საქართველო და გაერო 2021-2025 წლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ
02/10/2020 11:02:48 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს მადლობა გადაუხადა გაერო-ს მიერ ქვეყნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდ დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
რელიზის თანახმად, პრემიერმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პრიორიტეტები, გამოწვევები, მოქალაქეთა საჭიროებები და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები. როგორც საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც სოციალურ თანასწორობას, ადამიანური რესურსის შესაძლებლობებსა და ადამიანური რესურსის განვითარებას გულისხმობს.
„ახალი თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების განხორციელება მომდევნო წლის პირველი იანვარს დაიწყება. ეს ჩარჩო შეთანხმება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა.
პრემიერის აპარატის ცნობით, ჩარჩო-დოკუმენტი შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს და სრულ თანხვედრაშია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. დოკუმენტი მოიცავს ხუთ თემატურ მიმართულებას – ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები; თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე; ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; ადამიანის უსაფრთხოება; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.
საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო პარტნიორები, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.


