რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე და რატომ არის ის სეზონურ გრიპზე სახიფათო?

19-09-2020 15:05:56 საზოგადოება

მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 30 მლნ-ს გადააჭარბა, 951 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უჰანში დაფიქსირდა და მთელ მსოფლიოში, სწრაფი ტემპით, გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ ჯერ კიდევ 30 იანვარს გამოაცხადა. 11 მარტს კი, მსოფლიოში ახალი ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან და დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პანდემია გამოცხადდა. პირველ ეტაპზე, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყნებმა მკაცრ ზომებს მიმართეს (საზღვრების ჩაკეტვა, საყოველთაო კარანტინი). ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული, მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, რაც საზღვრების გახსნისა და მკაცრი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ მოსალოდნელიც იყო.

ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინა არ არსებობს. იმისთვის, რომ ვირუსთან თანაცხოვრება შევძლოთ, აუცილებელია, ყურადღება არ მოვადუნოთ და მკაცრად დავიცვათ ჯანდაცვის მინიმალური წესები და რეკომენდაციები.

როგორ ვრცელდება COVID-19?

COVID-19 ძირითადად წვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსის შემცველ წვეთებს ადამიანი ხველისას, ცემინებისას და საუბრისას ავრცელებს. ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყნოსვის დაკარგვა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება: ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სურდო, დიარეა. ზოგ შემთხვევაში კი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, კოვიდ ინფიცირებული პაციენტების 88%-ს აღენიშნებოდა ცხელება, ხოლო ყოველი 6 ინფიცირებულიდან ერთს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება.

რას იწვევს COVID-19?

ახალი კორონავირუსი იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ვირუსი შეიძლება შეიჭრას ფილტვის უჯრედში და დააზიანოს ფილტვის სტრუქტურა. უმეტეს შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევებში მას თან ახლავს მძიმე გართულებები, რომლებიც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. საშუალო და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს პნევმონია (ფილტვების ანთება) ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომლის დროსაც ფილტვის ალვეოლებში სითხე გროვდება. დაგროვებული სითხის გამო ფილტვებში საკმარისი სივრცე ჰაერისთვის აღარ რჩება, რის შემდეგაც, გაცილებით ნაკლები ჟანგბადი აღწევს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს საჭიროა ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური ვენტილაცია.

ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების (მაღალი არტერიული წნევა, სასუნთქი სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი) მქონე პირები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში უფრო მეტად არიან დაავადების გართულების რისკის ქვეშ.

რით განსხვავდება COVID-19 სეზონური გრიპისგან?

ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე დაიწყო მისი არასწორად გაიგივება სეზონურ გრიპთან. ასევე, მრავლად გავრცელდა ყალბი ამბები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს გრიპით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით.

გრიპიც და კორონავირუსიც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, ამიტომ მათი სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა წვეთოვანი გზით. შესაბამისად, მსგავსია ჯანდაცვის ზომებიც - ხელების ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 და გრიპის ვირუსები მსგავსი გზით ვრცელდება, COVID-19 უფრო გადამდებია. კორონავირუსის ეს შტამი აინფიცირებს 2-2.5 ადამიანს, გრიპი კი - 1.3-ს. გარდა იმისა, რომ COVID-19 უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ვიდრე გრიპი, მას შეიძლება მოყვეს უფრო მძიმე გართულებები, ვიდრე გრიპს. ამასთან, COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. სეზონური გრიპის გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 0.1%-ია. არსებული მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი საერთო შემთხვევების 1%-ია, დასრულებული შემთხვევებიდან კი გარდაცვალების მაჩვენებელი 4%-ია. გრიპისგან განსხვავებით, COVID – 19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტები ჯერჯერობით არ არსებობს, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის და შესაბამის გავლენას ახდენს გარდაცვალების მაჩვენებელზეც. ამ ეტაპზე კორონავირუსის პანდემია აქტიურ ფაზაშია, COVID-19-ის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიცინეტის განსაზღვრა, პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

განსხვავებულია საინკუბაციო პერიოდიც, გრიპის დროს სიმპტომები 1-დან 4 დღემდე ვლინდება, COVID-19-ის შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენას 2-დან 14 დღემდე სჭირდება. გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ისთვის დამახასიათებელია, ყნოსვის და გემოს დაკარგვა. გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო უფრო ხანგრძლივია. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, კრიტიკულ შემთხვევაში კი რამდენიმე თვეც.

გრიპის ვირუსებისგან განსხვავებით, ახალ კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს. COVID-19 ახალი ინფექციაა (გამოწვეული Sars-Cov-2-ისგან), რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსოფლიოში 180 ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს, მათგან 35-ს უკვე ადამიანებზე ცდიან. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია სავარაუდოდ 2021 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება.

რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა და ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. თუმცა, მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილი რუსულ ვაქცინას სარისკოდ მიიჩნევს. რუსული ვაქცინა კლინიკური კვლევების უხეში დარღვევით, მესამე ფაზის გამოტოვებით, დამტკიცდა. მესამე ფაზა არის ფართომასშტაბიანი კვლევა, ამ ფაზაში დასტურდება ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება.

ძირითადი რეკომენდაციები COVID-19-ისგან თავის დასაცავად:

· ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;

· მოერიდეთ სახეზე - პირზე, ცხვირზე, თვალებზე ხელით შეხებას. ეს ორგანიზმში ვირუსის შეღწევის და ინფიცირების გზას წარმოადგენს;

· დაიცავით სოციალური დისტანცია გარშემომყოფებთან (სულ მცირე 2 მეტრი);

· საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში გამოიყენეთ პირბადე;

· მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს.

მასალა მომზადებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით. ასევე გამოყენებული მასალები: ბმული 1; ბმული 2

თეონა აბსანძე

გრასი, ფაქტ-მეტრი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები