
"კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ"
17/10/2020 16:12:47 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახელობას მიმართავს, "სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ".
ამის შესახებ მან კოვიდ–ინფიცირებული ქალის სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში, თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. ინგლისში ოთხი ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე დაიღუპა ბინაზე. ჩვენთან სულ ორი ადამიანი იყო. ერთი მოკვდა ბინაზე და ერთი სასტუმროში. კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა? კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ, ჯერ ერთი მათ ხომ არ სჭირთ კოვიდი. თუ მათ დაუდასტურდებათ კოვიდი, ექიმებს მიცემული აქვთ მკაცრი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომლებთანაც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკი, დაინიშნება შესაბამისი მედიკამენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში.
15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის კოვიდ–სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, თრომბოემბოლიაა. მოგვიანებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თრომბოემბოლია უეცარ სიკვდილს იწვევს და ამ დროს ექიმები უძლურები არიან:
"ეს განვითარდება სასტუმროში, ქუჩაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციულ განყოფილებაში".
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 388.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.