Accentnews.ge
გამარჯვების დღეს გილოცავ, აფხაზეთო! - იმედია, არა უკანასკნელს...

გამარჯვების დღეს გილოცავ, აფხაზეთო! - იმედია, არა უკანასკნელს...

29/09/2020 16:22:18 კონფლიქტები

ხვალ აფხაზეთი მის უახლეს ისტორიაში მთავარ ეროვნულ დღესასწაულს — 1992-93 წლების სამამულო ომში გამარჯვების 27-ე წლისთავს აღნიშნავს. ყოველწლიურად ამ დღეს იმართებოდა მასობრივი ღონისძიებები, ხალხი ზეიმობდა, მღეროდა პატრიოტულ სიმღერებს, იხსენებდა ომში დაღუპულ ძმებს, დებს, მეგობრებს, გამოთქვამდა მათ მიმართ მადლოერებას არა მარტო მოპოვებული თავისუფლებისთვის, არამედ აფხაზი ხალხის შესაძლებლობისთვის, დამოუკიდებლად აშენოს საკუთარი მომავალი.

ასე იყო ბოლო დრომდე. მაგრამ უკანასკნელი მოვლენების (და კორონავირუსი აქ არაფერ შუაშია) ფონზე გამარჯვების დღეს წელს პირველად ადგება ჩრდილი მძიმე ფიქრებით სამშობლოს მომავალზე. თითქოს აღარც ომია, არც მტერი გვემუქრება, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ აფხაზეთმა შესაძლოა, დაკარგოს არა მარტო საკუთარი იდენტურობა, სახელმწიფოებრიობა, არამედ მომავალიც, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია აფხაზეთის თითოეული მაცხოვრებლის თავზე. მხედველობაში მყავს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისთვისაც სიტყვა «სამშობლოს» საკრალური არსი აქვს და არა დაბადების ადგილის ნომინალური მნიშვნელობა.

ზოგიერთი იტყვის, ნუ აბუქებთ, სუვერენიტეტის დაკარგვის არავითარი საფრთხე არ არსებობსო! შესაძლოა, ვარდისფერ სათვალეში თქვენ სწორედ ასე გეჩვენებათ. მაგრამ რეალურად, აფხაზეთი დიდი ცვლილებების ზღვარზეა და ყველას სერიოზული საფრთხე გვემუქრება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ სამშბოლოს ბედს სხვა გადაგვიწყვეტს!

27 წლის განმავლობაში ნულიდან ვაშენებდით სახელმწიფოს. ომმა დააცარიელა აფხაზეთი, ნანგრევებად აქცია ქალაქები და სოფლები, სამრეწველო ობიექტები, თითქმის გაანადგურა არა მარტო კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, არამედ ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც წაგვართვა. ესოდენ მასშტაბური ნგრევის შემდეგ ქვეყნის აღდგენა არ იყო ადვილი, მაგრამ ხალხი არ შედრკა, სჯეროდა რა საკუთარი, თუნდაც ომით შერყეული ძალის.

აღდგენა «შვიდმილიანი ნაბიჯებით» მიდიოდა და დღემდე აფხაზეთის რიგი რაიონები ისე გამოიყურება, თითქოს ომი იქ გუშინ დასრულდა. მაგრამ სიტუაციის მთელი სირთულის, ომგამოვლილი ქვეყნისთვის დამღუპველი ბლოკადისა და სანქციების მიუხედავადაც კი, ხალხმა ხელები არ ჩამოუშვა, რადგან დასახული ჰქონდა მიზანი — ქვეყნის აღორძინება.

ასე ვიცხოვრეთ მთელი გასული წლები. მიზანი არ შეცვლილა, მაგრამ მისი მიღწევა რატომღაც წლიდან წლამდე რთულდებოდა. უცნაური ისაა, რომ პირველი ომისშემდგომი წლებისგან განსხვავებით, აფხაზეთს უკვე საზღვრებიც გაეხსნა, რიგმა ქვეყნებმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდაც აღიარეს, რუსეთმა კი ფინანსური დახმარება დაიწყო, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა. ცხოვრება არ გაგვიუმჯობესდა. რესპუბლიკა კვლავინდებურად ნანგრევებშია, ეკონომიკა, მრეწველობა როგორც არ იყო, ისე არ არის, ცხოვრება ძვირდება, მოსახლეობა კი დღითიდღე ღარიბდება. და მოქალაქეების ყველა არსებულ პრობლემას კიდევ ერთი — მთავარი დაემატა.

წელს პირველად, რუსულმა მხარემ ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა აფხაზეთს, მარტივი ენით რომ ვთქვათ, დაემშვიდობოს სახელმწიფოებრიობას, იდენტობას, მომავალს. უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე მოსკოვი ალაპარაკდა რესპუბლიკის ტერიტორიის რუსეთთან მიერთებაზე. იურიდიული ენით რომ ვთქვათ – კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემდგომი შესვლით.

იმას, რომ ეს თემა ახლა გაჩნდა, ვერ ვიტყვით, - რუსულ მხარეს ადრეც არაერთხელ უცდია აფხაზეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში მისი შეტანა. თუმცა მაშინაც, ისევე, როგორც ეხლა, ეს საკითხები აფხაზური საზოგადოების მკვეთრ რეაქციას იწვევდა. «რამდენადაც ვიცი, ეს პროცესი ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში დაიწყო. და იმთავითვე საუბარი იყო კანონმდებლობის არა ჰარმონიზაციაზე, არამედ უნიფიკაციაზე — სამართლის ერთიანი (საერთო) ნორმის შექმნაზე. შესაძლოა, გეგმის მიხედვით, ეს საკითხები მაშინვე უნდა გადაჭრილიყო — წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ რადგან ახალი ხელისუფლება მოვიდა, გადაწყვიტეს, ახლა ძალით გაიტანონ», - დარწმუნებულია პოლიტოლოგი თენგიზ ჯოპუა. მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების, აფხაზური ეთნოსის შენარჩუნების თვალსაზრისით, ამ საკითხების დადებითად გადაჭრა დაუშვებელია.

«ტრადიციაზე, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს ფინანსური დახმარებით არსებობს, უარი უნდა ვთქვათ, რადგან ეს არც აფხაზურ, არც რუსულ საზოგადოებებს სჭირდებათ. შესაძლოა, გარკვეული დროის განმავლობაში ეს გეოპოლიტიკით ან რაღაც სტრატეგიული ინტერესებით ვამართლოთ, მაგრამ მუდმივად ეს პრაქტიკა ვერ იარსებებს. ეს მობეზრდება რუსეთის როგორც ხელმძღვანელობას, ისე საზოგადოებას, და თავად ჩვენთვისაც მსგავსი ნაკლული მდგომარეობა არ უნდა იყოს მისაღები», - თვლის აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ასტამურ ტანია. მისი აზრით, უკვე აბსოლუტურად ნათელია აფხაზური საზოგადოების არსებობისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის აუცილებლობა. «ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს რუს პარტნიორებს, რომლებთანაც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შემთხვევით არ გაგვიფორმებია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენ განვითარების პროგრამა გაგვაჩნია. მაგრამ მანამდე ყველამ ერთად, მთელმა აფხაზეთმა უნდა მივიღოთ ეს პროგრამა», - თვლის ტანია.

ის, რომ აფხაზეთი რუსეთისთვის საფრთხეს არც სტრატეგიულად წარმოადგენს, არც გეოპოლიტიკურად, ყველას ესმის. მაგრამ რაღაც გაუგებარი, მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზებით რუსეთის ელიტებმა გადაწყვიტეს, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, შთანთქონ აფხაზური სახელმწიფო, აქციონ იგი კიდევ ერთ რუსულ გუბერნიად. და ამას უამრავი მტკიცებულება ამყარებს. ავიღოთ თუნდაც პარტიის «За правду» ლიდერ ზახარ პრილეპინის განცხადება, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კონსტანტინე ზატულინის უკვე მრავალრიცხოვანი გამონათქვამები, მოსკოვიდან აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებული დოკუმენტები.

ერთ-ერთი ბოლო მტკიცებულება — ამასწინათ მედიაჯგუფ «პატრიოტისა» და რუსეთის ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს პლატფორმაზე გამართული პრეს-კონფერენციაა სახელწოდებით «იქცევიან თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილად?». შეხვედრის ფარგლებში პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განიხილეს, რა შეიცვალა აღიარებიდან 12 წლის განმავლობაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? რისკენ ისწრაფვიან რესპუბლიკები — აშენონ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თუ გახდნენ რუსეთის ფედერაციის ნაწილი? როგორ უნდა ჩამოყალიბდეს დიალოგი საქართველოსთან და შესაძლებელია თუ არა მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები? სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა დავით სანაკოევმა, აფხაზეთის რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტმა ვიტალი ლაბახუამ, რუსული პოლიტოლოგიური საზოგადოების თანათავმჯდომარემ, პროფესორმა სტანისლავ ერემეევმა, საერთაშორისო ფონდ «აფსნის» ვიცე-პრეზიდენტმა მაქსიმ ღვინჯიამ და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ევგენი ფეოდოროვმა ამ აქტუალურ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. შეხვედრის ყველა დეტალს არ მოვყვები, მხოლოდ რიგი რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გამონათქვამებზე გავამახვილებ ყურადღებას. პროფესორ სტანისლავ ერემეევის აზრით, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობისგან მხოლოდ წააგეს და ეს ფაქტი უნდა აღიარონ. «რუსეთი ყოველთვის ძლიერი იყო თავის ირგვლივ მიწების შემოკრებაში… ეს მოცემულობად უნდა აღვიქვათ», - აღნიშნა ერემეევმა. «ყველაზე წარმატებული პროექტი — რუსეთი — მაგალითად იქცევა მეზობელი სახელმწიფოებისთვის, იქნება ეს საქართველო თუ ბალტიისპირეთი. იყო თუ არა მათთვის სასარგებლო [დამოუკიდებლობა]? არა. მოდით, ვაღიაროთ, კარგი ცხოვრებისთვის აუცილებელია ცხოვრება ოჯახში», — დარწმუნებულია ერემეევი.

თავის მხრივ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ უამბო პრეს-კონფერენციის მონაწილეებს, რომ საქართველოსთან აფხაზეთს ურთიერთობა მაინც აქვს: როგორც ჟენევის პროცესის ფარგლებში, ისე სახალხო დიპლომატის ფორმით. პრობლემები კი ნორმალური ურთიერთქმედების კუთხით მხოლოდ იმ პოპულიზმის გამო იქმნება, რომელიც თბილისის პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. «მაგრამ დროს თავისი მიაქვს. ჩვენ უნდა ვეძებოთ საქართველოსთან ურთიერთქმედების გზები», — თვლის ღვინჯია.

ეს განცხადებები რუს პოლიტიკოსებს აშკარად არ მოეწონათ და მათ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს აფხაზეთის წარმომადგენლების დარწმუნება რუსულ სახელმწიფოსთან გაერთიანების აუცილებლობაში. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ევგენი ფეოდოროვმა მოიყვანა საკმაოდ უცნაური არგუმენტი, რომელიც, მისი ხედვით, უნდა იქცეს გადამწყვეტ ფაქტორად რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილების მისაღებად. ფეოდოროვის აზრით, «ყველა ტერიტორია, რომელიც თავის დროზე სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა, ისევ უნდა გაერთიანდეს ერთ სახელმწიფოდ». «ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ ჩვენი 1945 წლის საზღვრების აღდგენისკენ. აფხაზეთი და ოსეთი სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ, ისინი შეიძლება, რუსულ-ბელორუსული კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ. ცნება «რუსი» იმთავითვე მრავალეროვნული იყო. მას უნდა დავუბრუნდეთ. ეს უნდა იქცეს ნორმად: თუ გიყვარს რუსეთი და რუსულად საუბრობ, მაშასადამე, რუსი ხარ», - განაცხადა ფეოდოროვმა.

როგორც არ უნდა გვინდოდეს, აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი უკვე არა კულუარულად, არამედ სრულიად ღიად განიხლება. დიახ, რუსეთის პირველ პირებს ეს ჯერ არ უთქვამთ, თუნცა ისედაც ნათელია, რომ მათი თანხმობის გარეშე ეს იდეა არც გაიჟღერებდა.

ხვალ აფხაზეთი გამარჯვების დღეს აღნიშნავს, პატივს მიაგებს ვეტერანებს, რომლებმაც აფხაზ ხალხს სისხლისმღვრელ ომში თავისუფლება მოუტანეს. ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ასეთ დღესასწაულებს ჩემი სამშობლო კიდევ ბევრს იზეიმებს თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით. მაგრამ ამის იმედი რესპუბლიკის მაცხოვრებლებს თითქმის აღარ დარჩათ. როგორ დავუპირისპირდებით რუსეთს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დაღუპვა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის წართმევა განიზრახა — ძნელი წარმოსადგენია. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ თავის ქვიშაში ჩარგვა და ცხადის უარყოფა აღარ გამოგვივა. აფხაზეთს შესაძლოა, ერთი შანსი რჩება ასიდან ვითარების გარდასატეხად და ამისთვის მთელს მსოფლიოს უნდა ვაცნობოთ იმ თვითნებობის შესახებ, რომელიც რესპუბლიკაში ხდება.

დამდეგ დღესასწაულს გილოცავ, აფხაზეთო! ღმერთმა ქნას, გამარჯვების ეს დღე უკანასკნელი არ აღმოჩნდეს ჩვენთვის. რადგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკუათვლა უკვე დაიწყო!

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S