Accentnews.ge
ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში: კრემლი ღია შანტაჟზე გადავიდა

ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში: კრემლი ღია შანტაჟზე გადავიდა

15/09/2020 13:48:06 კონფლიქტები

აფხაზეთის მოსახლეობა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შედეგების შესახებ ცნობებს დიდი ენთუზიაზმითა და იმედით ელოდა. ყველას ესმოდა, რომ რუსეთის დედაქალაქში აფხაზური სახელმწიფოს ხელმძღვანელი ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად მიდიოდა, რომლის გარეშეც რესპუბლიკაში, მაღალი ალბათობით, კიდევ უფრო მძიმე დრო დადგება.

პრეზიდენტი შინ დაბრუნდა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები, ამ დრომდე არ გავრცელებულა. ამასობაში აფხაზეთი უკანასკნელი ძალებით ებრძოდა კორონავირუსის ეპიდემიას, თვეობით აგვიანებდა ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების გაცემას და იმედით შესცქეროდა სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარ და მეზობელ რუსეთს.

ეს მოსკოვში ბჟანიას უკვე მეოთხე ვიზიტი იყო გაპრეზიდენტების მომენტიდან. პირველი მაისის დასაწყისში გაიმართა. პრეზიდენტს მაშინ თან ახლდნენ ორი საკვანძო უწყების — ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელები. და ყველა თხოვნის მიუხედავად, ფული მაშინ მოსკოვში არ მისცეს - «ჯერ აფხაზეთის ტერიტორიაზე რიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რევიზია უნდა ჩავატაროთო».

მართლაც, კარანტინისა და ორივე სახელმწიფოს მხრიდან ჩაკეტილი საზღვრის მიუხედავად, რესპუბლიკას მოკლე დროის განმავლობაში სხვადასხვა რუსული უწყებების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ ვითომდა დაათვალიერეს ობიექტები რესპუბლიკის ყველა რაიონში, სინამდვილეში კი შეაფასეს იმ დარგების მდგომარეობა, რომლებიც მცირე სახელმწიფოს არსებობას უზრუნვეყოფენ.

«პანდემიის პერიოდში, როცა მთელი ყურადღება გადატანილია მკვლელი ინფექციის აღმოფხვრაზე, ჩვენთან ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყეს სიარული სხვადასხვა რუსულმა დელეგაციამ. რატომღაც მაინცდამაინც ახლა მოუნდათ იმის გარკვევა, როგორ მუშაობს ენგურჰესი, ენერგოქსელები, ჩვენი სკოლები და საავადმყოფოები. მაინცდამაინც ახლა გაუჩნდათ ცნობისმოყვარეობა. და ეს გარკვეულ მოსაზრებებს აჩენს», - ამბობს სოხუმელი ასტამური. იგი პროგნოზებისგან თავს იკავებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ რუსი სპეციალისტების ეს მასობრივი «მომლოცველობა» აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს. «არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება, თუმცა თუ იმით ვიმსჯელებთ, როგორ ტოვებს რუსეთი ბოლო დროს აფხაზეთს ყოველ ჯერზე სახტად, ეს ჩვენთვის კარგს არაფერს მოასწავებს», - დარწმუნებულია ასტამური.

თუმცა დავუბრუნდეთ პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს.

ამჯერად ასლან ბჟანია თავის ოს კოლეგა ანატოლი ბიბილოვთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს დიმიტრი კოზაკსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მიხეილ ბაბიჩს შეხვდა, რომელიც, სხვათა შორის, ერთი წლით ადრე ბელარუსში რუსეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის — საინვესტიციო პროგრამის რეალიზება. გარდა ამისა, იმსჯელეს თანამშრომლობაზე განათლებისა და კულტურული გაცვლის მიმართულებით.

"მოწოდებულები ვართ, ყოველმხრივ დავუჭიროთ მხარი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში, თანაც არა მარტო ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატშიც", – განაცხადა იმ შეხვედრაზე მიხეილ ბაბიჩმა.

მანამდე, აგვისტოს ბოლოს იგი პირადად იყო ჩასული აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც გაგრაში, ახალ ათონში, ტყვარჩელსა და სოხუმში საინვესტიციო პროგრამის ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. პრეზიდენტმა ბჟანიამ მაშინ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენდა ადრე არაერთგზის განხილული საკითხების გადაწყვეტას.

და იმპულსი მართლაც გაჩნდა. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ აფხაზეთში მოვლენათა სწორედ ასეთ განვითარებას ელოდნენ.

დიმიტრი კოზაკთან და მიხეილ ბაბიჩთან შეხვედრაზე ასლან ბჟანიას რიგი პირობები წაუყენეს, რომელიც რესპუბლიკამ უმოკლეს დროში უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ იმაზე, რამდენად სწრაფად და, რაც მთავარია, ხარისხიანად მოახერხებს აფხაზეთი მოსკოვის მოთხოვნების შესრულებას, დამოკიდებული იქნება მოცულობა ფინანსური დახმარებისა, რომელმაც აფხაზეთს ქაოსისა და არეულობის თავიდან აცილების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის პირობებში რესპუბლიკის მაცხოვრებლებისთვის ერთადერთ წყაროს სხვადასხვა აფხაზური წყაროები წარმოადგენს. ისინი ერთადერთია, ვინც საიდუმლოს ხდის ფარდას და მსოფლიოს ამცნობს რუსეთის გეგმას აფხაზეთის ხელში ჩაგდების მიმართულებით. ეს გეგმა კი, არც მეტი, არც ნაკლები, რესპუბლიკის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი ელემენტების მითვისებაში მდგომარეობს.

რუს ჩინოსნებთან ასლან ბჟანიას სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგი რამდენიმე საკითხს მოიცავდა, მათ შორის — აფხაზეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის მოდერნიზების პროექტის ერთობლივ რეალიზებას და სამოქალაქო კანონმდებლობის შეცვლას უცხოელებისთვის უძრავი ქონების შეძენის მოქმედი აკრძალვის ნაწილში.

და ეს ყველაფერი - რესპუბლიკის 2021-2023 წ.წ. დაფინანსებასთან (რომელიც კვლავინდებურად 2019 წლის მაჩვენებლების ფარგლებში დარჩება და არ გაიზრდება), აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმებასა და ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზების შესახებ ნორმატილი აქტების გეგმის დამტკიცებასთან ერთად.

აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, კერძოდ ახალი ენერგოობიექტების პრივატიზებისა და კერძო საკუთრებაში გადაცემის ნების დართვას რუსები ტყუილად არ ითხოვენ. სასწორზე დევს უარავი შორსმიმავალი გეგმა, რომელთაგან მთავარი პირობით 1 რუბლად, ან რუსეთის წინაშე აფხაზეთის უკვე არსებული მრავალმილიონიანი დავალიანების ჩამოჭრის სანაცვლოდ აფხაზური ენერგოსფეროს შეძენაა ენგურჰესთან ერთად.

«მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი, რუსეთი ენერგეტიკული ობიექტების სრულმასშტაბიან მშენებლობას დაიწყებს. დავაზუსტებ — არა ახლის, არამედ უკვე არსებულის. მაგრამ ამ არსობრივად სარესტავრაციო სამუშაოებს ისინი ახალი ენერგოობიექტების მშენებლობად გააფორმებენ, მათი ექსპლუატაციაში ჩაშვებისთანავე კი ამ ობიექტების სრულუფლებიანი მფლობელები გახდებიან», - თვლის ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, პირველ სამიზნედ იქცევა გალის რაიონში არსებული ჰიდროელექტროსადგურები, მათ მიჰყვებიან სხვა - მიტოვებული თუ დანგრეული ობიექტები. «ნაგებობის პროექტის ოდნავ შეცვლაში მათ ხელს ვერავინ შეუშლით. არ იცით, როგორ ხდება ჩვენთან საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება? ჩვენ არათუ შესწორებების შეტანა, შენიშვნების გამოთქმაც კი არ შეგვიძლია. მათ რუსეთი ქმნის და უკვე მზა დოკუმენტს გვიგზავნის ხელმოსაწერად. ასე იქნება ამ ვითომ ახალი ობიექტების შემთხვევაშიც, რომლებიც ოდნავ მოგვიანებით რუსეთის საკუთრებად გაფორმდება», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე.

რაც შეეხება თანხმობას აფხაზეთში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენაზე, ეს საკითხი უკვე მრავალი წელია, წინააღმდეგობებს ქმნის აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში. ხელისუფლებებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს არაერთგიზს განუმარტავთ სტრატეგიული პარტნიორისთვის მიზეზები, რომელთა გამოც დათმობაზე ვერ მიდიოდნენ და თანხმობას ვერ იძლეოდნენ. ეს საკითხი რამდენიმე სხვასთან ერთად პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან და აფხაზური სახელმწიფოს მომავალთან. მაგრამ რუსეთმა, ახსნა-განმარტებების მიუხედავად, აფხაზეთს ამ საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტა მოსთხოვა.

«ასლან ბჟანია კინაღამ წყობილებიდან გამოვიდა, როცა კოზაკისა და ბაბიჩის პირობები გაიგო. იგი შეეცადა, განემარტა მათთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია და რომ ამას მხოლოდ თვითმკვლელი დასთანხმდება. მათ კი მოუსმინეს და უთხრეს – «თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ შემოგთავაზეთ, ახლა კი თქვენი საქმეა, დაგვთანხმდეთ — სხვა გზა მაინც არ გავქთო», - გვიამბო ჩვენმა წყარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მისივე თქმით, ასლან ბჟანიას შესთავაზეს საჯარო განხილვის გავრცელებული პრაქტიკის გამოყენება შემდგომში რეფერენდუმის ჩატარებით. მნიშვნელოვანია, სწორად აუხვიო მოსახლეობას თვალი, რეფერენდუმზე კი რუსები მათთვის სასურველ შედეგზე უკვე თავად იზრუნებენო.

ამასობაში ორი პრეზიდენტის — ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. სანამ ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას შეძლებენ, ასლან ბჟანიას მოუწევს, მიიღოს ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გაუმხილოს ხალხს სრული სიმართლე რუსეთთან მეგობრობის ფასის თაობაზე, ან აფხაზეთის დამონების რუსების მიერ შეთავაზებულ სცენარს გაჰყვეს.

და როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ნათელია ერთი რამ: აფხაზეთს ძალზე რთული დრო ელის. სასწორზე დევს მომავალი ქვეყნისა და ხალხის, რომელსაც ასწლეულების განმავლობაში უშედეგოდ იპყრობდნენ, რუსეთმა კი ახლა მოინდომა, «დიპლომატიისა» და «დიდი მეგობრობის» გზით დააჩოქოს მხოლოდ იმის გამო, რომ აფხაზებმა გადაწყვიტეს, არა მხოლოდ მასთან იურთიერთონ.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S