დღეიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა

15-09-2020 11:12:54 საგარეო პოლიტიკა

დღეიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა. დღემდე ისინი საქართველოს საზღვარს თავისუფლად კვეთდნენ, 15 სექტემბრიდან მათ მოუწევთ წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტირების პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ყველა სახის ვიზიტით ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვა, მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში განმეორებითი PCR ტესტირებისთვის.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი ივლისიდან უპირობოდ გაუხსნა გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმაც საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები