
რატომ იქცევიან რუსი სამხედროები ისე, როგორც აფხაზური მიწების მეპატრონეები
25/09/2020 13:14:01 კონფლიქტები
სახელმწიფოს ძირითადი კანონი, აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი ნორმატიული სამართლებრივი აქტი მოქალაქეებს სხვადასხვა უფლებებსა და თავისუფლებებს ანიჭებს. ეს მრავალგვერდიანი დოკუმენტი, კანონის წინაშე თანასწორობის გარდა, ადამიანს სიცოცხლის, თავისუფლების, ხელშეუხებლობისა და ბევრი სხვა რამის უფლების გარანტიას აძლევს. მაგალითად, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-16 მუხლი — გადაადგილების თავისუფლებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფებას. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთის ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდეს რესპუბლიკის მასშტაბით. მაგრამ რეალობაში ყველაფერი აფხაზეთის კონსტიტუციით გამყარებული ნორმების საწინააღმდეგოდ ხდება.
შემიძლია, მოვიყვანო არაერთი მაგალითი. რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის მოქალაქეები პირველად წააწყდნენ ზოგიერთ სოფელში შესვლის აკრძალვას. და დაუბრკოლებელ გადაადგილებას მათ რუსი სამხედროები უზღუდავდნენ. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ საუბარია არა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე, არამედ ადგლობრივთა ჩველებრივ დასახლებებზე, რომლისკენაც გზას რუსული სახელმწიფოს სამხედროები ღობავენ.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ კოდორის ხეობაში შესასვლელს აფხაზური სპეცსამსახურების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. იქ საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო მოწყობილი, რომელიც ყოველ წელს ექვემდებარებოდა მოდერნიზებას და რამდენიმე წელიწადში სრულფასოვან ბლოკ-საგუშაგოდ გადაიქცა. ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ნებართვით იყო შესაძლებელი, რომელიც ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ საშვს გასცემდა. ახლა კი იქ რუსი სახმედროები დგანან და ხეობის ტერიტორიაზე მოხვედრა ძალზე რთულია, რიგითი მოქალაქისთვის კი - შეუძლებელი. საშვებს კვლავინდებურად აფხაზეთის უშიშროება გასცემს, მაგრამ შემოწმებას უკვე რუსი სპეციალისტები ახორციელებენ. და სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ შეიძლება, შეადგას კოდორის ნაკრძალში ფეხი, ვინ - არა.
დაახლოებით იგივე სიტუაციიაა გალის რაიონშიც. უბრალოდ იქ ბლოკ-საგუშაგოები მიტოვებულ ავტოგაჩერებებს უფრო ჰგავს, საიდანაც მოულოდნელად ჩნდებიან კამუფლაჟში გამოწყობილი პირები ავტომატებით. ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოითხოვენ მანქანებში მყოფი პირებისა და ქვეითებისგან პასპორტს. და თუ ოჯახის რომელიმე წევრს იგი სახლში დარჩა, მანქანიდან ჩაჰყავთ. გარდა ამისა, ისინი გულდასმით ჩხრეკენ მანქანებს, ბარგს და ხელჩანთებსაც კი. ამ შეზღუდვებისა და დაბრკოლებების მიზეზს მათთან ვერ გაარკვევთ, ხოლო თუ ზედმეტად დაჟინებული იქნებით, რუსი სამხედროები დამხმარე ძალას იძახებენ, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გადაგიყვანთ. ამიტომაც ადამიანები, რომლებსაც მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ, როგორც წესი, დუმილს ამჯობინებენ, ეშინიათ რა სასჯელის, რომელიც ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ელით.
მსგავსი ვითარებაა აფხაზეთის არაერთ სხვა რაიონშიც, სადაც რუსი სამხედროები ისე იქცევიან, როგორც აფხაზური მიწების მფლობელები. და მათ ვერავის დაასჯევინებთ. თუ მაინც გადაწყვეტთ, მათ თვითნებობას შეეწინააღმდეგოთ და საქმეში საკმაოდ სერიოზულ ხალხსა და ორგანიზაციებს ჩართავთ, თქვენ გაგიშვებენ. თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. იმ მომენტიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დაჟინებული ყურადღების ქვეშ იქნებით აფხაზეთის ნებისმიერ წერტილში.
«როდესაც პირველად შევეჩეხე რუს სამხედროებს, რომლებიც პასპორტს ითხოვდნენ, ცოტა არ იყოს, გადავირიე. ეს როგორ უნდა გავიგოთ? დასთან მივდივარ სტუმრად, ვარ აფხაზეთის მოქალაქე აფხაზეთის ტერიტორიაზე, მე კი მჩხრეკენ, როგორც დამნაშავეს?!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე აინარი. - «არაფრით მესმოდა, რა უნდოდათ ჩემგან რუს სამხედროებს. არც ერთმა ჩემმა არგუმენტმა მსგავსი ქმედებების უკანონობის შესახებ არ გამოიღო შედეგი. იმის გამო, რომ პასპორტი არ წამოვიყოლე, სამხედროებმა არ გამატარეს და უკან — გაგრისკენ გამაბრუნეს. ვინ მისცა მათ უფლება, განმისაზღვრონ, სად წავიდე, სად — არა? ჩვენ რა, ახლა უპასპორტოდ ნაბიჯს ვეღარ გადავდგამთ? სამხედრო მდგომარეობა გვაქვს, თუ რა ხდება?».
ადგილობრივ ახალგაზრდა ქალს — სარიას კიდევ უფრო ნაკლებად გაუმართლა. წებელდის რაიონში რუს სამხედროებთან შეხვედრას იგი დღესაც კანკალით იხსენებს. იმ დღიდან უკვე რამდენიმე წელია გასული, თუმცა ყველაფერი ახსოვს — თითქოს გუშინ მომხდარიყოს. ქალმა 10 საათი გაატარა ერთ-ერთ უახლოეს სამხედრო ბაზაზე, საკანში, სადაც ის დაკავებისას სახლში გაშვების ზედმეტად დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს. სოხუმის ბაზარში მიდიოდა საყიდლებზე და პასპორტი შინ დარჩა. უკან დაბრუნებისას შეეჩეხა სამხედროებს, რომლებიც რაიონს აკონტროლებდნენ. ბევრ მათგანს იცნობდა, რადგან ადრე არაერთხელ ჰქონია მათთან კონტაქტი. თუმცა ეს სახლში მოხვედრაში ვერ დაეხმარა. «მთელი საათი ვუხსნიდი მათ, მაგრამ სულ არ აინტერესებდათ. მომთხოვეს, ტერიტორია დამეტოვებინა, რადგან უპასპორტოდ სახლში დაბრუნების ნებას ვერ დამრთავდნენ», - ყვება ახალგაზრდა ქალი. შინ ორი მცირწლოვანი შვილი და მოხუცი ბებია ელოდნენ, რომლებიც ვერ შეძლებდნენ, პასპორტი ბლოკ-საგუშაგოზე მიეწოდებინათ. «შევთავაზე, ჩანთები იქ დამეტოვებინა და პასპორტის მისატანად შინ გავეშვი, მაგრამ არც ამაზე დამთანხმდნენ. როცა წყობილებიდან გამოვედი და მათი მოთხოვნის შესრულებაზე უარი განვაცხადე, დამატებითი ძალა გამოიძახეს. რაც შემდეგ მოხდა, მანამდე მხოლოდ ფილმებში მინახავს: მოვარდა მანქანა, გადმოცვივდნენ შეიარაღებული სამხედროები, თავზე რაღაც ჩამომაცვეს და მანქანაში ჩამტენეს. ეს რაღაც თავიდან მხოლოდ ოთახში მომხსნეს, რომელშიც სკამი, მაგიდა და კასრი იდგა — როგორც მივხვდი, ტუალეტის ფუნქციას ასრულებდა» - იხსენებს ახალგაზრდა ქალი. ამ ოთახში მან 10 საათი გაატარა, რის შემდეგაც თავზე ისევ რაღაც ჩამოაცვეს და წებელდაში დააბრუნეს. გაშვების წინ გააფრთხილეს, უპასპორტოდ აღარ ეარა, «თორემ ასე ადვილად ფონს ვეღარ გავიდოდა».
სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებელთან გასაუბრების შემთხვევაში უამრავ მსგავს ისტორიას მოისმენთ. თუმცა არანაირ ოფიციალურ განცხადებებს ისინი არ გააკეთებენ და თხოვნით არავისთვის მიუმართავთ. კითხვაზე, რატომ, ჩვენი რესპონდენტები გვიხსნიან, რომ ჩივილს აზრი არ აქვს. აფხაზეთის ხელისუფლება ვერას გახდება, რადგან სოფლების უმრავლესობა ხარკად ჩააბარა რუს სამხედროებს, რომლებიც იქ საკუთარ წესებს ამყარებენ.
«ისინი არიან აქ ბატონ-პატრონები. ჩვენს გამო მათთან ურთიერთობას არავინ გაიფუჭებს, - ამას დიდი ხანია, მივხვდი. ჰოდა ვცხოვრობთ ასე, - ვცდილობთ, რუს სამხედროებს თვალში არ მოვხვდეთ. ვინ იცის, კიდევ რა მოუვათ თავში, შემდეგ ჯერზე პასპორტის ნაცვლად შეიძლება, სხვა რაიმე დოკუმენტი მოგვთხოვონ და თუ არ გვექნება, მშვიდობით, სახლო, კარო, შვილებო, ოჯახო», - ამბობს სარია.
ეს სტატია აფხაზეთის კონსტიტუციით დავიწყე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უზენაესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით. მასში ამ დრომდეა დაცული აფხაზეთის მოქალაქეების ყველა უფლება და თავისუფლება. მაგრამ რეალობაში, რუს სამხედროებს აფხაზეთში მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ძირითად კანონს, რომელსაც არა მარტო აფხაზეთის მოქალაქეები, არამედ სხვა სახრლმწიფოების წარმომადგენლებიც უნდა იცავდნენ — თუნდაც იმ ქვეყნების, რომლებიც აფხაზეთს სამხედრო დახმარებას უწევენ.
როგორ უნდა აიხსნას უკვე საკმაო ხანია, ჩამოყალიბებული ეს ვითარება, წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ-ჯერობით ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა ნათელი: ხელისუფლების მდუმარე თანხმობის პირობებში რუსი სამხედროები აფხაზეთის ტერიტორიაზე უკადრებელს კადრულობენ. მოსახლეობა ამას როგორც შეუძლია, ეწინააღმდეგება, თუმცა მისი ძალები შეზღუდულია.
სახელმწიფომ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები, უნდა დააშოშმინოს სტრატეგიული პარტნიორის სამხედროები იმის შეხსენებით, რომ აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა და ისინი მის ტერიტორიაზე ყოფნისას ვალდებულები არიან, მის კანონებს დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება, გადაიზარდოს კონფლიქტში, რომლისგანაც ყველაზე მეტად ისევ ადგიობრივები დაზარალდებიან, რომელთა ცხოვრება ისედაც შორსაა ადამიანურისგან.
ასტანდა ბგანბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება