Accentnews.ge
მეზობლები ცდილობენ, საქართველოს გზა დერეფნად უქციონ?

მეზობლები ცდილობენ, საქართველოს გზა დერეფნად უქციონ?

13/05/2019 10:26:23 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საგარეო პოლიტიკა, ანალიზი, ეკონომიკა

არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე გადახედოს დოკუმენტს, რომელსაც, მათ შორის, საქართველოს ხელმოწერაც ერთვის, – ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტის სხვა მონაწილეების მცდელობას, ხსენებულ პროექტში რუსეთი ჩართონ, რაც თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების მიერ ცოტა ხნის წინ ანკარაში საქართველოს მონაწილეობის გარეშე მემორანდუმის გაფორმებით გამოიხატა.

“მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ ქმედებებს ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დადგენისა და ახალი ლოჯისტიკური ბაზის შექმნის ჩათვლით. ამ მიზნით მხარეები ახალქალაქი (საქართველო)  – ყარსის მონაკვეთზე 1520 მმ–იანი სიგანის ლიანდაგის მქონე მეორე სარკინიგზო ხაზის გაყვანის პროექტის რეალიზების შესაძლებლობას განიხილავენ, რომლის სიგრძე 76 კმ. იქნება და მოიცავს თურქეთის ტერიტორიასა და ლოჯისტიკურ ცენტრს ყარსში”,– ნათქვამია ანკარის შეხვედრასთან დაკავშირებით „რუსეთის რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

„ვთვლი, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით გადაზიდვების მოცულობა გაიზრდება და ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების პროდუქცია უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და ეკონომიურად მიაღწევს რუსეთსა და ცენტრალურ აზიას“,– განაცხადა ანკარის შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჩაჰით თურჰანმა.

მნიშვნელოვანი დეტალი: საქართველო, რომელმაც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის თავისი მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანისგან ნასესხები 775 მილიონი დოლარი დახარჯა, ანკარის შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა. 

როგორც ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მოლაპარაკებათა პროცესი მესამე ქვეყნების სუვერენული საქმეა, თუმცა მასში საქართველოს ჩართვის გარეშე არაფერი გამოვა:

„სავარაუდოდ, ის შეხვედრა ჩვენს რეგიონში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად იყო ორგანიზებული, თუმცა საქართველოსთან შეუთანხმებლად პროექტში ცვლილებების შეტანის უფლება არც ერთ მხარეს არ აქვს. ჩვენ განვაგრძობთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სამმხრივი (საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის) შეთანხმების იმ ფორმით, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს სუვერენულ ინტერესებს“.

ზემოთთქმულთან დაკავშირებით სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროფესიონალი რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელ დავით გოჩავას შეფასებით, ამ საკითხში საქართველოს იგნორირება მეტყველებს რუსეთისა და თურქეთის მცდელობაზე, საქართველოს ჩამოართვან მთავარი სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია – ანუ ის სტატუსი, რომელიც ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტითაა გათვალისწინებული:

„საქართველოს მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალქალაქში ხდება ვაგონების გადაყვანა საბჭოთა ტიპის ლიანდაგებიდან ევროპულზე, რაც ლოჯისტიკური ცენტრის ქონასა და შესაბამისად, მარშრუტის საკვანძო რგოლად ახალქალაქის ქცევას გულისხმობს. რუსეთი და თურქეთი, გეგმავენ რა საბჭოთა სტილის ლიანდაგის ყარსის სადგურამდე გაგრძელებას, სრულად ართმევენ საქართველოს ამ სარგებელს. ფაქტობრივად, ისინი ცდილობენ, ქართული მონაკვეთი უბრალო დერეფნად აქციონ, რომლის გავლით ტვირთები ყარსამდე შეუჩერებლად გაივლის. ეს დაუშვებელია, რადგან საქართველომ პროექტში აზერბაიჯანისგან ნასესხები 770 მილიონი დოლარი იმ გათვლით ჩადო, რომ ეს რკინიგზა ქვეყანას პროექტში ინვესტირებული თანხის ამოღების შესაძლებლობას მისცემდა. 2017 წლის ოქტომბერში ამოქმედების შემდეგ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით დღემდე დაახლოებით 184 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა. წელიწადში 6,5 მლნ–ტონიანი პოტენციური გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანსა და თურქეთს რუსულ პროექტში ჩართვით პროექტის კომერციული წარმატების გარანტირება სურთ. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ცვლილებების შეტანა ახალქალაქის სტატუსში. იმედი მაქვს, ქართული მხარე სახელმწიფო ინტერესების დაცვას შეძლებს“.

თსუ–ის პროფესორი, ეკონომისტი იოსებ არჩვაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო ქვეყანას ნელ–ნელა აგდებენ თამაშიდან და იქმნება რისკი, ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო პროექტიდან მხოლოდ ნამცეცებით მოუწიოს დაკმაყოფილება:

„საქართველო თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან  ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტ პოტენციურ სარგებელს კარგავს. ჯერ კიდევ მემორანდუმის გაფორმებამდე აზერბაიჯანმა სატრანსპორტო დერეფან “ჩრდილოეთ–სამხრეთის” (აერთიანებს ირანს რუსეთთან) რეანიმირების მიმართულებით ძალისხმევა გაააქტიურა, მასთან, მათ შორის, ბაქო–თბილისი–ყარსის მიერთების პერსპექტივით. ჩვენ კი ამ დროს ანაკლიის პორტისა და სხვადასხვა მონასტრების სახელმწიფოებრივი კუთვნილების ირგვლივ კინკლაობით ვართ დაკავებული. საქართველომ კოლოსალური თანხები ისესხა იმ მაგისტრალის გასაყვანად, რომლიდანაც თანხების ამოღება ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ახლა კი მთელი სარგებლის მიღებას თურქეთი და რუსეთი ცდილობენ“.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის შეფასებით, საქართველო ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის დაწყების დღიდან ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მეზობლების დამოკიდებულება ამის შესაბამისია:  

„ის, რომ რეგიონში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური საერთაშორისო პროექტის მონაწილე ვართ, ჩვენთვის ძალიან კარგია და ამავდროულად, ჩვენს ქვეყანას აქვს პოზიცია, რომლითაც მას ამ პროექტისთვის შეუცვლელს ხდის, რაც პროექტში ჩართულ პარტნიორებთან გარკვეულ დიპლომატიურ უპირატესობებს გვანიჭებს. თუმცა დღიდან პროექტის დაწყებისა  საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს საკუთარი ინტერესების სრულად ასახვა უჭირს”. 

ამ შეფასების საილუსტრაციოდ გობრონიძეს რკინიგზის მშენებლობის დაფინანსების საკითხი მოჰყავს: 

“აზერბაიჯანული ბანკიდან ავიღეთ კრედიტი, ვიქირავეთ აზერბაიჯანული კომპანია, აზერბაიჯანულ კრედიტს ვუხდით ამ კომპანიას და კრედიტს ვაბრუნებთ ბანკში. ეს ჩვენთვის ძალიან წამგებიანი პოზიციაა. ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რაც მოხდა”. 

საქართველოს ჩაურთველად მემორანდუმის გაფორმება, მისი შეფასებით, ძალიან ცუდია და ნამდვილად არ მეტყველებს კარგად სახელმწიფოზე: 

“ერთია, რომ ჩვენს დიპლომატიას დააკლდა პროაქტიურობა და არ ჰქონდა საკმარისი კომუნიკაცია პარტნიორებთან, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ თუნდაც სხვა არხებიდან. ვგულისხმობ იმ სამსახურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამგვარი ინფორმაციის მოძიებაზე და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მიწოდებაზე. რუსეთი მიუერთდება ამ პროექტს, ჩინეთი, ბრაზილია თუ არგენტინა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა ხდებოდეს საქართველოს უშუალო ჩართულობით და თანხმობით, რადგან ამ პროექტს შემთხვევით არ ჰქვია ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზა  – აქ საკვანძო პუნქტი ახალქალაქია. თუ არ იქნება ახალქალაქი, ბაქოდან ყარსამდე რკინიგზა ვერ გავა. თავად ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ პროექტში ახალი აქტორის დამატების შესახებ საქართველო წინმსწრებად უნდა იყოს ინფორმირებული. იმედია, ქართული დიპლომატია პარტნიორებთან შეხვედრაზე დასვამს ამ საკითხს. არ შეიძლება, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, სტრატეგიულ მოკავშირეს უწოდებენ, ჩვენს ზურგს უკან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სახლმწიფოსთან, რომელთანაც ფორმალურად საომარი მდგომარეობა გვაქვს”. 

მისივე აზრით, პროექტში რუსეთის ჩართვა შესაძლოა, გარკვეულ კონტექსტში საქართველოსთვის მომგებიანიც იყოს, მაგრამ გასარკვევია, რამდენად აწყობს ქვეყანას, ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდოს. 

გობრონიძე რკინიგზის თემაზე ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გარკვეული კომუნიკაციის არსებობას არ გამორიცხავს:

„დიახ, თურქეთს რიგ შემთხვევებში ახასიათებს მეზობელი ქვეყნების ინტერესების იგნორირება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უნდა ეკითხა, “უკაცრავად, თქვენს ტერიტორიაზე რომ გამოიაროს რუსულმა ტვირთებმა, პრობლემა ხომ არ იქნებაო?”… საინტერესოა, რატომ იყო თურქეთის ადმინისტრაცია დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს მთავრობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნებოდა. შეიძლება, ცალკე რაღაც ტიპის კომუნიკაცია არსებობდა საქართველოსა და რუსეთს შორის, რის შესახებაც არ ვიცით. წარსულში რამდენჯერმე გავხდით  მსგავსი ფაქტების მოწმე: იგივე „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება დღემდე საიდუმლოა როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე აკადემიური წრეებისთვის, არ ვიცით, რამდენს ვიხდით რუსულ გაზში. არ მაქვს გარანტია, რომ მსგავსი საუბარი არ იყო ამ შემთხვევაშიც“. 

ანკარაში გაფორმებული მემორანდუმის კონტექსტში გობრონიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირებას იხსენებს, რომელიც, მისი შეფასებით, არ სრულდება:

„სალომე ზურაბიშვილმა თქვა, “ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებაში, სადაც საუბარი შეეხება კავკასიას, საქართველოს და რუსეთის ფედერაციას, ჩვენ ვითხოვთ, პარტნიორებთან ერთად ვისხდეთ მაგიდასთან და არ დავრჩეთ თამაშგარე მდგომარეობაშიო”. შესაძლოა, ეს იყო [ზურაბიშვილის] ერთადერთი სწორი განცხადება, რომელიც გაკეთდა, მაგრამ ის ვერ სრულდება“.

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S