
აფხაზეთის მიერთების გეგმა: რუსეთის "საპარტნიორო ზრუნვის სიკეთეებს" ნელ-ნელა ფარდა ეხდება
25/09/2020 11:20:18 კონფლიქტები
ფრაზები "ხომ ვამბობდით?", "ხომ გაფრთხილებდით?" არ მიყვარს – მათ ხომ, როგორც წესი, იმ დროს იყენებენ, როცა რამის შეცვლა გვიანია. და ძალიან არ მინდა, დავიჯერო, რომ აფხაზეთთან მიმართებაში მათი გამოყენება უკვე დღესაა შესაძლებელი. თუმცა უკვე მეტისმეტად ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ დრო იწურება. და ყველაფერი ის, რასაც "აქცენტი" ბოლო პერიოდში წერდა , ინტერნეტ-ტროლები და ზოგიერთი ჩვენი აფხაზი კოლეგები კი "ფეიქებად" ნათლავდნენ, ნელ-ნელა დასტურდება. თანაც არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ უკვე დოკუმენტურადაც.
ვგულისხმობ აფხაზეთის მიერთების რუსულ გეგმას, რომლის პირველი საკანონმდებლო საფუძველი ჯერ კიდევ 2014 წელს, ე.წ. დიდი ორმხრივი ხელშეკრულებით შეიქმნა, რეალიზების კონკრეტული კონტურები კი ბოლო თვეებში ფორსირებულად იკვეთება.
საწყის ეტაპზე მოსკოვიდან მხოლოდ მინიშნებები ისმოდა. მოგვიანებით პრილეპინმა, პროხანოვმა და ამ ტიპის სხვა მოღვაწეებმა ამაზე უკვე ღიად დაიწყეს საუბარი. კიდევ მოგვიანებით კი ჯერი უკვე ოფიციალურ პირებზე მიდგა.
ასე, მაგალითად, აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთების მორიგი ტალღა რუსეთის ოფიციალური პირის – "აფხაზეთის საპატიო მოქალაქის", სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კონსტანტინე ზატულინის განცხადებებმა გამოიწვია. და ზატულინმაც გადაწყვიტა, აფხაზების მსგავსი რეაქცია უპასუხოდ არ დაეტოვებინა, მისცა რა ცოტა ხნის წინ ინტერვიუ პროგრამა "კავკასიური ხასიათის" («Кавказский характер») წამყვანს. თუმცა ადრე ნათქვამის გამო წუხილზე თუნდაც მინიშნებისა და იმის მტკიცების ნაცვლად, რომ მისი მოსაზრებები "არასწორად გაიგეს", მან კიდევ უფრო ღიად მიუთითა აფხაზეთის სავალალო პერსპექტივებზე, განაცხადა რა, რომ იგი, "როგორც სახელმწიფო", არ შედგა და რომ თუ აფხაზები რუსეთის მიერ შეთავაზებულ კანონებს მიიღებენ, “ქვეყანას პერსპექტივა ექნება», ხოლო თუ არა, «აფხაზეთს რთული ბედი ელის”.
ამასთან, ყველა ეს მზარდი (პრილეპინების დონის მოღვაწეებიდან ოფიციალურ პირებამდე) საინფორმაციო შეტევა იმ ფინანსური და სამედიცინო ბლოკადის ფონზე ხორციელდება, რომელსაც რუსეთი პანდემიის პირობებში ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ “სტრატეგიულ პარტნიორ” აფხაზეთს უწყობს.
ეს ყველაფერი, ერთად აღებული, საუკეთესოდ ეწერება ერთიან კონცეფციაში “აფხაზეთი უპერსპექტივო სახელმწიფოა, რომელიც ვერასოდეს შედგება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარეშე”. უბრალოდ პრილეპინი და პროხანოვი, როგორც “არაოფიციალები”, უფრო გულახდილები იყვნენ და მოსკოვის მიზანზე პირდაპირი ტექსტით საუბრობდნენ. ზატულინმა კი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, სცადა, იგივე “აფხაზეთზე მთელი გულით მზრუნველის” სტატუსით ეთქვა, განაცხადა რა, რომ "საქართველოს რომ აფხაზეთი ეღიარებინა, მის ქუჩაზე ზეიმი იქნებოდა" (თუმცა იქვე დასძინა, რომ "სამწუხაროდ, ეს არ მოხდება").
ამავე ერთიან კონცეფციაში არაჩვეულებრივად ეწერება კიდევ ერთი რამ: ბ-ნ ზატულინს, რომელიც პერიოდულად ზუსტად ასევე პოზიციონირებს "მთელი გულით მზრუნველად", ოღონდ ქართველ ხალხზე, არ გამორჩენია, ძალზე უკმეხი ფორმით გაელანძღა თბილისიც, რომელთან თანამშრომლობაზეც აფხაზეთში ბოლო დროს სულ უფრო ღიად და ხმამაღლა საუბრობენ. მიზანი ცხადია და ნათელი – აფხაზებს გააგებინონ, ვისთან თანამშრომლობაზე შეიძლება ფიქრი, ვისთან - არა. და საერთოდაც, შეუძლიათ თუ არა, თავად იფიქრონ საკუთარ მომავალზე, თუ მათ ნაცვლად ყველაფერს რუსეთი წყვეტს, რომელმაც, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია, მიიღო.
"მოძმე" კრემლი მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმს, ისევე, როგორც პრილეპინის, პროხანოვისა და სხვათა შეურაცხმყოფელი იდეების შემდეგ. და ყოველ ჯერზე, როცა სხვადასხვა რუსი მოღვაწეები თავს მსგავსი "თვითშემოქმედების" უფლებას აძლევენ, აფხაზეთის "ხელისუფლებას" უწევს, თავად არწმუნოს მოსახლეობა იმაში, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირთა ინიციატივებია. მაგრამ კრემლს ხომ დუმილი არც აფხაზური "საგარეო უწყების" ამასწინანდელი საპროტესტო განცხადების შემდეგ დაურღვევია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" შესახებ გადაწყვეტილება რევიზიას არ ექვემდებარება, - მოსკოვიდან არც ამ მოსაზრების დადასტურება გაგვიგია, არც "კერძო რუსული ინიციატივებისგან" გამიჯნვა. დავიჯერო, ეს ყველაფერი შეშფოთების საფუძველს არ იძლევა?
და საქმე მარტო კრემლის დუმილში არაა. ამ ფონზე ღია წვდომაში დაიწყო მოხვედრა სხვადასხვა საინტერესო ოფიციალურმა დოკუმენტებმა, რომლებიც ადასტურებს იმას, რასაც “აქცენტი” ბოლო პერიოდში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა: “პრეზიდენტ” ბჟანიას მოსკოვში ბოლო ვიზიტის დროს ღიად წაუყენეს მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შესასრულებლად მკაცრი ვადების მითითებით. და უარის შემთხვევაში მის “ხელისუფლებას” “შიდაპოლიტიკური კატაკლიზმები” ელის – როგორც ჩანს, სწორედ ისინი, რომელიც მოგვიანებით თავის ინტერვიუში ბატონმა ზატულინმა ახსენა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს "წინადადებები" "რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საფუძველზე საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დანართების პაკეტის" სახით, როგორც ირკვევა, უკვე მიეწოდა აფხაზურ "პარლამენტს". და ეს "ჰარმონიზაცია", რაღა თქმა უნდა, აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისთვის, თურმე, აუცილებელია, თავის კანონმდებლობაში სასწრაფოდ ასახოს ის, რასაც აფხაზები წლების განმავლობაში უკანასკნელი ძალებით ეწინააღმდეგებოდნენ. მაგალითად, უცხოელებისთვის აფხაზეთში ენერგოობიექტების, უცხოეთის აგენტებისა და უძრავი ქონების (იმ სასტუმროების, სანატორიუმებისა და ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსის ჩათვლით, რომლებსაც თავის ინტერვიუში ზატულინიც ახსენებს და ამატებს, "ისინი რუსეთმა ააშენა და, მაშასადამე, მას უნდა ერგოსო) პრივატიზების უფლება.
დაახლოებით იმავე დროს სოცქსელსა და აფხაზურ Telegram-არხებში მოხვედრილი კიდევ ერთი დოკუმენტი კი იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ “წინადადებებს” კრემლი აფხაზეთის “ხელისუფლებას” ჯერ კიდევ ასლან ბჟანიას მოსკოვში ბოლო ვიზიტამდე უყენებდა. დოკუმენტის საფუძველზე შეგვიძლია ასევე, ვივარაუდოთ, რა პოზიცია ჰქონდა სოხუმს ამ საკითხზე იმ მომენტისთვის. საუბარია “პრემიერ” ალექსანდრე ანქვაბის მიერ 2020 წლის 23 ივლისს ხელმოწერილ წერილზე, რომლის ადრესატი რუსეთის პრეზიდენტის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსეი ფილატოვია.
წერილში ნათქვამია, რომ აფხაზურმა მხარემ «ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის განვითარებისთვის რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის ერთობლივი გეგმის” პროექტი განიხილა და თვლის, რომ «გეგმით გათვალისწინებული რიგი ღონსძიებები დამატებით შეთანხმებას საჭიროებს”. ამ მიზნით სოხუმი მაშინ “გეგმის” რიგი დებულებების აღსასრულებლად განსაზღვრული ვადების კორექტირებასაც ითხოვდა.
აი, ამის შემდეგ იყო ასლან ბჟანიას ბოლო ვიზიტი მოსკოვში, მერე კი – ზატულინის ინტერვიუ მთელი მისი “სიამტკბილობებით”.
და აქ აუცილებელია, კიდევ ერთხელ უკან “გადავახვიოთ ფირი” და რამდენიმე თვის წინანდელ პერიოდში დავბრუნდეთ. “ჰარმონიზაციის” პროექტი აფხაზეთში პირველად ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღეს – და ერთ თვეში “ხელისუფლება” შეიცვალა. როგორც ჩანს, სწორედ ამაზე მიანიშნა ასლან ბჟანიას თავის ინტერვიუში “მეგობრულად მზრუნველმა” ზატულინმა, განაცხადა რა, რომ “აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი გონიერი ადამიანია და ესმის იმ პრობლემების მოხსნის აუცილებლობა, რომლებიც რესპუბლიკის განვითარებას ამ დრომდე აფერხებს”.
თუ ამას დავამატებთ ზატულინის კიდევ ერთ ფრაზას – “წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს ბედი რთული იქნება – მუდმივად განმეორდება შიდაპოლიტიკური კატაკლიზმებიო”, ვიღებთ სწორედ იმ ღია მუქარას, რომლის შესახებაც “აქცენტი” ამასწინათ, ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ მასალაში წერდა.
გაუძლებს თუ არა სოხუმი ამ ყველაფერს ამჯერად – უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჯერ-ჯერობით კი დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ მხოლოდ ერთი რამ: რუსეთის გეგმებისთვს წინააღმდეგობის გასაწევად ყოველგვარი რესურსების შეზღუდულობის პირობებშიც კი ხელების ჩამოშვება არ შეიძლება. გამოსავალი პრაქტიკულად ყოველთვის არსებობს და ახლა აფხაზეთისთვის სწორედაც რომ დროა, ეს გამოსავალი იპოვოს.