“კორონავირუსი: როგორ გავხდი ავად და რა გავიგე” – სიმპტომები, რეაქციები, რჩევები სერგეი მარკოვისგან

08-10-2020 14:28:38 მითები და რეალობა

რუსმა პოლიტიკოსმა სერგეი მარკოვმა COVID-19 გადაიტანა. ამ ვერაგი ვირუსის შესახებ თავის შთაბეჭდილებებსა და მიღებულ ცოდნას იგი ფეისბუქ-მომხმარებლებს ვრცელ პოსტში უზიარებს. “აქცენტი” მის თარგმანს გთავაზობთ:

“1. ყველაფერი ძალზე მოულოდნელად დაიწყო – და მოულოდნელობა ამ ვირუსის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ჯერ კიდევ 19:30-დან 22:00 სთ-მდე სწრაფი სვლით 15 ათასი ნაბიჯი გავიარე და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი, 24.00 სთ-სთვის კი უკვე სიცხე მქონდა.

2. სიცხე მაშინვე იწევს. პირველ ღამეს 37,5-მდე მქონდა, შემდგომში ამ ნიშნულზე ქვემოთ აღარც ჩამოსულა, პერიოდულად კი ძალიან მაღალ ნიშნულამდე იწევდა.

წესი ასეთია: სიცხის დაგდება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყეთ, თუ ის 38-მდეა (ზოგი ექიმი თვლის, რომ 38,5-მდეც კი) აწეული. ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მომატებული სიცხე რთავს ორგანიზმში ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლის ყველა ბუნებრივ მექანიზმს და ამდენად, მისი არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ 38-ს (38,5-ს) ასცდება, ამ დროს უკვე შესაძლოა, გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები მაგალითად, გულისთვის, 39-ზე ზემოთ ასული სიცხის შემთხვევაში კი ორგანიზმში იწყება ცილების დაშლა. შესაბამისად, სიცხის 37-დან 38-მდე დიაპაზონში რეგულირება მკურნალობის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მეთოდი კი მარტივია – პარაცეტამოლი, რომელიც სიცხესაც აგდებს და ტკივილსაც აყუჩებს და ამით დაძინებაში დაგეხმარებათ. მისი მოქმედება დაახლოებით 6 - 8 საათი გრძელდება.

3. თავიდანვე ყველაფერი იწყება უჩვეულოდ. ცხადი იყო, რომ გაციებასთან არ მქონდა საქმე. პირველივე ღამეს არა უბრალოდ სიცხემ ამიწია, არამედ კუნთების ჰიპერტონუსი მქონდა, რომელიც ღამის 01:00-დან 06:00-მდე პერიოდში დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. სიცხეც “დახტოდა”.

4. რაც შეეხება სხვა სიმპტომებს. სურდო თითქმის არ მქონია – შესაძლოა, საათში ერთხელ შემენიშნა ცხვირიდან მცირედი გამონადენი. არც ყელი მტკიოდა. ამით მაშინვე მივხვდი, რომ გაციება არ იყო. ჩემს შემთხვევაში არც ყნოსვა და გემო დამიკარგავს.

5. მთელი სხეული ძლიერ მტკიოდა ინტოქსიკაციის გამო. ასეთ შემთხვევაში თბილი წყალი სვით დიდი რაოდენობით. მე დღეში 5 ლიტრზე მეტს ვსვამდი. თავადაც მოგწყურდებათ. აი, მადა კი საერთოდ არ მქონდა.

6. მაგრამ საკვების მიღება აუცილებელია, რომ ორგანიზმმა ენერგია გარედან მიიღოს და თავის რესურსებს არ შთანთქავდეს ვირუსთან ბრძოლისას. გირჩევთ ქათმის და სხვა ბულიონებს. მე შეცდომა დავუშვი – ატამი ვჭამე: ნებისმიერი უმი საკვების მონელება ორგანიზმს ძალიან დიდ ენერგიას ართმევს, ის კი მაქსიმალურად უნდა მიიმართოს ვირუსთან ბრძოლაზე. ამდენად, ნუ მიირთმევთ ნურაფერს უმს. მეორეც, უჭმელმა ორგანიზმმა მომენტალურად მოახდინა ატამზე რეაგირება კუჭის აშლილობით.

7. მეორე დღეს, დილითვე გავიარე ტესტირება, მიუხედავად იმისა, რომ 10 დღით ადრე ტესტი გავლილი მქონდა და შედეგი უარყოფითი იყო. ფასიან ცენტრებში ტესტირების გავლა ადვილია, სახელმწიფოში კი უზარმაზარი რიგებია და ლამის ერთი კვირით ადრეა ხალხი ჩაწერილი.

8. ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტი დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაა. იგი კრიტიკულადაა დამოკიდებული ფილტვების მდგომარეობაზე, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიით დგინდება. თუმცა მისი ჩატარება ახლა მარტივი არაა: ფასიან ცენტრებში რიგები დგას – ჩაწერა რამდენიმე დღით ადრე ხდება. თანაც, თუ კოვიდ-დადებითი ხართ, იქ არც მიგიღებენ (ამის შესახებ ინფორმაცია მათ საერთო სისტემიდან ეწვდებათ იმაზე ადრე, ვიდრე პასუხს თქვენ გატყობინებენ), უფასო – სახელმწიფო კლინიკებში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ იქ მოხვედრის ერთადერთი გზა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა, სასწრაფო კი თავად წყვეტს, გადაგიყვანოთ ტომოგრაფიაზე თუ არა. მე პირადად ტომოგრაფია ასე ჩავიტარე.

9. საავადმყოფოში თუ სახლში? - ეს არჩევანი თითოეული ინფიცირებულის წინაშე დგება. თუმცა უპირველესად, მას სახელმწიფო აკეთებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების შუამავლობით. როგორც მივხვდი, სასწრაფოს ლოგიკა ასეთია: თუ ქვეყანაში ბევრი ინფიცირებულია, უწევთ ნაწილის “გაცხრილვა”, ანუ კლინიკებში ათავსებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, ასევე პაციენტებს ჰიპერტონიით, შაქრის დიაბეტით, ფილტვების 25%-ზე მეტის დაზიანებით. ამჟამად რუსეთში ძალიან ბევრი ინფიციფებულია, ამდენად მათ შინ მკურნალობისკენ უბიძგებენ და ასეთ შემთხვევაში წამლებსაც სახლში აწვდიან - უფასოდ.

10. ვირუსი აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არამედ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო სისტემას: საჭლის მონელებისას (იწვევს აშლილობას). ნერვულს (შეიმჩნეოდა ცნობიერების ერთგვარი არეულობა), გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც.

11. კოვი-19-ის ერთ-ერთ ყველაზე საშიში შედეგი სისხლის შედედების მომატებაა და შესაბამისად, მიკროთრომბოზები და თრომბოზები. ამიტომაც მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტი ძლიერი ანტიკოაგულანტებია – არა კარდიომაგნილი, არამედ ბევრად უფრო ძლიერი საშუალებები.

12. სად დავინფიცირდი? - ამას ყველა მეკითხება. გპასუხობთ: სადაც გნებავთ, ყველგან შეიძლება, დაინფიცირდეთ – თვითმფრინავში, აეროპორტში, მაღაზიაში, შეხვედრებზე... მედიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ ვირუსს ყველა გადავიტანთ, მაგრამ რაც გვიან მოხდება ეს თითოეული ჩვენგანის შემთხვევაში – მით უკეთესი, რადგან ვირუსი “იზრდება” (“ბერდება”) და აგრესიულობას კარგავს. ახლა – შემოდგომაზე ის უკვე ნაკლებ აგრესიულია, ვიდრე გაზაფხულზე იყო. თან მეტსაც გაიგებენ მასზე და მკურნალობაც უკეთ შეეძლებათ.

13. როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი გაციებისა და გრიპისგან: ჩემს შემთხვევაში არც ყელი მტკიებია, არც სურდო მქონდა. ასე, რომ გაციებას ნამდვილად არ ჰგავდა. აი, გრიპს კი თითქოს ძალიან ჰგავს. უბრალოდ გრიპი – ეს უკვე “ზრდასრული”, “სოლიდური” ვირუსია, კოვიდ-19 კი - “ახალგაზრდა”, “სხარტი”, “გამოუცდელი”, ერთგვარი ვირუსი-ჰიპსტერი, და ჰიპსტერივითაც იქცევა – უჩვეულოდ, კრეატიულად და “ისტერიკებით”. სწორედ უჩვეულობით შეძლებთ მის ამოცნობას.

იმედი მაქვს, ეს ჩემი პოსტი არასოდეს გამოგადგებათ!”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები