სადაზღვევო ფირმები „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე გემების დაზღვევაზე უარს აცხადებენ

23-09-2020 16:08:05 მსოფლიო

გემთმფლობელების ურთიერთდაზღვევის კლუბების საერთაშორისო ჯგუფი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე გემების დაზღვევაზე უარს აცხადებს.

„თითოეული კლუბის წევრებს კარგად უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა მოხდეს იმ გემების დაზღვევა, რომლებიც უკანონო ან ისეთ საქმიანობაში არიან ჩართულნი, რომელიც კლუბს სანქციების წესის დარღვევის საფრთხეს უქმნის", – ნათქვამია გემთმფლობელების კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამ დოკუმენტის ავტორები საუბრებენ იმ სანქციების საფრთხეზე, რომელსაც აშშ-ის კანონი ითვალისწინებს. ეს კანონებია: "აშშ–ის მოწინააღმდეგეების მიმართ სანქციებით მოქმედების შესახებ“ და „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ“.

2020 წლის ივნისში აშშ-ის სენატორებმა კონგრესში შეიტანეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციებს იმ ფირმებისთვის, რომლებიც დაზღვევას „ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მშენებლობაში ჩართულ გემებს შესთავაზებდნენ.

აშშ რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის პროექტის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და რუსეთზე დამოკიდებულს ხდის.

პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი -2"

პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი -2", რომელიც რუსული გაზის გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ამერიკული სანქციების გამო “გაიყინა”. 2019 წლის დეკემბრიდან სამუშაოები შეწყდა. თუმცა 2020-ის მაისის დასაწყისში გაჩნდა ცნობა: რუსეთი გეგმავს, მშენებლობა უცხოელი კონტრაქტორების გარეშე, ხომალდ "Академик Черский"-ს მეშვეობით დაასრულოს, რომელიც გერმანულ პორტ მუკრანის აკვატორიაში ჩამოდგა.

ამ ცნობის საპასუხოდ აშშ რუსული “გაზპრომისა” და რამდენიმე ევროპული ენერგოკომპანიის ერთობლივ პროექტს ახალი სანქციებით დაემუქრა. საჯარიმო ზომები შესაძლოა, სწრაფად იქნას მიღებული, განაცხადა გერმანიაში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ გრენელმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში, რომელიც 26 მაისს გამოქვეყნდა.

რატომ ეწინააღმდეგება აშშ გაზსადენს, რომლითაც რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებაა დაგეგმილი? - DW-ს ამის სამი მთავარი მიზეზი მოჰყავს.

ვაშიგტონის პოლიტიკური არგუმენტები

აშშ "ჩრდილოეთ ნაკად-2"-ს არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც პოლიტიკურ პროექტად განიხილავს. ამიტომაც თავის პოზიციას გაზსადენის მეორე შტოს (პირველი შტო 2011 წლიდან მოქმედებს) წინააღმდეგ ვაშინგტონი უპირველესად პოლიტიკური შეხედულებებით ხსნის. სანქციების კონკრეტულ მიზნად კი იგი ევროპაში რუსეთის გავლენის ზრდის შეკავებას ასახელებს. შემთხვევითი არ არის, რომ იმავე ელჩმა – გრენელმა ფედერალურ მთავრობას სანქციების საფრთხესთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ “გერმანიამ მხეცის კვება უნდა შეწყვიტოს". ვაშინგტონის აზრით, მოსკოვი გაზის გაყიდვით მიღებულ მილიარდებს მადესტაბილიზებელ საგარეო პოლიტიკაზე მიმართავს.

აშშ-ის მეორე დეკლარირებადი მიზანი – ეს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერაა. ამერიკელთა განცხადებით, სანქციებს არა იმდენად ანტირუსული, რამდენადაც პროევროპული ხასიათი აქვს. ადრე, მაგალითად, გრენელმა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს უწოდა "რუსეთის ხელისუფლების უცერემონიო მცდელობა, ენერგომომარაგების კუთხით ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ხრჩობა გააძლიეროს". პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ამ გაზსადენზე საუბრისას არაერთგზის გააკრიტიკა გერმანია იმის გამო, რომ “ბერლინს თან რუსეთისგან დაცვის იმედი აქვს და თან თავად დებს მოსკოვთან გაზისა და ნავთობის სფეროში ძალიან მსხვილ გარიგებებს, რომელთა საფუძველზეც რუსეთს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის". თავად გერმანიას ტრამპმა “მოსკოვის მძევალი” უწოდა.

თუმცა ამერიკელების განცხადებას სანქციების პროევროპული ხასიათის შესახებ ევროკავშირის ყველა ლიდერი როდი იზიარებს. ევროკავშირში ხსენებული გაზსადენის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის: ქვეყნების ნაწილი, მათ შორის გერმანი მისი რეალიზების მომხრეა, ნაწილი კი, მათ შორის პოლონეთი - წინააღმდეგი. სანქციებმა ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ასევე სადავოა, გაძლიერდება თუ არა ევროკავშირის რუსულ მიწოდებებზე დამოკიდებულება იმის ფონზე, რომ პროქტი ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის პირობებისგან არ გაუთავისუფლებიათ.

გეოპოლიტიკური მიზეზები: უკრაინის მხარეს

ნათელია, რომ თავისი სანქციებით აშშ-მა უკვე შეუშალა ხელი რუსეთის გეოპოლიტიკური გეგმის რეალიზებას, უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტი შეეწყვიტა.

“ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების თავდაპირველ თარიღად 2019 წლის ბოლო იყო განსაზღვრული. ეს დრო რუსული გაზის ევროკავშირში უკრაინის ტერიტორიით ტრანსპორტირების შესახებ 10-წლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვას ემთხვეოდა. თუმცა პროექტის დათქმულ ვადებში რეალიზების შეუძლებლობის ფონზე მოსკოვი იძულებული შეიქმნა, 2019 წლის ბოლოს კიევს მიწოდებების 5 წლით გახანგრძლივებაზე დასთანხმებოდა.

მსხვილი გაზსადენები – “ჩრდილოეთ ნაკადი” და “თურქული ნაკადი” – მოწოდებულებია, უზრუნველჰყონ რუსული ენერგორესურსების მიწოდება კიევისგან დამოუკიდებლად, რომელთანაც მოსკოვს უკვე მრავალწლიანი კონფლიქტი აქვს, მათ შორის – გაზის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით. სწორედ პროექტის გეოპოლიტიკურმა შემადგენელმა აქცია, სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვან თემად საერთაშორისო დღის წესრიგში და გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი რუსეთში. “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის დამუხრუჭებით აშშ-მა რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის მხარე დაიჭირა და კიევს გაზის ტრანზიტისგან შემოსავლის შენარჩუნებაში დაეხმარა.

რუსეთი სანქციებში პროტექციონიზმს ხედავს, აშშ - კონკურენციას

ბევრი გარეშე დამკვირვებლისთვის, მათ შორის გერმანელისთვის ამერიკულ სანქციებს უპირველესად ეკონომიკური მიზნები აქვს – საკუთარი თხევადი გაზის ევროპულ ბაზარზე ექსპორტს შეუწყოს ხელი. "ეს უმთავრესად კომერციულ ინტერესებს უკავშირდება” - განაცხადა DW-სთან ინტერვიუში რუსეთ-გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მატიას შეპმა.

აშშ-დან უცხოეთში თხევადი გაზის მიწოდებების მოცულობა 2016 წლიდან იზრდება, სადღეისოდ ამერიკა ამ მხრივ ყატარისა და ავსტრალიის შემდეგ მესამე ადგილზეა და თუ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზს დავუჯერებთ, ქვეყანას შეუძლია, უკვე 2024 წლისთვის პირველ პოზიციაზე აინაცვლოს. ამასთან, ევროპას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება: მის ბაზარზე ამერიკული თხევადი გაზის მიწოდებების 40% მოდის. თუმცა რუსეთთან შედარებით, აშშ ევროკავშირის გაზის ბაზარზე ჯერ-ჯერობით მეორეხარისხოვანი მოთამაშეა: ევროკომისიის 2019 წლის პირველი დეკადის მონაცემების თანახმად, რუსეთზე ევროკავშირში იმპორტირებული გაზის მთელი მოცულობის 39,4 პროცენტი მოდის, აშშ-ზე კი – მხოლოდ 3,4.

"გაზპრომი" ოპტიმისტურადაა განწყობილი

აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ევროპელი მომხმარებელი კონკურენციის ზრდით მხოლოდ მოიგებს. "ველით, რომ რუსეთისგან გაზის შესყიდვას მრავალი ქვეყანა გააგრძელებს", - განუცხადა CNBC-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენერგორესურსების საკითხებში ფრენკ ფენონმა. - "და მშვენიერი! თუ ეს ბიზნესის კონკურენტულ მოდელს დაეფუძნება, რომელიც ფასწარმოქმნის გამჭვირვალე პოლიტიკას გულისხმობს, ბაზარიც იქნება. მაგრამ ბაზარი ვერ იარსებებს, თუ იქნება მხოლოდ ერთი მომწოდებელი და ჩვენი აზრით, რუსეთს აშშ-დან საექსპორტო გაზის მოცულობების ზრდა აშინებს”.

რუსეთის ხელმძღვნელობა “ჩრდილოეთ კანადი-2”-ის მიმართ საჯარიმო ზომებს პროტექციონისტულად აფასებს, ამერიკულ გაზს კი - არაკონკურენტუნარიანად. თუმცა თუ თხევად გაზზე, მათ შორის ამერიკულზე ევროპელების მოთხოვნას გავითვალისწინებთ, ეს ასე არ არის.

რა სახის შეიძლება, იყოს აშშ-ის ახალი სანქციები, რომლებიც გერმანიაში ამერიკის ელჩმა რიჩარდ გრენელმა ახსენა, ჯერ უცნობია. Handelsblatt-ის ვერსიით, შესაძლოა, საუბარი იყოს რიგ ზომებზე იმ ფირმების მიმართ, რომლებიც გაზსადენს ემსახურებიან, ან იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც რუსეთიდან წამოსული გაზი უნდა მიიღონ. 26 მაისს ინვესტორებთან სატელეფონო კონფერენციის დროს რუსულ კონცერნ “გაზპრომის” ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის მშენებლობის დასრულებას 2020 წლის ბოლომდე გეგმავს.

იხილეთ ასევე: მაიკ პომპეო: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი -2"–მა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები