COVID-19: დაეხმარო აფხაზეთს რუსული სანქციების გვერდის ავლით

14-09-2020 16:59:08 კონფლიქტები

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კორონავირუსულმა ინფექციამ თავისი მეორე სვლა დაიწყო. აფხაზეთი, მთელი დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ჯერ მხოლოდ პირველ ტალღას კონსტატირებს. ყოველდღიურად ადგილობრივი მედიკოსები ინფიცირებულთა ახალ რეკორდულ მატებას აფიქსირებენ. ბოლოს დღიური ნამატი 42-ს შეადგენდა.

13 სექტემბრის მდგომარეობით, დაავადებულთა ჯამური რაოდენობა 640-მდე იყო გაზრდილი. მათგან სოხუმში 494 შემთხვევა იყო აღრიცხული, გაგრაში - 44, გუდაუთაში - 61, ოჩამჩირეს რაიონში - 25, გულრიფშში - 13, ტყვარჩელში - 3. ამ სტატისტიკაში არ შედის გალის რაიონის 28 ინფიცირებული მაცხოვრებელი, კერძოდ, ენგურჰესის თანამშრომლები და პირები, რომლებთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ. მათი ტესტირება საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა და, შესაბამისად, პასუხებიც ქართულ მხარისაგან იქნა მიღებული. სულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყების დღიდან გარდაცვილია 6 პაციენტი. და მედიკოსების პროგნოზით, ეპიდვითარება სამომავლოდ მხოლოდ გაუარესდება.

აფხაზეთში ინფიცირებულებს ერთადერთ კოვიდ-ცენტრში მკურნალობენ, რომელიც გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა. რემონტის შემდეგ დაწესებულების სრულფასოვანი აღჭურვა ვერ მოესწრო. მართალია, აფხაზური ბიზნეს-თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით ბოლო თვეებში საჭირო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილის შეგროვება მოხერხდა. თუმცა ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება საკადრო პრობლემა. პერიოდულად რუსეთიდან აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად ექიმების ჯგუფები ჩადიან, თუმცა მედიკოსების უკმარისობის პრობლემას ეს კარდინალურად ვერ წყვეტს. საშუალო და დაბალი რგოლის პერსონალის დეფიციტი დღითიდღე იზრდება. გარდა ამისა, კოვიდ-ჰოსპიტალში კატასტროფული უკმარისობაა ჟანგბადის ბალონების და ახალი, თანამედროვე მედიკამენტების ჯანმო-ს მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ დამტკიცებული პროტოკოლიდან.

აფხაზური ხელისუფლება ეპიდემიის მასშტაბური აფეთქებისთვის სრულ მზადყოფნაზე საუბრობს და არ ამხელს მთელ რიგ პრობლემებს — ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, ტესტების გამოლევა, ასევე მოსახლეობის უარი, რუსეთის კლინიკებში იმკურნალონ და სხვა. თუმცა ყველაფერზე - რიგრიგობით.

ეპიდემიის დაწყების დროიდან აფხაზეთში ვირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია 7 პაციენტი, საშუალოდ მძიმეა 13-ის მდგომარეობა.

რამდენიმე დღის წინ კოვიდ-ჰოსპიტალში დაიღუპა 74 წლის ქალი, რომლის მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროებს. თუმცა მისი გარდაცვალებიდან უკვე მეორე დღესვე გახდა ცნობილი, რომ აფხაზი მედიკოსები კრიტიკულ მდგომარეობაში მიღებული პაციენტის აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გადაყვანის რეკომენდაციას იძლეოდნენ და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდნენ. ეს პასუხი კი ამ დრომდე არაა მიღებული.

არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა ისიც, რომ ადრე რუსეთისა და აფხაზეთის ჯანდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, კრასნოდარის სამხარეო კლინიკები ერთი მეორეს მიყოლებით აცხადებდნენ უარს პაციენტის მიღებაზე. მეტიც, რუსეთის მიერ დაგომისის ინფექციური საავადმყოფოს აფხაზეთის საჭიროებებისთვის გამოყოფილ ნაწილში განაცხადეს, რომ თავისუფალი ადგილები აღარ აქვთ, ამდენად იქ მძიმე ავადმყოფების გადაყვანა შეუძლებელია.

აფხაზი მედიკოსების ყველა მცდელობა, რუს კოლეგებს მოჰლაპარაკებოდნენ, უშედეგო აღმოჩნდა. რუსული მხარე თავისი უარის მთავარ არგუმენტად «საკუთარი» ავადმყოფების რაოდენობის ზრდას ასახელებს - «ადგილები მათთვისაც კი აღარ გვყოფნისო».

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი აფხაზეთის ინფიცირებული მაცხოვრებლების მკურნალობაზე უარს აცხადებს. ყველას ახსოვს აფხაზი მედიკოსების ისტორია, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში გადაიყვანეს. გასაგებია, რომ სად და როგორ იმკურნალოს — ყველას პირადი საქმეა. მაგრამ მაშინ რუსული ჯანდაცვის ყველა ადგილობრივ მედიასაშუალებაში დაპიარებულ დახმარებას რა ვუყოთ? რუსეთი ხომ მთელი წინა თვის განმავლობაში გზავნიდა აფხაზეთში თავის სპეციალისტებს «ერთობლივი მოქმედებების კოორდინაციისთვის და რუსულ კლინიკებში ადგილობრივი პაციენტების ტრანსპორტირებისთვის»? გამოდის, ეს უბრალოდ ხმამაღალი სიტყვები იყო, რომლის იქითაც არანაირი რეალური მოქმედება არ მოიაზრებოდა?!

ამასობაში აფხაზეთის მაცხოვრებლებმა სოცქსელებში მოუხშირეს იმაზე წერას, რომ ვერ გადიან კოვიდ-ტესტირებას ტესტების უკმარისობის გამო. გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ამ მრივ ვითარება მართლაც კრიტიკულია: ლაბორატორიებში მაქსიმუმ, ორი დღის მარაგია დარჩენილი.

და ეს კრიზისი არავითარ კავშირში არაა ჩინოსნების უნიათობასთან. სამინისტრომ ადგილობრივი მეწარმეების ფინანსური დახმარებით ტესტებისა და სხვა საჭირო საშუალებების გარკვეული მარაგი დროულად შეიძინა, თუმცა მათი რუსულ-აფხაზურ საზღვარზე გადმოტანა გაურკვეველი მიზეზებით დაიბლოკა. და როგორც მაღალი კაბინეტების კულუარებში საუბრობენ, გარკვეული რუსი ჩინოსნების თანხმობის გარეშე ტესტები აფხაზეთში ვერ მოხვდება. ანალოგიური ვითარებაა მედიკამენტებსა და დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი რუსეთიდან გასატანად აკრძალული საგნების ჩამონათვალში მოხვდა.

ეპიდემიის დაწყების მომენტიდან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესმენები და დასავლეთის ქვეყნების საქველმოქმედო სტრუქტურები აფხაზეთში ტესტებს, ნიღბებს, სადეზინფექციო ხსნარებს, ხელთათმანებსა და სხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთებს გზავნიან. ამ დახმარების წყალობით აფხაზური მედიცინა ამ დრომდე, ავად თუ კარგად, უმკლავდებოდა ვითარებას. თუმცა ეს დახმარება, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ხასიათდება თვისებით, ამოიწუროს და აი, მერე რა უნდა მოიმოქმედონ მედიკოსებმა — ვერავინ ამბობს.

ჯერ-ჯერობით ამ პრობლემაზე ღიად საუბრისგან აფხაზეთში თავს იკავებენ — უპირველესად, მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას უფრთხიან. თან არ ჩქარობენ, მსოფლიოს სამსჯავროზე გაიტანონ ესოდენ უცნაური ქცევა იმ სტრატეგიული პარტნიორისა, რომელიც გამუდმებით იწონებს თავს თავისი დახმარებითა და მხარდაჭერით. და ეს გასაგებიცაა: რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, თან ეპიდემიის მომძლავრების ფონზე სარისკოა. უფრო მარტივია, გადაამისამართო მძიმე პაციენტები ქართულ კლინიკებში: საქართველო ხომ ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე, მზადაა, ყოველგვარი გახმაურებისა და პიარის გარეშე დაეხმაროს აფხაზეთს.

გუდაუთის კოვიდ-ცენტრიდან ქართულ ქალაქებში სამკურნალოდ გადასაყვანად კიდევ რამდენიმე პაციენტს ამზადებენ. ამის გაკეთებას აფხაზი მედიკოსები გახმაურების გარეშე, ყურადღების მიუზიდავად ცდილობენ. მაგრამ რა ძალისხმევაც არ უნდა მიმართონ ამაზე, რუსი მესაზღვრეების გვერდის ავლით ამას, ბუნებრივია, ვერ მოახერხებენ — ისინი ხომ ამ დრომდე ჩაკეტილ ყველა სასაზღვრო გადასასვლელზე დგანან. ინფორმაცია მაშინვე იგზავნება საჭირო რუსულ უწყებებში და აფხაზეთი არაოფიციალური აკრძალვებისა და სანქციების მორიგ პარტიას იღებს.

გავრცელდა ინფორაცია, რომ უახლოეს დღეებში აფხაზეთში ჩაიტანენ ტესტებისა და სამედიცინო საშუალებების მორიგ პარტიას. ქართული და დასავლური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მიერ შეგროვებულ ამ ჰუმანიტარულ ტვირთს აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით რუსული სანქციების გვერდის ავლით, ენგურის გავლით შეიტანენ.

მანამდე კი მედიკოსები მოუთმენლად ელიან დახმარებას, რათა პაციენტების გადარჩენას შეუდგნენ. და მიუხედავად მათი აღიარებისა, რომ ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლა ამჟამად უფრო ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს, ექიმები საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების დროულად მიღების იმედს არ კარგავენ. ისევე, როგორც აფხაზეთის რიგითი მაცხოვრებლები, რომლებმაც, როგორც იქნა, გააცნობიერეს ახალი ინფექციური დაავადების მთელი საფრთხე.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები