ვინ და რა მიზნით შექმნა აფხაზეთში «ბერების» გასამხედროებული დასახლებები

15-09-2020 19:37:41 კონფლიქტები

აფხაზეთში ალბათ, ყველას შეუმჩნევია იქით-აქეთ მოარული «უაზები», რომლებსაც ანაფორებში გამოწყობილი პირები მართავენ. საკმაოდ ხშირად (არცთუ იშვიათად — მანქანათმშენებლობის მსოფლიო ინდუსტრიის ბოლო მოდელების) «ჯიპების» საჭესთან დაინახავთ ქალებს — ასევე ანაფორიანს, თავიდან ფეხებამდე შემოსილს შავ სამოსში. და თუ პირველ წლებში მსგავსი ტურისტები ყურადღებას იქცევდნენ და დიდ ინტერესს იწვევდნენ, დროთა განმავლობაში აფხაზეთში მათ ყოფნას ყველა შეეგუა. მაგრამ მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა და სადღეისოდ ამ «ბერებსა» და «მონაზვნებს» რესპუბლიკის ყოველ კუთხე-კუნჭულში წააწყდებით. მაგრამ არა ცენტრალურ რაიონებში, არამედ სოფლების განაპირას, მჩქეფარე საკურორტო ცხოვრებისგან მოშორებულ ადგილებში.

არაოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად 4 ათასამდე ამგვარი «ანაფორიანი ტურისტი» სახლობს.

«და რა არის ამაში განსაკუთრებული?» - იკითხავს ამ მასალის რომელიმე მკითხველი. მართლაც, ცუდია, რომ ქრისტიანულ აფხაზეთში თავშესაფარი ჰპოვეს განდეგილებმა და მომლოცველებმა? და 7-8 წლის წინ რესპუბლიკაში მათი ყოფნა არც არავის აშფოთებდა: ომით დასახიჩრებული აფხაზეთისთვის ეს ადამიანები შეიძლებოდა, ქცეულიყვნენ შვებადაც კი, ან, თუ გნებავთ, დახმარებად განმანათლებლობისკენ გზაზე. მაგრამ არის ერთი დიდი აცდენა, რომელიც, არსობრივად, ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს და რესპუბლიკის მოსახლეობის შეშფოთების მიზეზს ახსნის.

მართლმადიდებელ ეკლესიასთან ამ «ბერებს» არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი უმრავლესობა რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედი ან ცოტა ხნის წინ პენსიაზე გასული თანამშრომლებია, რომლებიც აფხაზეთში არა დასვენებისთვის ან ეკოლოგიურად სუფთა ბუნების სასწაულებით ტკბობისთვის ჩავიდა. აქ თითოეული მათგანი ცხოვრობს, უფრო ზუსტად კი მუშაობს გარკვეულ სფეროში. შეისყიდეს რა მიწები, უმრავლეს შემთხვევაში — ათეულობით ჰექტარი, მათ აფხაზეთში იმგვარი გასამხედროებული დასახლებები ააშენეს, რომელთა ტერიტორიაზეც უცხოებისთვის შესვლა კატეგორიულად იკრძალება. კერძო საკუთრებაა — ვერაფერს იტყვი. მაგრამ ეს საკუთრება გადაჭიმულია ათობით კილომეტრ აფხაზურ მიწაზე, რესპუბლიკური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ჩათვლით.

არ გჯერათ? - სცადეთ, ჩახვიდეთ წებელდასა და მიმდებარე სოფლების მიდამოებში. რაღაც მომენტში გზას გადაგიღობავთ შეიარაღებული მცველი და მიზეზების ყოველგვარი განმარტების გარეშე აგიკრძალავთ გზის გაგრძელებას. და გინდ თვით რომის პაპთან იჩივლეთ, რითიც გნებავთ, დაემუქრეთ - გზას მაინც ვერ გააგრძელებთ. წინააღმდეგობას გაუწევთ? — მაშინვე გაჩნდება შეიარაღებული პატრული ძაღლებითურთ, რომელსაც შეუძლია, სადაც უნდა, იქ წაგიყვანოთ. მათ ფეხებზე ჰკიდიათ, რომ აფხაზეთის მოქალაქე ხართ და საკუთარ მიწაზე იმყოფებით. შემდგომში, რა თქმა უნდა, გამოგიშვებენ, მაგრამ ერთ-ორ დღე-ღამეს საკანში გაატარებთ.

ყველა ეს «ბერი» მართალია, აფხაზეთის მოქალაქეა, მაგრამ ფლობს დიპლომატიურ იმუნიტეტს, ანუ ხელშეუხებლობას. შესაბამისად, რომელიმე ამ «განდეგილმა» რომ ადგილობრივთაგან ვინმეს ესროლოს ან დაასახიჩროს, აფხაზური სახელმწიფო ბრალსაც კი ვერ წაუყენებს!

«აფხაზურ საზოგადოებაში ეს საკითხი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ განიხილებოდა. იმის გარკვევასაც კი ვცდილობდით, ვინ იყვნენ ისინი და, რაც მთავარია, რატომ არიან დაბინავებულები ჩვენთან, თუმცა ვერაფერი დავადგინეთ. აფხაზეთში რუსეთის საელჩომ დუმილი ამჯობინა და თავი მოიკატუნა, თითქოს არაფერი ხდებოდა. რუსეთის ხელისუფლებამ კი პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალა», - იხსენებს ჩვენი თანამოსაუბრე ვალერი.

მისივე თქმით, საუბარია კარგად გაწვრთნილ, «ზღვის კატების» ტიპის «სპეცებზე», რომლებიც აფხაზეთში ოჯახებითურთ ცხოვრობენ.

«ორიოდ წლის წინ მათთან სტუმრობა მოვახერხე და გაოგნებული ვიყავი იმით, როგორაა იქ ყველაფერი მოწყობილი. ეს, არსობრივად, არა ვილებია ბაღებითა და ბოსტნებით, არამედ სამხედრო მინი-ბაზები. იქ ყველა კუთხე-კუნჭულში დგას დანადგარები საბრძოლო უნარ-ჩვევების საწრთობად. და რამდენი სხვადასხვა სახის იარაღი აქვთ — ვერც კი წარმოიდგენთ!», - იხსენებს ვალერი.

მან კიდევ ერთი მოულოდნელი დეტალი გაგვანდო. თითოეულ ასეთ ოჯახში საშუალოდ 10-12 ბავშვი იზრდება. უფროსების ცხოვრების ნირი კადეტურს უახლოვდება, პატარებს კი დროდადრო ეძლევათ შესაძლებლობა, გამოტოვონ წვრთნები, რომლებიც, სხვათა შორის, რუსული სპეცრაზმების სტანდარტებთანაა მიახლოებული.

«რამდენიმე ჰექტარი ფართობის ტერიტორია თითოეულ ოჯახს იმის გამო ესაჭიროება, რომ წვრთნები მოიცავს, მათ შორის, რბოლას 10-12 კილომეტრიან დისტანციაზე. წვრთნები ამტანობაზე უბრალოდ ფანტასტიკის ზღვარზეა და ვინც დასახულ ამოცანას სხვებზე უკეთ ართმევს თავს, აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გასვლებით ჯილდოვდება», - ყვება ჩვენი თანამოსაუბრე.

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ აქ ბავშვები თავის ვითომდა მშობლებს «დედებსა» და «მამებს» არ უწოდებენ — მხოლოდ სახელებითა და მამის სახელებით მიმართავენ.

ერთი შეხედვით, ეს თითქოსდა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აღზარდო მომავალი თაობა. მაგრამ არ მასვენებს ერთი კითხვა. რისთვის წვრთნიან აქ, აფხაზური სახელმწიფოს სიღრმეში ვიღაც რუსები მებრძოლებს? რა მიზნებისთვის სჭირდებათ მათ სუპერჯარისკაცების პატარა არმია?

«როდესაც სულ 5-10 ოჯახი იყო, ამაში საფრთხეს ვერ ვხედავდი. ცუდი რა არის იმაში, რომ ოჯახებმა დატოვეს რუსეთის დიდი ქალაქები და ჩვენს თვალწარმტაც მიწაზე გადაწყვიტეს ცხოვრება? მაგრამ ახლა უკვე საუბარია არა ათ ან თუნდაც ას ოჯახზე. მათი რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მეც კი, მთელი ჩემი გულუბრყვილობით, მესმის, რომ საქმე ცუდადაა», - გვიამბო გულრიფშის რაიონის მკვიდრმა ვაგარშაკმა.

მოხუცის თქმით, ისინი არ დადიან სტუმრად, მეზობლებმა მათი არც სახელები იციან, არც გვარები, არც ის, თუ საიდან ჩავიდნენ აფხაზეთში. როგორც ვაგარშაკი აზუსტებს, ეკლესიაში ისინი დადიან, იქ მათ ხშირად ხედავენ ადგილობრივები, თუმცა ბავშვები თან არ დაჰყავთ - არც დიდები, არც პატარები.

ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკის მოსახლეობას ადარდებდა უსაფრთხოების საკითხი. როდესაც აფხაზეთში პირველად გაჩნდა რუსული სამხედრო ბაზა, ბევრმა შვებით ამოისუნთქა. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც ბაზების რაოდენობა ყველა გონივრულ ზღვარს გასცდა, მოსახლეობა შეშფოთდა. თუმცა მაშინვე განუმარტეს – «ესეა საჭირო, თქვენივე უსაფრთხოებისთვისო». წლების შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო კონფლიქტები, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ ბაზების მიმდებარედ მიწების მიტაცებას უკავშირდებოდა. თუ გახსოვთ, აფხაზეთის კულტურის სამინისტრომ გრანდიოზული სკანდალი მოაწყო 2017 წელს, როცა გაირკვა, რომ აფხაზეთის ხელისუფლების ყოველგვარი ნებართვის გარეშე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სამხედროებმა წებელდაში, პოლიგონზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები გაანადგურეს.

«ამ ისტორიას დამამძიმებელი გარემოებები ახლავს», - თვლის კულტურის მინისტრის მოადგილე ბატალ კობახია. - «სამუშაოები წარმოებდა სადღესასწაულო დღეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები აცნობიერებდნენ, რას აკეთებდნენ. შეუძლებელია, მათ არ სცოდნოდათ, რომ ანგრევდნენ რუინირებულ ობიექტს: ფუნდამენტიც, რომელიც მის ზემოთ დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზეა, ასევე კედლების ნარჩენები და ღობე საკმაოდ კარგად ჩანს და არაა დაფარული მცენარეულობით. რაც შეეხება სასაფლაოს, იგი მემორიალურ ობიექტს წარმოადგენს და მისი განადგურება მხოლოდ სპეციალური ნებართვის ფლობის შემთხვევაშია შესაძლებელი».

მეტიც, ბატალ კობახიამ გვამცნო, რომ სოფლის მომიჯნავე ტერიტორიაზე დიდი ხანია, ტარდება სამხედრო წვრთნები, რომლებიც მოსახლეობას უამრავ პრობლემასა და საფრთხეს უქმნის. «იქ ხშირად იღუპება პირუტყვი, სროლისგან სახლების კედლები იბზარება. ადგილობრივებს არაერთხელ მიუმართავთ რაიონის ხელმძღვანელისთვის, მთავრობისთვის, სამხედროებისთვის, თუმცა რეაქცია ნულოვანი იყო». https://www.ekhokavkaza.com/a/28217626.html

«არა მგონია, ჩვენი ხელისუფლება საერთოდ ჩაეყენებინათ საქმის კურსში ამ საქმეების შესახებ, მაგრამ საბრძოლო მომზადებაგავლილი ადამიანების მსგავსი ფსევდო-ბერების რაოდენობის მატება მათ შეუმჩნეველი უბრალოდ ვერ დარჩებოდათ. ასეა თუ ისე, ისინი ვალდებულები იყვნენ, ეს საკითხი რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან დაეყენებინათ», - თვლის ჩვენი რესპონდენტი გიორგი.

მისივე აზრით, უმოქმედობამ შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. «ხომ ნათელია, რომ მათ ამზადებენ არაორდინალური სიტუაციის შემთხვევებისთვის, როცა სამხედროები ოფიციალურად ვერ ჩაერევიან, მაგალითად, აფხაზების შიდა კონფლიქტში. სწორედ ასეთი მიზნებისთვისაა გამოსადეგი მსგავსი ფორმირებები. ისინი პროვოკაციის მოწყობასაც შეძლებენ და რაღაც ლოკალური კონფლიქტის ჩახშობასაც. დავიჯერო, ამას ვერავინ ხვდება?», - შეშფოთებულია გიორგი.

რა ხდება ამ დასახლებების მაღალ გალავნებს მიღმა, არავინ უწყის, ისევე, როგორც ის, თუ ვინ სახავს ამოცანებს და ასპონსორებს მთელს ამ არცთუ იაფ ცხოვრებას. ასეა თუ ისე, უმაღლესი სამხედრო რგოლის რუსი ჩინოსნების მონაწილეობის გარეშე აქ ვერაფერი მოხდებოდა. ეჭვი მეპარება, გულის გადაშლისა და მეგობრული ხელის გაწოდებისას აფხაზეთი ელოდა, მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიერ მზაკვრულად დაგებულ ხაფანგში მოხვედრილიყო. გამოდის, რომ რუსეთი აფხაზეთსა და მის მაცხოვრებლებს იმთავითვე საკუთარი პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად განიხილავდა და არა სრულფასოვან პარტნიორად.

ეხლა კი დაამატეთ ყველაფერ ამას არქეოლოგიური სიმდიდრეების დატაცება «შავი მთხრელების» მიერ, იარაღის უკონტროლო ბრუნვა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ბავშვების შეყვანა-გაყვანა — და მიიღებთ ერთ დიდ კითხვის ნიშანს. პასუხები არსებობს და ისინი იციან არა მარტო მოსკოვში, არამედ აფხაზურ-რუსულ საზღვარზეც, რომლის გავლითაც ფსევდო-ბერებს რესპუბლიკაში იარაღიც შეაქვთ, ბავშვებიც შეჰყავთ. რაკი ყველა ეს საქმე ამ დრომდე საიდუმლოებითაა მოცული, ესე იგი, ეს ვიღაცას ძალიან სჭირდება და არა მგონია, აფხაზეთსა და მის მოსახლეობას.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები