
პირბადის ტარება COVID-19-ის გავრცელებას აფერხებს
07/10/2020 10:04:51 ანალიზი
COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის გამოყენებასთან ერთად, აუცილებელი ჰიგიენის დაცვა (ხელების დაბანა ან სპირტის შემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. პირბადის გამოყენება აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც შეუძლებელია მინიმალური სოციალური დისტანციის დაცვა (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში).
პირბადე სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების შეიძლება იყოს. ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადის საწყისი ფილტრაციის მაჩვენებელია წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95%-ის შეკავების უნარი. არასამედიცინო პირბადეს წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული ნიღბები. მსგავსი პირბადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინფექციის წყაროს კონტროლისათვის (ანუ დაავადებული ადამიანისგან ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით). რეკომენდებულია, რომ სამედიცინო პირბადეები ატარონ: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სიმპტომების მქონე ადამიანებმა და იმ ადამიანებმა, ვინც კონტაქტში იმყოფებიან სიმპტომიან ან ინფიცირებულ პირებთან. ასევე, მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებმა: 60 წელს ზევით ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა. ხოლო ჯანმრთელმა/უსიმპტომო ადამიანებმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც სოციალური დისტანცირება შეუძლებელია, რეკომენდებულია გამოიყენონ სამედიცინო ან ნაჭრის პირბადეები.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივი გამოყენება, როგორც წესი, COVID-19-ის გავრცელებას უშლის ხელს.
CDC-ის თანახმად, პირბადეები არ უნდა ატარონ 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა, რადგან მაღალია ალბათობა, რომ წესების დაცვით ვერ გამოიყენებენ. ასევე პირებმა, ვისაც სასუნთქი გზების დაავადები აქვთ, და ქმედუუნაროა ან უგონო მდგომარეობაში მყოფმა პირბემა, რომელთაც დახმარების გარეშე დამოუკიდებლად არ შეუძლიათ პირბადის გამოყენება.
ერთი და იმავე პირბადის რამდენჯერმე გამოყენება ან არასწორად გამოყენება შესაძლოა, ინფიცირების წყარო გახდეს. ამიტომ აუცილებელია პირბადის სწორად გამოყენება:
- პირბადე ერთჯერადად უნდა გამოიყენოთ; მრავალჯერადი მოხმარების (ნაჭრის) ნიღაბი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს.
- პირბადე ცხვირისა და პირის მიდამოებს უნდა ფარავდეს და სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული;
- პირბადის გაკეთებამდე და პირბადის მოხსნის შემდეგ, ხელები საპნითა და წყლით დაიბანეთ, ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;
- არ უნდა შეეხოთ პირბადის წინა მხარეს, შეხების შემთხვევაში კი ხელები დაიბანეთ ან დაიმუშავეთ სპეციალური ხსნარით.
პირბადის გამოყენება უსაფრთხოა!
პანდემიასთან საბრძოლველად პირბადის ტარების რეკომენდაციას და ვალდებულებას, პირბადის მავნებლობაზე ყალბი ამბების გავრცელება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ინფორმაცია თითქოს პირბადის გამოყენება სისხლში ჟანგბადის უკმარისობას იწვევს, იმუნიტეტს ამცირებს და სხვ. (იხილეთ ბმული 1; ბმული 2).
ნაჭრის ან სამედიცინო პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამ ტიპის პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს და პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშიროჟანგი არ გროვდება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ნაჭრის ან სამედიცინო პირბადეს ატარებენ, ჯანმრთელობისთვის მავნე ოდენობის ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის საშიშროების ქვეშ არ არიან. დისკომფორტი, რომელსაც შესაძლოა ადამიანები გრძნობდნენ პირბადის ტარებასთან, სახის ნერვების თბილი ჰაერით გაღიზიანებისგანაა გამოწვეული და არა ნახშიროჟანგის მომატებული დოზით ჩასუნთქვისგან. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის შემცველობა არც ჯანმრთელ და არც ფილტვების დაავადების მქონე პაციენტებში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ცვლილებებს არ იწვევს.
ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ სუნთქვის პრობლემა (მაგალითად, ასთმა) და პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, რესპირატორული დაავადების მქონე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ რესპირატორების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება შეექმნას.
ავტორი: თეონა აბსანძე
„ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსი