რატომ გახსნა ბიბილოვმა რუსეთთან "საზღვარი" ჩრდილოეთ კავკასიაში ეპიდვითარების გამწვავების ფონზე

16-09-2020 13:55:59 კონფლიქტები

ჩრდილოეთ კავკასიაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების ფონზე მოსკოვმა და ცხინვალმა ერთმანეთს დე ფაქტო საზღვარი გაუხსნეს. 15 სექტემბრიდან ცხინვალის რეჟიმმა "ქვემო ზარამაგზე" საკარანტინო შეზღუდვები გააუქმა.

არადა, როგორც ოსი მედიკოსები აცხადებენ, "რესპუბლიკა არც მანამდე იყო მზად შესაძლო ეპიდემიის დაწყებისთვის და არც ეხლაა, - მართალია, ზაფხულის განმავლობაში მედპერსონალის ნაწილმა "წითელ ზონებში" მუშაობის პირობებში უსაფრთხოების ზომების დაცვა მეტ-ნაკლებად ისწავლა, მაგრამ გამოცდილება ძალზე მცირეა და პანდემიის დაწყების შემთხვევაში ცხინვალი მხოლოდ რუსი მედიკოსების დესანტის იმედად შეიძლება, იყოს".

“ჩვენი ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა გაზაფხულზე საკარანტინო შეზღუდვები დააწესა – ამით რესპუბლიკა მაშინ ფაქტობრივად გადარჩა. და თავად მოსახლეობაც პირველ ხანებში შემზღუდავ ზომებს გაგებით ეკიდებოდა, თუმცა შემდგომში ისინი მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა” – ამბობს ადგილობრივი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი და ამის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს:

«ხელისუფლებამ არ გათვალა ისეთი შედეგები, როგორიცაა ფასების ზრდა და შეფერხებები მომარაგებაში. იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკა “ტრანსკამის” გავლით მარაგდება, უნდა შემუშავებულიყო ღონიძიებათა კომპლექსი ამ ნეგატიური შედეგების ლიკვიდაციისთვის. ნეგატიური ეკონომიკური შედეგები კი იქცა მიზეზად იმისა, რომ დროთა განმავლობაში საკარანტინო ღონისძიებებისადმი საზოგადოების ნორმალური დამოკიდებულება გაღიზიანებით შეიცვალა. ივლისში გაჩნდა პირველი კონსპიროლოგიური ვერსია, “კარანტინიდან პირადი სარგებელი გამოაქვთო».

უკმაყოფილების მეორე მიზეზი, გობოზოვის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებისთვს ღიაობის დემონსტრირება, ვერ გააქარწყლა უნდობლობა, რომელიც გასული წლის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მომძლავრდა.

ამასთან, მისივე თქმით, ცხინვალის რეჟიმის შესაძლებლობები შეზღუდული იყო – იგი "ვერ აიძულებდა კარანტინში გადასვლას რუს სამხედროებსა და დიპლომატებს, მაგრამ ამას ის შეცდომაც დაემატა, რომ ეს მოსახლეობას დაუმალეს".

და ბოლოს - მესამე მიზეზი. გობოზოვის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება "ვალდებული იყო, კორონავირუსთან ბრძოლაში ოპოზიციაც ჩაერთო და მთლიანობაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალებიც, გაენაწილებინა მათთვის პასუხისმგებლობაც და უფლებამოსილებებიც":

"ასეთ შემთხვევაში კარანტინის ირგვლივ სკანდალი ნაკლები იქნებოდა. ასე კი კარანტინით გამოწვეული უკმაყოფილება მხოლოდ მომძლავრდა ივნისის ბოლოსთვის საზღვრის გახსნის მოთხოვნებთან ერთად, დაგროვდა მნიშვნელოვანი საპროტესტო პოტენციალი და რიგმა ექსპერტებმა უკვე მაშინ დაიწყეს საუბარი მასობრივი მღელვარების შესაძლებლობაზე, თუ საზღვარი 1 სექტემბრისთვის არ გაიხსნებოდა».

თუმცა მასობრივი მღელვარება სექტემბრის დასაწყისისთვის არა დე ფაქტო საზღვრის კვლავინდებურმა გაუხსნელობამ, არამედ ოსი ძალოვანების უკიდეგანო თვითნებობამ გამოიწვია, დეტონატორად კი დროებითი მოთავსების იზოლატორში ახალგაზრდა მამაკაცის – ინალ ჯაბიევის მკვლელობა იქცა. ცხინვალის რეგიონს საპროტესტო ტალღამ გადაუარა და დე ფაქტო პრეზიდენტი იძულებული გახდა. "მთავრობა" გადაეყენებინა. თუმცა ოს "დეპუტატთა" უმრავლესობა ამას არ დასჯერდა და დე ფაქტო გენპროკურორის გადადგომას მოითხოვს, მანამდე კი "საპარლამენტო" მუშაობის განახლებას არ აპირებს.

როგორც ამასთან დაკავშირებით ყოფილი "პარლამენტარი" როლანდ ქელეხსაევი აღნიშნავს, ამ ყველაფრის ფონზე რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის ამჟამინდელი გახსნა საზოგადოებაში საპროტესტო გრადუსის დაგდების მცდელობად აღიქმება პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად.

«პრეზიდენტმა ამ გზით “ორთქლის გამოშვება” სცადა. ეს ერთგვარი იძულებითი ნაბიჯი იყო და შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, კარანტინს კიდევ გაახანგრძლივებდა. იმაში, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსი შემოაღწევს, ეჭვიც არ მეპარება. თუმცა ახლა პრეზიდენტს შეეძლება, ამაზე პასუხისმგებლობა გადააკისროს მათ, ვინც საზღვრის გახსნას მოითხოვდა. და მართალია, იმ ფონზე, რომ მოქალაქეები რუსეთში ახლობლების, ნათესავების მონახულებას შეძლებენ, დაძაბულობა დროებით დაიკლებს, თუმცა პანდემიამ შესაძლოა, პოლიტიკურ ცხოვრებაზე სხვაგვარი გავლენაც იქონიოს: ეპიდემიის დროს მასობრივი ღონისძიებები იკრძალება და თავად მოქალაქეებმაც შესაძლოა, თავი აარიდონ საპროტესტო აქციებზე გასვლას, თუმცა მეორეს მხრივ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად გართულდება, როგორც ეს მოსაზღვრე ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა, ამან შესაძლოა, არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს», – თვლის ქელეხსაევი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები