
რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში
28/09/2020 13:24:24 კავკასია, ანალიზი
მას შემდეგ, რაც 27 სექტემბრის დილით აზერბაიჯანის სარდლობამ მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელ მთლიან ხაზზე საპასუხო შეტევის შესახებ განაცხადა, საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, მეორე დღეა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბრძოლები გრძელდება: მხარეები იუწყებიან მსხვერპლის შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში, პასუხისმგებლობას კი ერთმანეთს აკისრებენ.
მართალია, მანამდე კონფლიქტის ზონაში ვითარება სტაბილურად დაძაბულად ფასდებოდა, თუმცა 27 სექტემბრის მოვლენებმა მხარეებს შორის მანამდე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებებს შორის ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო და როგორც ანალიტიკოსები თანხმდებიან, ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.
„გაკეთდა ღია განცხადებები, რომ ოპერაცია რეგიონზე კონტროლის აღდგენას ემსახურება; დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქი; არის მსხვერპლი მოსახლეობაში – ეს უკვე არის სრულფასოვანი სამხედრო ოპერაცია თავისი ჰიბრიდული კომპონენტით: სახეზე გვაქვს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებები და შეტევითი ოპერაცია, მეორეს მხრივ – სახეზეა კიბერკომპონენტი, რაც თან ახლას ოპერაციას. შეიძლება, ითქვას, რომ ვითარებას ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს“,– ამბობს „აქცენტთან“ საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.
კონფლიქტი და ვერსიები
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა სტაბილურად დაძაბული ვითარება ნარჩუნდებოდა – მახრეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დარღვევაში სისტემატიურად ადანაშაულებდნენ. ფორმალურად, სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას. კონფლიქტის გადასაჭრელად მოქმედებს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან.
„საუბარი, რომ ყარაბაღის მოსახლეობა თავს იცავს და იქ სომხური ინტერესები არაფერ შუაშია, არაა სწორი მიდგომა: ყარაბაღის რეგიონი ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე პრაქტიკულად ორგანულად ინტეგრირდა სომხურ სახელმწიფოში: ყარაბაღი და მის გარშემო დაკავებული ტერიტორიები შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც ერთგვარი სომხური ადმინისტრაციული ერთეულიც კი. ამდენად, ეს სომხურ–აზერბაიჯანული, ორი სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული, აქტიური კონფლიქტია“,– ამბობს გობრონიძე.
27 სექტემბრის მოვლენებს წინ უსწრებდა უშუალოდ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები, რასაც სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.
რაც შეეხება ამჟამინდელ მოვლენებს, ანალიტიკოსი ტომ დე ვაალი წერს, რომ ესკალაცია ბოლო პერიოდში ორივე მხარეს მომატებული აგრესიული საბრძოლო რიტორიკის გაგრძელებაა.
მისი აზრით, ადრეული განცხადებები მიანიშნებს, რომ ბაქოს სურს, მიიღოს ისეთი ვითარება, როგორიც 1990-იან წლებში რეგიონში ტერიტორიების დაკარგვამდე ჰქონდა:
„სავარაუდოდ, [ბაქო] ცდილობს, რომ იპოვოს დრო, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არ არის [ამ საკითხში] ჩართული, აშშ-ში საარჩევნო პერიოდია, ეუთო ლიდერების გარეშეა დარჩენილი“…
მისი შეფასებით, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან „ორი მხარე ახლა მძიმედ არის შეიარაღებული და შეუძლიათ, შეუტიონ სამოქალაქო დასახლებებსა და სტრატეგიულ აქტივებს“.
„2016 წელს მათ ჰქონდათ „ლიმიტირებული“ მაგრამ ტრაგიკული ომი, რომელმაც 200 ადამიანი იმსხვერპლა. ახლა ორივე მხარეზე არის წნეხი, რომ „მიაღწიონ“ უფრო მეტს, ვიდრე მაშინ“, – წერს ანალიტიკოსი.
რიგი ანალიტიკოსების მხრიდან გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებებიც, მათ შორის,
- პანდემიის ფონზე მხარეები სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობენ;
- სომხეთი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას ცდილობს, აზერბაიჯანში კი, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზა არ აქვს, ლავირებს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო რუსეთი კონფლიქტის პროვოცირებით ორივე მხარეს სჯის.
თავად რუსეთის ფაქტორსა და კრემლის ინტერესების ნაწილში არ დავობს გობრონიძე, თუმცა დაპირისპირების მიზეზებს სხვა მიმართულებით ხედავს. მათ შორის, მკვლევარი მინსკის სამშვიდობო ფორმატის არაეფექტურობაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„სამი ათეული წელია, პროცესი ადგილიდან არ იძვრის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რეჟიმები კი ყარაბაღით "საზრდოობენ". ალიევს სურს, ისტორიაში შევიდეს, როგორც კონფლიქტის აზერბაიჯანის სასარგებლოდ დამასრულებელი; თავის მხრივ სომხეთი წლებია, თავისი „გამარჯვების“ გეოპოლიტიკურ ტყვეობაშია მოქცეული – ითმენს იზოლაციას, საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი უკიდურესად შეზღუდული აქვს, მაგრამ ამ ინტერესს არ თმობს.
კონფლიქტის სიმახინჯე იმაშიც მდგომარეობს, რომ ურთიერთ ეთნიკურ ანტაგონიზმამდეა დაყვანილი, რაც პროცესს ძალიან ართულებს. რაც უფრო დიდხანსაა კონფლიქტი გაყინული და რაც მეტი რესურსი აქვს ქვეყანას, მეტია შანსი, რაღაცეები ძალის გამოყენების გზით დაარეგულირონ“,– დასძენს ანალიტიკოსი.
კითხვაზე, რატომ ახლა, გობრონიძე პასუხობს, რომ „ეს დროს და შესაძლებლობებს უკავშირდება“:
„ამ ქვეყნებში ელიტებმა ჩათვალეს, რომ ახლა კარგი დროა, ახლა სჭირდებათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მოწინააღმდეგე ახლა უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე“.
რეგიონული აქტორები
სომხეთსა და აზერბაიჯანს თავიანთი სტრატეგიული პარტნიორები – რუსეთი და თურქეთი უჭერენ მხარს.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მხარეებს. „აუცილებელია, რომ ყველაფერმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. ბრძოლა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ვიცე-სპიკერმა ვლადიმირ ჯაბაროვმა.
თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბაქოს და ერევანს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა აზერბაიჯანის მიმართ“.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, „კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უდიდესი ბარიერი არის სომხეთის ძალადობრივი პოზიცია“. მისი თქმით, თურქეთი „ყველა რესურსით“ დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს.
28 სექტემბერს თურქულმა საინფორმაციო სააგენტომ Anadolu გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის სიტყვები, რომ სომხეთი უნდა "წავიდეს [აზერბაიჯანის] ოკუპირებული ტერიტორიებიდან".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, ანკარას ბრალი დასდო დაქირავებული მეომრების გადაბირებაში იმ მიზნით, რომ მათ შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს მიიღონ მონაწილეობა.
„წელს სიახლე ის არის, რომ თურქეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი გაცილებით უფრო მკაფიოა, ვიდრე ოდესმე, რუსეთი კი, სომხეთთან სამხედრო ალიანსის მიუხედავად, უფრო ორაზროვანია, აზერბაიჯანთან ძლიერი ურთიერთობის გამო“,– ამბობს ტომ დე ვაალი.
გობრონიძე რეგიონში მილიტარიზაციის დონესა და რუსეთის როლზე ამახვილებს ყურადღებას:
„ვხედავთ, რომ ათწლეულებია, რუსეთი ცინიკურად აიარაღებს ორივე მხარეს – მილიტარიზაციის ხარისხით აზერბაიჯანი და სომხეთი მსოფლიოში ერთ–ერთი მოწინავე ქვეყნები არიან. როდესაც რეგიონში მსგავსი გამალებული მილიტარიზაცია გვაქვს, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება“.
ამასთან, მისი დაკვირვებით, საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთი ცდილობს, კასპიის რესურსების სატრანზიტო სქემიდან აზერბაიჯანის ჩამოშორება უზრუნველყოს, რაც იმავდროულად თურქეთის „ჩამოშორებასაც“ გულისხმობს:
„აზერბაიჯანი განიხილებოდა „სამხრეთ ნაკადის“ ალტერნატივად და მას ამის პოტენციალი აქვს. სავარაუდოდ, რუსეთს ეს კონფლიქტი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო ნაწილების შესაყვანად სჭირდება: არ გამორიცხოთ, რომ თუ ვითარება ძალიან დამძიმდა, შეიძლება, საუბარი იყოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაზე და ეს მისია რუსული აღმოჩნდეს“.
ამ კონტექსტში გობრონიძე თურქულ ინტერესებზეც ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან მოვლენების ხსენებული სცენარით განვითარების შემთხვევაში რისკის ქვეშ თურქეთისთვის სასიცოცხლო ეკონომიკური პროექტები დგება.
გარდა ამისა, გობრონიძის დაკვირვებით, თურქეთი, როგორც რეგიონის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო, ვალდებულია, ყველას ჩვენოს, რომ მოკავშირეებს არ ტოვებს:
„შესაბამისად, თურქული და რუსული საგარეო პოლიტიკა რაღაც დონით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, უბრალოდ, ჩვენდა საბედნიეროდ, თურქეთს დღის წესრიგში არ აქვს ჩვენთვის იმ ტიპის პრობლემების შექმნა, რასაც რუსეთი ახორციელებს და ამ მოცემულობით, ქართულ თურქული ურთიერთობები შეიძლება, შეფასდეს, როგორც ძალიან კარგი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს რეგიონში ინტერესი და არ შექმნის პრობლემებს: საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი კონკურენტები არიან. ამდენად, თურქეთის რეგიონში გააქტიურება ნიშნავს: თურქეთს შიში აქვს, რომ შესაძლოა, საფრთხე მისთვის სასიცოცხლო პროექტებს დაემუქროს; თურქეთის ნაციონალური პროექტია „ორი ქვეყანა – ერთი ერი“, რაც კავკასიის რეგიონში თურქეთის დასაყრდენს უზრუნვეყოფს და ეს კონცეფცია არ უნდა დაირღვეს. ამრიგად, შესაძლოა, სამხრეთ კავკასია თურქეთისთვის ახლო აღმოსავლეთივით პრიორიტეტული გახდეს“.
საქართველოს პოზიცია, რისკები და როლი
ოფიციალური თბილისი წლებია, აღნიშნულ კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება მორიგ სამხედრო გამწვავებას და იმედი გამოთქვა, რომ „მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“.
ქვეყნის ხელისუფლებამ მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს, „მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის“.
„ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“, – წერია განცხადებაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმაც გამოაცხადა, რომ შეშფოთებულია შეტაკებების განახლებით: „მოვუწოდებთ [მხარეებს] მშვიდობიანობისკენ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს“, – დაწერა მან ტვიტერზე
მკვლევარი გიორგი გობრონიძე იმედს იტოვებს, საქმე კონფლიქტში რუსეთისა და თურქეთის უშუალო ჩართვაში არ გადაიზრდება, თუმცა მსგავსი სცენარის შემთხვევაშიც, გობრონიძე ნაკლებად რეალურად მიიჩნევს საბრძოლო მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელების შესაძლებლობას. თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ კონფლიქტი ბუნებრივია, ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაივლის.
„თურქეთს საზღვარი აქვს სომხეთთან, რუსეთს – აზერბაიჯანთან“,– განმარტავს საკუთარ პოზიციას მკვლევარი.
კიდევ ერთი რისკი მხარეებისთვის იარაღის მიწოდებას უკავშირდება.
„წინა ესკალაციის [2020 წლის ზაფხულის] პერიოდში საქართველომ აჩვენა, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია. თუ სამხედრო ტრანზიტზე ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს პარიტეტზე დაფუძნებული. საქართველოს ინტერესია, მაქსიმალურად განზე გადგეს ამ კონფლიქტიდან და ამას საქართველოს ყველა ხელისუფლება ართმევდა თავს – ჩვენ აქ მხარეს ვერ დავიჭერთ და ვერც მედიატორები ვიქნებით: მედიაცია განსხვავებული ტიპის ჩართულობას გულისხმობს და რეგიონში, სადაც ყველა მეზობელი ეჭვის თვალით გვიყურებს, ჩვენი მედიატორობა ჩვენთვისვე წამგებიანი იქნებოდა, მოითხოვს რა იმ დიპლომატიურ რესურსებს, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ამ შემთხვევაში თბილისი მაქსიმუმ, შეიძლება, გამოვიყენოთ სამშვიდობო პროცესის პლატფორმად, სადაც მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან“,– დასძენს გობრონიძე.