"კანადის გადაწყვეტილება, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გამო შეაჩეროს თურქეთში სამხედრო საქონლის ექსპორტი, ნატო–ს სულისკვეთებას არ შეესაბამება"

17-10-2020 12:34:52 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა კანადა უპილოტო საფრენი აპარატების დასამზადებლად საჭირო მასალების ანკარისთვის მიწოდების შეწყვეტის გამო გააკრიტიკა.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა კანადის პრემიერ–მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კანადის გადაწყვეტილება, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გამო შეაჩეროს თურქეთში სამხედრო საქონლის ექსპორტი, ნატო–ს სულისკვეთებას არ შეესაბამება", – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი და ანკარა ნატო–ს წევრი ქვეყნები არიან.

თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის ცნობით, ბოლო 9 თვეში თურქეთიდან აზერბაიჯანში სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი 6–ჯერ გაიზარდა.

მისივე ცნობით, 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთისგან 123 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი და საავიაციო აღჭურვილობა შეიძინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში – 20.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა.

როგორც თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეა აცხადებს, სამხედრო აღჭურვილობის უმეტესობა, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატები, რაკეტები, საბრძოლო მასალები და სხვა ტიპის შეიარაღება აზერბაიჯანმა თურქეთისგან ივლისში შეიძინა, როდესაც სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის მორიგი მწვავე დაპირისპირება მოხდა.

"აზერბაიჯანმა მყისიერად მიმართა თურქეთს დახმარებისთვის. მან არ დაკარგა დრო, რადგან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საფრთხე გაიზრდებოდა. ანკარა ძალიან მტკიცეა გადაწყვეტილებაში, გაუწიოს დახმარება ბაქოს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ძლიერი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში დღითიდღე უფრო ძლიერდება", – აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ტურან ოგუზი.

სექტემბერში აზერბაიჯანმა პირველი ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც თურქეთმა იარაღი მიჰყიდა. აღნიშნულ სიაში მეორე ადგილს ომანი, ხოლო მესამეს აშშ იკავებს.

თურქეთი მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატების რიგით მეოთხე მსხვილი მწარმოებელია.

როგორც ტურან ოგუზი აცხადებს, "ყარაბაღში ამჟამად Bayraktar TB2–ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ. ისინი კომპანია Selcuk Bayraktar–ის მიერაა წარმოებული, რომლის დირექტორი 2016 წელს ერდოღანის ქალიშვილზე დაქორწინდა".

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები