
სტეპანაკერტმა ცხინვალის განცხადება უარყო: რატომ აყენებინებენ სომხები ოს სეპარატისტებს თავს უხერხულობაში
26/02/2019 09:23:20 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან სტეპანაკერტში დაბრუნებულმა მთიანი ყარაბაღის დელეგაციამ სასწრაფოდ უარყო ოსი სეპარატისტების მიერ დელეგაციის ლიდერისთვის მიწერილი განცხადება „ოსების გენოციდის საერთაშორისო აღიარებაში დახმარების მზადყოფნის“ შესახებ.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დელეგაცია ცხინვალს გასულ კვირას სტუმრობდა. ეს ვიზიტი ოსურ მედიაში ფართოდ შუქდებოდა. სხვებთან ერთად, ადგილობრივ გამოცემებში გამოქვეყნდა ინფორმაციები, თითქოს «მთიანი ყარაბაღი მზადაა, ცხინვალს ოსი ხალხის გენოციდის საერთაშორისო აღიარების მიღწევაში დაეხმაროს“. დასტურად მოყვანილი იყო ციტატა, რომელიც, ოსი ჟურნალისტების მტკიცებით, დელეგაციის ხელმძღვანელს – არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრ მასის მაილიანს ეკუთვნოდა:
„მართალია, ეს საკითხი დღის წესრიგში არასოდეს მდგარა, თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, იგი განვიხილოთ და მსოფლიოში მოქმედი სომხური დიასპორების დახმარებით ამ მხრივ დახმარება გაგიწიოთ“.
თუმცა დელეგაციის სტეპანაკერტში დაბრუნებისთანავე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში „ოსი ხალხის გენოციდის აღიარებაში დახმარების საკითხი საერთოდ არ განხილულა“:
„უპირველესად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩვენს ოს კოლეგებთან გამართული მრავალრიცხოვანი ორმხრივი შეხვედრების მსვლელობისას ოსურ მხარეს ოსი ხალხის გენოციდის აღიარებაში მხარდაჭერის გაწევის საკითხი არც თავად დაუყენებია. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ არცახსა [მთიანი ყარაბაღი] და სამხრეთ ოსეთს შორის მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ჩვენს შორის განსახილველად დახურული თემები არ არასებობს“.
ოფიციალურ თბილისს სტეპანაკერტელების ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით გამოხმაურება ამ დრომდე არ ჰქონია. თუმცა სავარაუდოდ, ამ საკითხს ერევანში ვიზიტის დროს შეეხო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. შედეგების შეჯამებისას მან, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნაისიც, რომ სომხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულმთლიანობასა და სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება:
«[სომხეთის] პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა. ერევანმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. ის მხარდაჭერა,რომელიც ოკუპირებული რეგიონების არაღიარების კუთხით არსებობს, კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენ, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში მზაყოფნა გამოვთქვით,გავაღრმავოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად».
იმაში, რომ ერევნის მხრიდან თბილისს ოკუპირებული რეგიონების აღიარების მიმართულებით რაიმე საფრთხე შეიძლება, ელოდოს, განსაკუთრებით – ამ ეტაპზე, მოსკოვშიც ეპარებათ ეჭვი. რუსი ექსპერტები ამ საკითხს რუსეთ-საქართველოს 2011 წლის ხელშეკრულების აღსრულებას უკავშირებენ საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის ძირითადი მექანიზმების თაობაზე (ამ დოკუმენტის იმპლემენტაციაში ყველაზე მეტად სწორედ ერევანია დაინტერესებული. იგი კვლავინდებურად ღიად აგრძელებს საუბარს «სატრანზიტო დერეფნების გახსნის აუცილებლობაზე», მიუხედავად ქართული მხარის არაერთი ცალსახა განცხადებისა, რომ 2011 წლის შეთანხმება ტრანზიტს საერთოდ არ ითვალისწინებს).
რუს პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევის აზრით, „სომხეთი ვერ მისცემს თავს უფლებას, სამხრეთ ოსეთის მისამართით რაიმე პოზიტიური ჟესტები განახორციელოს, რადგან ერევანი კრიტიკულად არის დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტზე»:
«[ოსურ მედიაში გავრცელებული] მსგავსი განცხადებების შემდეგ სტეპანაკერტი და მასთან ერთად ერევანიც, რომელიც მთიან ყარაბაღთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სომხეთს, რომელსაც არაფორმალური პასუხისმგებლობა აკისრია მთიან ყარაბაღზე საგარეო მოთამაშეების წინაშე, თბილისი პასუხს აუცილებლად მოჰკითხავს. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავად მთიანი ყარაბაღიც, რომელსაც ეს განცხადებებითურმე, უბრალოდ მიაწერეს. სხვათა შორის, მაილიანს საკმაოდ გამოცდილ პოლიტიკოსადიცნობენ და ნაკელებ სავარაუდოა, მას ცხინვალში ესოდენ წინდაუხედავი განცხადებები გაეკეთებინა“.
მსგავსი სკანდალი 2015 წლის მაისში მოხდა: 1 მაისს ოსური დე ფაქტო პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმხანად სპიკერ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრაზე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ სააკიანთან.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტად მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პროგრამის ფარგლებში სოხეთისა და სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს“ – ნათქვამი იყო ინფორმაციაში, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა.
თბილისმა მაშინ ერევნისგან ოფიცილაური განმარტებები მოითხოვა, სომხეთის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. იმხანად მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ სომეხი დიპლომატის წინაშე „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა სააკიანის ბიბილოვთან შეხვედრის გამო. 5 მაისს კი, მედიის ცნობით, „ერევნის ინიციატივით, თბილისის შეშფოთებასთან დაკავშირებით» ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების ხელმძღვანელები ესაუბრნენ და სომხეთის იმჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაში დაარწმუნა. როგორც მედია წერდა, აბრამიანმა იმით იმართლა თავი, რომ ეს იყო „პირადი ხასიათის არაფორმალური კომუნიკაცია, რომელიც არასამუშაო დღეს განხორციელდა“.
«თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ რეალურად, ბიბილოვმა მთიან ყარაბაღში ვიზიტის დროს სააკიანის გაცნობის სურვილი გამოთქვა, სტუმარს ეს სურვილი დაუკმაყოფილეს და მან სააკიანთან მცირე ხნის განმავლობაში იკონტაქტა, რაც შემდეგ ოსურმა დე ფაქტო ხელისუფლებამ თვითპიარისთვის გამოიყენა, თან ისე, რომ სააკიანის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ მოერიდა. ახლა, როგორც ჩანს, იგივე ხაფანგში გააბეს მაის მაილიანი... როგორც ამასთან დაკავშირებით სინანულით ხუმრობენ სომეხი კოლეგები, ოს ამხანაგებთან ურთიერთობა სახიფათო გახდა“, – წერს ამასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი მურატ გუკემუხოვი ცხინვალიდან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021