინჯვა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. ეს ყველაფერი ცალსახად დაუშვებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება აფხაზი ხალხის ინტერესებსა და სურვილს” – ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
და ამ პოზიციას ბევრი აფხაზი დამკვირვებელი იზიარებს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი უკვე მოსკოვის მიერ რეალური მიზნის ძალისმიერი გზით მიღწევის სამწუხარო პერსპექტივასაც განიხილავს.
«აფხაზეთი ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სტრატეგიულმა პარტნიორმა მოულოდნელად გადაწყვიტა, მეგობრული რიტორიკიდან ძალისმიერ მიერთებაზე გადავიდეს. აქაოდა, “თუ ნებით არ გსურთ, ამას თქვენს დაუკითხავად გავაკეთებო». მაგრამ რეალურად როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები – ამაზე ცოტა თუ ფიქრობს. აფხაზეთის მოსახლეობა ამას, რაღა თქმა უნდა, არ შეეგუება და გააპროტესტებს. მაგრამ გამოუვა თუ არა ეს – არავინ იცის” – ამბობს ჩვენი აფხაზი რესპონდენტი სოხუმიდან.
იგი განმარტავს, რომ “თითოეულ რაიონში რუსული სამხედრო ბაზები დგას, აღჭურვილი თანამედროვე შეიარაღებისა და სამხედროების დიდი რაოდენობით, თანაც ისინი არა მარტო საქართველოსთან მოსაზღვრე ნაწილშია განთავსებული”.
“რამდენიმე ათეული ბაზაა მთიან ნაწილშიც და რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის სიახლოვესაც. არადა, რომ დავფიქრდეთ, რა ესაქმებათ მათ იქ – იქაც ქართველებისგან გვიცავენ?! და აი, ეს ჯარები ძირშივე ჩაკლავენ აფხაზების მხრიდან რუსეთის პოლიტიკის, მისი პოლიტიკური თვითნებობის გაპროტესტების ნებისმიერ მცდელობას. დაიწყება კონფლიქტი, რომელსაც რუსეთი მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე თავის გასამართლებლად ალბათ, “ტერორიზმთან” ან რაიმე სხვა “ბნელ ძალასთან” ბრძოლად გაასაღებს, ხოლო აფხაზეთის შემდგომ მიერთებას – “რესპუბლიკის მაცხოვრებლების უმორჩილეს თხოვნად» - თვლის ჩვენი სოხუმელი რესპონდენტი.
ამგვარად, იმის აღქმა, თუ რაში მდგომარეობს რეალური არსი იმ “ახალი პოლიტიკური რეალობისა”, რომელზეც მოსკოვი თბილისს ბოლო 12 წლის განმავლობაში მუდმივად უთითებდა “რეკომენდაციით”, “ვაღიაროთ”, აფხაზეთში უკვე დადგა. და ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლის ეს კომენტარი საუკეთესოდ ასახავს რიგითი მაცხოვრებლების აზრებს:
მაგრამ ისმის კითხვა: ეხლა რა ვქნათ?
«ეხლა ყველაფერი აფხაზეთის ხელმძღვანელობის ხელშია, რომელსაც უფლება არ აქვს, პოზიციები დათმოს. სასწორზე ხომ რესპუბლიკისა და მისი ხალხის ბედი დევს. ეხლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ღია საუბარი ხალხთან” – დარწმუნებულია ჩვენი სპხუმელი რესპონდენტი.
ამასთან, მისი აზრით, “რუსეთის განუზომლად უფრო დიდი პოლიტიკური, სამხედრო და სხვა სიძლიერის გათვალისწინებით, სოხუმისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მიმდინარე მოვლენებისადმი მთელი მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება მიიზიდოს”.
“ამ თვალსაზრისით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია, დაეხმაროს აფხაზეთს, რუსეთის ნაწილად არ იქცეს, როგორც ჩანს, საქართველოა, რადგან სხვა გზა, მსოფლიოს ხმა მიაწვდინოს, რესპუბლიკას უბრალოდ არ აქვს” – ასკვნის ჩვენი სოხუმელი თანამოსაუბრე.
და მართლაც, კიდევ ვისი იმედი შეიძლება, ჰქონდეს სოხუმს? ვინ გაუწევს მოსკოვს წინააღმდეგობას შესაძლო მიერთებისგან აფხაზეთის დასაცავად? - ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია, ან იქნებ ნაურუ? თითოეულმა მათგანმა ხომ (სადღეისოდ ეს უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო) თავის დროზე აფხაზეთი სწორედ კრემლის სურვილის გათვალისწინებით აღიარა!
სამაგიეროდ თბილისი, რომელიც აფხაზეთს არ აღიარებს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს, პირდაპირაა დაინტერესებული, მის რუსულ ანექსიას შეეწინააღმდეგოს.
მეტიც, პაატა გაფრინდაშვილის აზრით, თბილისი არა მარტო დაინტერესებულია, არამედ “ვალდებულიც აფხაზი ხალხის წინაშე, დაიცვას მისი ინტერესები და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს ანექსიის არდასაშვებად”.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება