
აზერბაიჯანი ხუდაფერინის ხიდის აღების შესახებ იუწყება, სომხეთი კი – 9 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების თაობაზე
19/10/2020 05:51:10 კავკასია
მიუხედავად იმისა, რომ შააბათს აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 18 ოქტომბრის 00:00 საათზე, კვირას გამთენიიდან კვლავ განახლდა ბრძოლები დაპირისპირებისა ხაზის გასწვრივ და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, 18 ოქტომბერს ქვეყნის სამხედრო ძალებმა რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი, მათ შორის მდინარე არაქსზე მდებარე მე-12 საუკუნის ხუდაფერინის ხიდი აიღო. აღნიშნული ხიდი1993 წლიდან სომხეთის სამხედრო ძალის კონტროლის ქვეშ იყო.
ხიდის არების შესახებ ცნობა სომხეთმა პირდაპირ არ დაადასტურა. თუმცა დღის ბოლოს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ძალები სამხრეთ მიმართულებით დაწინაურდნენ.
არწრუნ ჰოვანისიანის თქმით, "სამხრეთის მიმართულებით (ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც ხუდარფერინის ხიდი მდებარეობს), გააფთრებული ბრძოლების შედეგად მათ აქვთ გარკვეული წინსვლა, რაზეც ისინი ბევრ განცხადებას აკეთებენ".
მისივე ცნობით, "მოგერიებულია აზერბაიჯანის არმიის შეტევა ჩრდილოეთ მიმართულებით. ჩამოგდებულია 9 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორს 2 უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის თავზე".
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.