Accentnews.ge
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების გამო წუხილს გამოთქვამს

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების გამო წუხილს გამოთქვამს

09/10/2020 09:26:42 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია კანონის დაჩქარებული წესით მიღების გამო წუხილს გამოთქვამს. თუმცა აცხადებს, რომ მზადაა, საქართველოს ამ საკითხში სამომავლოდაც დაეხმაროს.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ​თაობაზე მოსაზრებებისთვის დაგვიანებით მიმართა. ვენეციის კომისიის განცხადებით, აღნიშნულის გამო მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით 2020 წლის 16 სექტემბერს დამტკიცდა, მეორე მოსმენით – იმავე წლის 18 სექტემბერს. 2020 წლის 18 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო განცხადებით მიმართა და სთხოვა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გამოეთხოვათ კანონპროექტთან დაკავშირებით იქამდე, სანამ მისი დამტკიცება მოხდებოდა. მოთხოვნაში, რომელიც ვენეციის კომისიას 22 სექტემბერს გაეგზავნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებდა, რამდენად აკმაყოფილებდა ცვლილებების პროექტი კომისიის ძირითად რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშნვის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ჰქონდა ძალიან ლიმიტირებული დრო , რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენა, რომ თავისი ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროექტი კომისიის წინა რეკომენდაცაიებთან თანხვედრაში. 2020 წლის 30 სექტემბერს სამდივნოს ეცნობა, რომ, სამწუხაროდ, კანონპროექტი მესამე მოსმენით იმავე დღეს დამტკიცდა", – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტში პარლამენტმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მოთხოვნა, საჯარო გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ვის აძლევს ხმას მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

"იმისთვის, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი კომისიის რეკომენდაციასთან მოვიდეს თანხვედრაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გულისხმობს, საჭიროა, კენჭისყრის შედეგებისა და დასაბუთების პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ვინაობის გასაჯაროვება, რომელმაც ხმა მისცა; ასევე, დასაშვები გახდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში მეორე და საბოლოო აპელაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილების წინააღმდეგ", – აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2019 წლის პირველ მაისს მიღებულ საკანონმდებლო შესწორებაში გათვალისწინებულია რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ გადაიხედოს მოთხოვნა, რომელიც არამოსამართლე კანდიდატებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ავალდებულებს, რადგან უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატი შეიძლება, გახდეს მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.

„მსგავსი კვალიფიკაციის მქონე პირი არ უნდა იყოს იძულებული, გაიაროს გამოცდა იმის დასამტკიცებლად, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს კანონის საკითხებს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობის არსის შემადგენელია“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის პირველ მაისს მიღებულ საკანონმდებლო შესწორებაში ასევე, გათვალისწინებულია რეკომენდაცია ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, უნდა გამოირიცხოს ამ კანდიდატების შერჩევა-წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებიდან. ასევე, გათვალისწინებულია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშნვის პროცედურის ინიცირება მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს, რათა უზენაეს სასამართლოში არ შეიქმნას მოსამართლეების ნაკლებობა.

თუმცა ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციების ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ასახული არ არის და საჭიროებს განხილვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S