"მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავდაცვის გაძლიერება, არამედ კანონის უზენაესობის განმტკიცება და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირება"

02-10-2020 12:50:47 ინტერვიუ

„აქცენტის“ ინტერვიუ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან.

- ბატონო აპატურაი, ბუქარესტის სამიტის შემდეგ მუდმივად გვესმის, რომ საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს. როგორ ფიქრობთ, რა განამტკიცებდა ქვეყნის სვლას ნატო–სკენ? რა კონკრეტულ საკითხებზე აქვს სამუშაო საქართველოს, რომ ალიანსის წევრობისთვის კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილოს?

- ნამდვილად, ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებაშია გაწერილი და ჩვენ მისი ერთგული ვრჩებით. ჩვენი კარი ღიაა ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებსაც ალიანსის პრინციპების, ღირებულებების გაზიარება შეუძლიათ და მზად არიან წევრობისთვის. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დროს ამ მხრივ საქართველოს მიმართ კონკრეტული ვალდებულებაა აღებული. სწორედ ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რატომ ანიჭებს ნატო ამდენად დიდ მნიშვნელობას საქართველოსთან ურთიერთობას. ამ საკითხზე [ღია კარის პოლიტიკა] კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ნატო–ს გენერალურმა მდივანმა თქვენი პრემიერ–მინისტრის - გიორგი გახარიას ბრიუსელში ამასწინანდელი ვიზიტის დროს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რამდენად გაძლიერდა ნატო–საქართველოს თანამშრომლობა. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი: იგი ხელს უწყობს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას სხვადასხვა გზით, მათ შორის - ავღანეთში ალიანსის ძალისხმევის მხარდაჭერით. მიმდინარე წლის დასაწყისში ნატო–ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან კიდევ უფრო გაძლიერდეს, მათ შორის - საჰაერო მიმოსვლის შესახებ მონაცემების უფრო აქტიური გაცვლით, ჰიბრიდული საფრთხეების გადასაჭრელად თანამშრომლობითა და შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი წვრთნების ჩატარებით.

ჩვენ ასევე მივესალმებით წლების განმავლობაში საქართველოს მიერ რეფორმების მხრივ მიღწეულ პროგრესს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, დემოკრატიული სისტემის განმტკიცებას და ეკონომიკის ტრანსფორმაციას.

მნიშვნელოვანია რეფორმების კურსის შენარჩუნება. როგორც ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება ნატო-სთან დაახლოებისა და წევრობისთვის მზადების კუთხით. ეს ნიშნავს არა მხოლოდ თავდაცვის სფეროს გაძლიერებას, არამედ კანონის უზენაესობის განმტკიცებას და სასამართლო სისტემაში შემდგომი რეფორმების განხორციელებას.

– როგორც ცნობილია, კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებაა. საქართველოში ოქტომბრისთვის დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში უკვე მიუთითებენ ამომრჩეველთა მოსყიდვის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლა/მუქარისა და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო შემთხვევებზე. როგორ შეაფასებდით საქართველოს სადღეისო მდგომარეობას დემოკრატიული განვითარების მიმართულებით?

– საქართველოს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს რეფორმების კუთხით. მაგრამ ნათქვამია, „არასდროს დაკმაყოფილდე მიღწეულითო“. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის უპირველესი მნიშვნელობისაა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ამასთან, ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში განვითარდება პოლიტიკური კულტურა, ოპოზიცია და მთავრობა ერთად უფრო კონსტრუქციულად იმუშავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფართო კონსენსუსია ნატო–სა და ევროკავშირის წევრობისთვის რეფორმების გატარების თაობაზე, ვფიქრობ, ოპოზიციასა და მთავრობას შორის კონსტრუქციული ურთიერთობების კარგი საფუძველი არსებობს.

– გასულ წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ საფრთხის სერიოზულობა აჩვენა. რამდენად საფუძვლიანია მოლოდინი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთს ჩარევის მცდელობა ექნება და რა დახმარებას უწევს ალიანსი საქართველოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით?

– ბოლო წლების განმავლობაში ნატო–ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფორმით ჩარევის მსხვერპლად იქცნენ. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ე.წ. ჰიბრიდული ფორმით, კიბერ-დომეინში საქმიანობის განხორციელებით. მოკავშირეები და პარტნიორები სულ უფრო მეტად ფხიზლობენ და აძლიერებენ მზაობას, გაუმკლავდნენ ასეთ ჩარევებს. ამისათვის საჭიროა ეროვნულ დონეზე დაგეგმილი ძალიან ბევრი ძალისხმევა და რესურსები. ნატო მზადაა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ამ საკითხში მხარი დაუჭიროს.

– ალიანსმა ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე გააძლიერა წარმოდგენილობა შავ ზღვაში. ბელარუსის მოვლენების გათვალისწინებით, გეგმავს თუ არა ნატო რაიმე დამატებითი ზომების მიღებას?

– ბოლო დროს ბელარუსში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ჩვენ არ ჩავერთეთ რაიმე კონკრეტულ სამხედრო მოქმედებებში ან წვრთნებში. თუმცა ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო წარმოდგენილობის მასშტაბურ ზრდას, განსაკუთრებით - 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია განახორციელა. ეს არის დესტაბილიზაციის შექმნის ერთ–ერთი მაგალითი ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე, ასევე ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და შავ ზღვაში. ამ ქმედების საპასუხოდ ნატო–მ გაზარდა თავისი წარმოდგენილობა შავი ზღვის რეგიონში - ხმელეთზე, ცასა და ზღვაში. ჩვენ ასევე გავზარდეთ სიტუაციური ინფორმირებულობა. გარდა ამისა, შევთანხმდით ღონისძიებათა პაკეტზე, რათა უფრო ძლიერი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, პირველ რიგში - საქართველოსა და უკრაინასთან. ეს მოიცავს საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წვრთნებს; საპორტო ვიზიტებს და სწავლებებს, ინფორმაციის გაზიარებას. ნატო–ს მუდმივი საზღვაო ჯგუფები საქართველოს სანაპირო დაცვის ოფიცრებთან გადიან წვრთნებს, რაც ჩვენი ურთიერთქმედების უნარს აუმჯობესებს. ამასთან, ვაპირებთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი საზღვაო კომპონენტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით. ერთი სიტყვით, ნატო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების დაცვას მტკიცედ ემსახურება.

– სოხუმსა და ცხინვალში მუდმივად აშფოთებთ დანარჩენ საქართველოში გამართული სამხედრო წვრთნები. რუსეთის მითითებით ოკუპირებულ რეგიონებში ამბობენ, რომ საქართველოს NATO–ში არათუ გაწევრიანება, სწრაფვაც კი მათთვის პირდაპირი საფრთხეა. რას იტყოდით აღნიშნულთან დაკავშირებით?

– საქართველო აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ცალმხრივად აქვს დადებული ძალის არგამოყენების პირობა გადაუჭრელი კონფლიქტებთან მიმართებაში. რუსეთმა მსგავსი ვალდებულების აღებაზე უარი განაცხადა. ჩემი აზრით, ხალხმა, ვინც საქართველოს ამ რეგიონებში ცხოვრობს, იცის ეს ფაქტი.

გარდა ამისა, საქართველოს სწრაფვა ნატო–ში გაწევრიანებისკენ ნიშნავს, რომ იგი აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას, უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზებასთან ერთად. ამის მიზანია, სახელმწიფო გახდეს როგორც კიდევ უფრო მეტად განვითარებული, ისე მეტი პასუხისმგებლობის მქონეც. ამდენად, ამ რეგიონებში ხალხმა საქართველოს თანამედროვე ევროპულ დემოკრატიად გარდაქმნა არა საფრთხედ, არამედ პირიქით, პოზიტიურ, მომავლის იმედის მომცემ მოვლენად უნდა განიხილოს.

ნატო პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ. საქართველო ქებას იმსახურებს მის მიერ გამოვლენილი მოთმინებისთვის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგულებისთვის.

– რა მდგომარეობაა ამჟამად თავად ალიანსში? ნატო-ს რომელი წევრი ქვეყნები ხარჯავენ თავდაცვაზე უკვე მშპ–ის 2%–ს? რამდენად ერთიანია ნატო და რამდენად ძლიერი, რომ მსოფლიოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა სათანადოდ შეაკავოს?

– ალიანსის თავდაცვაში ინვესტიციის განხორციელება აუცილებელია იმისათვის, რომ ხალხი სადღეისოდ არსებულ - უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში დაცული იყოს. ეს ნატო–ს ყველა მოკავშირეს ესმის. 2014 წელს უელსის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვისთვის მშპ-ის 2%–ს დახარჯავდნენ. ჩვენ ვიცავთ აღნიშნულ პირობას. 2019 წელს 9 მოკავშირემ შეასრულა ეს პირობა, მაშინმ როცა 2014 წელს მათი რაოდენობა 3 იყო. მოკავშირეები ასევე უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თანამედროვე შესაძლებლობებში და აძლიერებენ ძალებს ნატო–ს მისიებისა და ოპერაციების მეტი ჩართულობით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი, რადგან სადღეისოდ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში ვცხოვრობთ.

მოკავშირეთა შორის ასევე არსებობს დიდი თანხმობა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთს. წლების განმავლობაში ნატო მუშაობდა მოსკოვთან თანამშრომლობის დამყარებაზე, მაგრამ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების შერყევას იწვევს. რუსეთმა გამოიყენა ძალა მეზობლების წინააღმდეგ, მაგალითად, 2008 წელს - საქართველოში, ჩაერია ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჰიბრიდული შეტევებით. ამასთან, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა „შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების“ შესახებ 1987 წლის ხელშეკრულების გაუქმებაზე. ჩვენ ვიცავთ ორგვარ მიდგომას რუსეთის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ, ვდებთ ინვესტიციას შეკავებასა და თავდაცვაში, ხოლო მეორეს მხრივ, ვცდილობთ, ვაწარმოოთ შინაარსიანი დიალოგი. დიალოგმა უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და შევამციროთ ინციდენტების რისკი. ჩვენ არ გვინდა შეიარაღების ახალი რბოლა ან ახალი ცივი ომი. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას, როდესაც ამის საშუალებას მისი ქმედებები გვაძლევს.

მარიკა ჩუბინიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები