სოსელიას გატაცების ისტორია, როგორც მორიგი გასროლა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის მიმართულებით

24-09-2020 14:34:02 კონფლიქტები

სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სექტემბრის დასაწყისში გალის რაიონში გატაცებული ბიზნესმენი ჯემალ სოსელია უკვე თავისუფალია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი აფხაზურმა უშიშროებამ სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა, მეორეს მიხედვით კი, სოსელია გამტაცებლებს თავად გამოეპარა. დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

სანამ ამ ისტორიაში გავერკვეოდეთ, უპრიანი იქნება, გავეცნოთ ზოგად კონტექსტს. ბოლო თვეების განმავლობაში აფხაზეთში სხვადასხვა სახის რყევების გარეშე ფაქტობრივად დღე არ გადის. “რესპუბლიკას” ერთდროულად ყველა პრობლემა უტევს, როგორც ავადმყოფს, რომელსაც ახალმა დაავადებამ რამდენიმე ძველი – ქრონიკული სენი გაუმწვავა.

საზრიანებმა და ობიექტურებმა მთავარი მიზეზი უკვე განჭვრიტეს, დიაგნოზიც დასვეს და მკურნალობის შესაძლო გზებსაც ეძებენ. და აქ უნდა აღინიშნოს ერთი სასიამოვნო ფაქტორი: მათ შორის, მოსახლეობის სულ უფრო დიდ ნაწილთან ერთად, არის მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლებაც, რომელიც გამალებით ეძებს კრიზისიდან გამოსვლის გზებს.

თუმცა არსებობს “მკურნალების” მეორე ბანაკიც – სწორედ ისინი, ვინც თავის დროზე აფხაზეთი “კომპეტენტური” და “თავდადებული” მკურნალობით ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა, “დაივიწყეს” რა ამაზე პასუხისმგებლობა, ისინი ხალხს აბსოლუტურად არაფერს სთავაზობენ, სამაგიეროდ სისტემატიურად აძაგებენ ამჟამინდელ “მკურნალებს”, აცხადებენ რა ნებისმიერ მათ ინიციატივასა და გადაწყვეტილებას “სასიკვდილო საფრთედ” და უქმნიან რა ყველა შესაძლო ხერხით წინაღობებს რეალურ მკურნალობას.

ამ “მედიცინის გენიოსების” კონცეფცია დაახლოებით ასე ჟღერს: არსებობს ერთადერთი სენი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ - ახალი, პაციენტის ქრონიკული დაავადებების მკურნალობა კი სრულიად დაუშვებელია, რადგან სწორედ ისინი დაეხმარება ავადმყოფს ახალი სენის დაძლევაში… იტყვით, ბოდვააო? - დიახ, სწორედ ასეა! მაგრამ ეს გუნდი, როგორც ჩანს, ამაზე უკეთესს ვერაფერს “აცხობს”. ან, შესაძლოა, უბრალოდ სულ სხვა მიზნები ამოძრავებს.

ამ ბანაკში “მთავარ ექიმად” წინა – რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო ხელისუფლება გვევლინება მის მხარდამჭერ ვენერანთა ორგანიზაცია “არუაასთან” ერთად. ყველაზე ხშირად და ხმამაღლა კი ყოფილი დე ფაქტო ჩინოსნების ხმები ისმის, მაგალითად, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ნადარაიასი. ერთი სიტყვით, საუბარია ყველა იმ პირზე, რომელიც ახლა რევანშზე ოცნებობს თავის დროზე ამ მდგომარეობამდე მათ მიერვე მიყვანილ აფხაზეთში. ახლა, მართვის სადავეებთან დაბრუნების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილები, ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში, ისევ და ისევ მათი “გამოისობით”, სამართავი იქ შესაძლოა, აღარავინ და აღარაფერი დარჩეს...

თუმცა შესაძლოა, ხაჯიმბას გუნდი რეალურად, არც ამდენად ბრმა იყოს და მერკანტილური. შესაძლოა, უკიდურესად დასუსტებული აფხაზეთის საბოლოოდ “ჩაკლვას” მას ის “სტრატეგიული პარტნიორი” აიძულებდეს, რომელსაც გეგმაზომიერად მიჰყავდა კიდეც ამისკენ აფხაზეთი წლების განმავლობაში. ის “პარტნიორი”, რომელსაც წინა დე ფაქტო ხელისუფლება ამჟამინდელზე ბევრად მეტი მონდომებით უწევდა ანგარიშს, ვის სურვილებსაც გაცილებით მეტი თავდადებით ასრულებდა, განსაკუთრებით – საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებში. ძალიან არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს გუნდი, რომელიც დღეს – ესოდენ კრიტიკულ პერიოდში აფხაზეთს საკუთარი ქმედებებით შესაძლოა, მომაკვდინებელ დარტყემბსაც კი აყენებდეს, ამას მხოლოდ საკუთარ ინტერესებში აკეთებს და ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ მისი “პატრიოტულად” მოტივირებული ბრალდებების უკან რეალურად, სწორედ ის იმალება, რაშიც ის ბჟანიას გუნდს ადანაშაულებს – სამშობლოს და აფხაზი ხალხის ინტერესების ღალატი...

რატომ ვახსენე საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია? - იმიტომ, რომ ასლან ბჟანიას გუნდის მიმართ ამ ბრალდებების ტალღა სწორედ მას შემდეგ აგორდა, რაც აფხაზეთში საჯაროდ პირველად გაიჟღერა თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის იდეამ.

რატომაა ეს იდეა “დამღუპველი” და “დაუშვებელი”, განსაკუთრებით - იმ ურთულეს მდგომარეობაში, რომელშიც აფხაზეთი რუსეთთან მრავალწლიანი “სტრატეგიული პარტნიორობის” შემდეგ აღმოჩნდა? – ამას წინა დე ფაქტო ხელისუფლებიდან ვერავინ ხსნის. თუმცა ამით დიდად თავს არც იწუხებენ. ისევე, როგორც იმის საჯარო ანალიზით, ვინ და რამ მიიყვანა აფხაზეთი ამ მდგომარეობამდე.. და ეს გასაგებიცაა: ამის ახსნა ხომ საკუთარი ბრალეულობისა და შეცდომების აღიარებას მოითხოვს. აი, სხვადასხვა ბრალდებებით, მოთხოვნებითა და მუქარით პანიკის თესვა, როგორც მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების, ისე მოსახლეობის დეზორიენტირება და დემორალიზება კი გაცილებით ადვილია, იაფიც და ეფექტურიც – თუ, რა თქმა უნდა, არა აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნავ!

სწორედაც რომ წინა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერთა “გამოისობით” აფხაზეთში ვერა და ვერ ჩაცხრა სკანდალი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით, რომლებიც იქ ვითომდა “საიდუმლოდ”, “ილორის მონასტრისთვის ხატის გადასაცემად” ჩავიდნენ … ეს ეპოპეა დღემდე ვერ დასრულდა მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში უკვე ყველამ გაიგო: 1) ამ “საიდუმლო” ვიზიტის ინიციატორები რუსი ჩინოსნები იყვნენ; 2) არსებობს საფუძვლიანი ეჭვები “პატრიოტების” რუსეთიდან დაფინანსების თაობაზე და ამ საკითხს ამჟამად საქართველოს აუდიტის სამსახური იკვლევს; 3) “პატრიოტთა ალიანსი” არც საქართველოს ხელისუფლებას, არც მთლიანად ქართველ ხალხს, არც ქართულ ეკლესიას, არც მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს და, შესაბამისად, მის წარმომადგენლებთან შეხვედრის გასაღება “ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებად” უბრალოდ სიცრუე და სიბეცეა…

და ამ ყველაფრის მიუხედავად, “არუაა”, პირადად ბ-ნი ნადარაია, როგორც პირველი, ვინც ამ “ვიზიტის” შესახებ ინფორმაცია მთელს აფხაზეთს მოსდო, ასევე ყველა დანარჩენი რევანშისტი დღემდე არ აძლევს აფხაზეთს შესაძლებლობას, დაივიწყოს რუსეთის ეს, მადლობა ღმერთს, წარუმატებელი ხრიკი, რომლის მიზანს ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის ჩანასახშივე მოსპობა წარმოადგენდა…

მაგრამ ცდილობენ რა ამ კარტის დღემდე გათამაშებას, მათ აფხაზეთს უკვე ახალი დარტყმაც მოუმზადეს. და პროცესს სტარტი კვლავ ბ-ნმა ნადარაიამ მისცა, აცნობა რა საზოგადოებას 5 სექტემბერს გალის რაიონში “რუსეთის მოქალაქის”, ბიზნესმენ ჯემალ სოსელიას გატაცების თაობაზე. ამასთან, ნადარაიას, რა გასაკვირია, არ გამორჩენია, ეხსენებინა, რომ “2015 წლის შემდეგ ეს გალის რაიონში გატაცების პირველი შემთხვევაა”, რომ გამტაცებელი “ქართული ტერორისტული დაჯგუფებაა” და რომ გატაცებული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა ეძებნათ.

მადლობა ღმერთს, ნადარაია არ წარმოადგენს ინფორმაციის ერთადერთ წყაროს პატარა აფხაზეთში, სადაც დეზინფორმაცია ისევე მალე ვრცელდება, როგორც სიმართლე. დარწმუნებული ვარ, მან თავადაც მშვენივრად უწყის, ვინ, რა მიზეზით, რა მიზნით, ვისი დავალებითა და რა ჩაიდინა იქ რეალურად.

თუ არა, მაშინ გავანდობ დე ფაქტო შსს-ში არსებული სანდო წყაროს ინფორმაციას: 1) გატაცებულს, მაღალი ალბათობით, იმავე გალის რაიონში მალავდნენ; 2) მისგან მოითხოვდნენ 180 მლნ რუბლს – თუ თანხის მასშტაბებით ვიმსჯელებთ, რუსეთში სოსელიას ერთ-ერთი ბიზნესის მიახლოებით ღირებულებას; 3) რუსეთის მოქალაქეობის გარდა, სოსელიას აფხაზური ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტიც გააჩნდა და შესაბამისად, “აფხაზეთის მოქალაქეობაც” და რაში დასჭირდა, ამის გათვალისწინებით, ბ-ნ ნადარაიას ყურადღების აქცენტირება სოსელიას “რუსეთის მოქალაქეობაზე” – შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ; 4) ამ საქმეში არავითარი პოლიტიკური შემადგენელი არ იყო – რეალურად, ეს რიგითი კრიმინალური ისტორიაა რუსეთისთვის ტრადიციული ბიზნეს-რეკეტისა, ამ შემთხვევაში – ჩეჩნური, აფხაზური და ქართული კრიმინალიტეტის მონაწილეობით. და მოვლენებიც ჯერ – რუსეთში, შემდეგ – თურქეთში, ბოლოს კი აფხაზეთში ვითარდებოდა.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, სოსელიამ, რომელსაც სოჭში უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებდნენ ადგილობრივი ჩეჩენი რეკეტირები, დახმარებისთვის თურქეთში მყოფ “ქურდებს” მიმართა. ისინი, თავის მხრივ, დაუკავშირდნენ ქართველ და აფხაზ კრიმინალიტეტს აფხაზეთში, სადაც გატაცებამდე გარკვეული დროით ადრე სოსელია დაბრუნდა. თუმცა ამ შუამავლებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, საქმეზე თავადაც მოეთბოთ ხელი – და მოხდა გატაცება. ბატონი ნადარაია, დარწმუნებული ვარ, თავადაც საქმის კურსშია იმის შესახებ, რომ 5 გამტაცებელს შორის, რომლებიც მან აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ტერორისტულ ჯგუფად” წარუდგინა, ქართველებთან ერთად აფხაზებიც იყვნენ…

თუნცა, ცხადია, რეალობაში გარკვევა ნადარაიას არაფერში სჭირდებოდა. მას სხვა მიზანი ამოძრავებდა – მორიგი დარტყმა მიეყენებინა ასლან ბჟანიას “ხელისუფლებისა” და ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის ჩანასახისთვის….

საინტერესოა მაინც, როგორ ესახება მასა და მის თანამოაზრეებს მსგავსი მოღვაწეობის საბოლოო შედეგი? აცნობიერებენ თუ არა ისინი, სადამდე მიიყვანა აფხაზეთი და თავად ისინიც ერთადერთ სახელმწიფოსთან – რუსეთთან თანამშრომლობამ? თუ აცნობიერებენ, მაშ რატომ აგრძელებენ დაჟინებულ მცდელობებს, აფხაზეთი, რომელმაც სხვა მიმართულებით გახედვა “გაბედა”, ლაგმის ქაჩვით კვლავ “ერთადერთი შესაძლებელი” – რუსული მიმართულებით ახედონ?

მე რომ აფხაზეთის მაცხოვრებელი ვიყო, ამ ბატონებს სულ მცირე, ორ კითხვას მაინც დავუსვამდი: 1) რა სარგებელი მოუტანეს სამშობლოს თავად დე ფაქტო ხელისუფლებში ყოფნისას? 2) შეუძლიათ თუ არა, დაასახელონ თუნდაც ერთი სახელმწიფო, რომელსაც ერთადერთი პარტნიორი ჰყავდა, მას სრულად მიენდო, მთლიანად მასზე გახდა დამოკიდებული და ამასთან, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები