როგორ ახრჩობს რუსეთი COVID-19-თან მებრძოლ აფხაზეთს

24-10-2020 20:27:53 კონფლიქტები

თუ იკითხავთ, როგორ ცხოვრობს აფხაზეთი, ვშიშობ, პასუხის გაცემა საუკეთესო ექსპერტებსაც კი გაუჭირდებათ. არა იმიტომ, რომ აფხაზური ყოფის ყველა ნიუანსი არ იციან, არამედ იმ ურთულესი ვითარების გამო, რომელიც არც ახსნას ექვემდებარება, არც პროგნოზებს.

ამჟამინდელი აფხაზეთის პირველი და მთავარი პრობლემა კორონავირუსია. დაავადებამ, რომელმაც მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, აფხაზეთში მანამდე ნაკლებად შესამჩნევ მთელ რიგ პრობლემებს ახადა ფარდა. ჯანდაცვის სისტემამ, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან ათობით ხელშეკრულება, შეთანხმება აქვს გაფორმებული და მანამდე ახალი სამედიცინო ობიექტების მშენებლობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯებესებისა და სხვა წინსვლების შესახებ ამცნობდა მოსახლეობას, პანდემიის პერიოდში მთელს მსოფლიოში შეირცხვინა თავი, აეხადა რა ფარდა მის მიერ ძირითადი ამოცანის შესრულების უუნარობას.

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. როცა კორონავირუსი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მძვინვარებდა, აფხაზეთი მცირე დანაკარგით გავიდა ფონს – დაინფიცირდა მხოლოდ სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი ასაკისა და თანმდევი დაავადებების გამო გარდაიცვალა. მედიკოსებმა მაშინ არა მარტო კერის ლოკალიზება შეძლეს, არამედ მოქალაქეების სახლებში გამოკეტვაც. დიახ, შეზღუდვები გარკვეულწილად ირღვეოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა. შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე თვე მოიგო, რომ არა მარტო მოეყვანა კანდაცვის სისტემა გარკვეულ შესაბამისობაში მაინც, არამედ კორონავირუსულ ინფექციასთან მძიმე ბრძოლისთვის მომზადებულიყო. ოპერატიულად მოაწყვეს კოვიდ-ჰოსპიტალი გუდაუთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ინფიცირებულთა დიდი ნაკადის შემთხვევისთვის რუსეთს გადაუდებელ დახმარებაზე შეუთანხმდნენ. აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ეს ასე გააჟღერეს ოპერატიულმა და საკოორდინაციო შტაბებმა, რომლებიც ასევე ოპერატიულად ჩამოყალიბდა.

მაგრამ აი, რეალობაში ყველაფერი გაცილებით რთულად აღმოჩნდა. გაირკვა, რომ გუდაუთის ჰოსპიტალში შეიტანეს 1976 წლის გამოშვების რკინის ბადიანი საწოლები, რომლებიც მანამდე რაიონულ საავადმყოფოებში იმტვერებოდა. კოვიდ-ცენტრის ინფექციური ბლოკის სარეანიმაციო განყოფილება მთელს რესპუბლიკაში აგროვებული ხელოვნური სუნთქვის აპარატებით შეავსეს.

გავიდა ერთი თვე, მეორე — და სახლში ჯდომით დაღლილი მოსახლეობა აჯანყდა. აბა როგორ გაძლონ ქორწილის, დაკრძალვის, სოჭის ატრაქციონებზე, თეატრებსა და კინოთეატრებში სიარულის გარეშე?!

ხელისუფლებამ, შეზღუდვების გამკაცრების ნაცვლად, არა მარტო შეარბილა კარანტინი, არამედ აფხაზეთში შემავალი რუსი ტურისტებისთვის თერმოკონტროლიც გააუქმა. ახლა დანამდვილებით აღარავინ იცის, როგორ შეაღწია აფხაზეთში კორონავირუსმა, თუმცა ის ფაქტი, რომ ეპიდაფეთქება რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ დაიწყო, უდავოა.

ჯერ ორი-სამი მოქალაქე დაავადდა, მოგვიანებით მათმა რაოდენობამ ზრდა დაიწყო და მოსახლეობა შეშფოთდა. როცა ინფიცირებულთა რაოდენობა ზღვარს გასცდა, დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ რუსეთი აფხაზეთში სამედიცინო პრეპარატებისა და აღჭურვილობის შეტანას ყოველმხრივ ბლოკავს. გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში კი ჩუმად შეჰქონდათ რაიონულ საავადმყოფოებში დარჩენილი საწოლები. წამლები, ისევე, როგორც ტესტ-სისტემები, ილევა, რუსეთი დახმარების ნაცვლად, აფხაზეთს სამედიცინო აღჭურვილობის მიღების ყველა მცდელობას უბლოკავს, სახელმწიფო ხაზინაში ფული თვალსა და ხელს შუა ილევა. სტრატეგიული პარტნიორის, დიდი მეგობრისა და მეზობლის — რუსეთის დეკლარირებული დახმარებისა და მხარდაჭერის უკან კი რეალურად, ბევრი არაფერი დგას. მასშტაბური კრიზისი, რომელზეც ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს საუბრობდნენ, ნამდვილ კოლაფსად გადაიქცა.

«როცა ჩემი ცოლის და დაავადდა, ვთხოვე ექიმებს, იგი კრასნოდარის მხარის საავადმყოფოში გადაეყვანათ. მითრეს, არ გამოვა — იქ ადგილები მხოლოდ თავისიანებისთვის აქვთო და თავად ექიმებმა მირჩიეს, ავადმყოფი საქართველოში გაგვეყვანა, რადგან მხოლოდ იქ იღებენ აფხაზეთიდან ავადმყოფებს მკურნალობისთვის», - გვიამბო ჩვენმა თანამოსაუბრე თემურმა.

ქართულ კლინიკებში გადაყვანილთა სტატისტიკა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებდა.

ამასობაში რესპუბლიკაში ყოველდღიურად ფიქსირდება COVID-19-ით ახალ ინფიცირებულთა რაოდენობრივი ანტირეკორდი. 20 ოქტომბერს – 133 ადამიანი, 21-ში — 136, 22-ში - 144. აფხაზეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 3450-ს შეადგენს. მათგან განიკურნა 1294. ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 33-ს მიაღწია.

გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფება 150 პაციენტი. მათგან 30 მძიმე მდგომარეობაშია, 76-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენები მედიკოსების დისტანციური დაკვირვების ქვეშ შინ მკურნალობენ.

რესპუბლიკაში დღემდე არნახული აურზაურია. და აი, რატომ. ტესტირების გავლის შესაძლებლობა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ეძლევა. შედეგების ლოდინი მათაც 10-15 დღის განმავლობაში უწევთ. ხანდახან — მეტის. კომპიუტერული ტომოგრაფით კვლევა ხომ საერთოდაც, ფუფუნების საგანია, რადგან აფხაზეთში მხოლოდ ერთი ასეთი აპარატი ფუნქციონირებს. თანაც ეს კვლევა უფასო როდია — საშუალო ღირებულება 2 ათასი რუბლის ფარგლებში მერყევობს.

ფილტვების რენტგენსაც კი არავინ გაგიკეთებთ — არც უფასოს, არც ფასიანს, თუ არ გაქვთ ცნობა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ხართ — გინდაც ფილტვებში სხვა დაავადებებით გამოწვეული სერიოზული ცვლილებების ეჭვი არსებობდეს. ხოლო იქ, სადაც ინფიცირებულებს შეუძლიათ რენტგენოგრაფიის გავლა, არ ჰყავთ სპეციალისტები, რომლებიც მიღებული მონაცემების გაშიფრვას შეძლებენ. თავად სურათებს ხელზე არ გასცემენ, რის გამოც მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას, კონსულტაციისთვის აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მყოფ მედიკოსებს მიმართოს.

მედიკოსებს უწევთ, რასაც ჰქვია, ჰაერზე დანიშნონ მკურნალობა. და იგი მნიშვნელოვნად სცდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ პროტოკოლს.

«შეთქმულებების არ მჯეროდა — ბოლო დრომდე, მაგრამ იმას, რაც აფხაზეთში ხდება, სხვას ვერაფერს უწოდებ. აღჭურვილობა არ არის იმიტომ, რომ რუსეთი მისი შეძენის საშუალებას არ გვაძლებს. მედიკამენტები არ არის იმიტომ, რომ რუსეთი მათ შემოტანას გვიკრძალავს. გამოდის, კორონავირუსული სიტუაციის გამოყენებით ჩვენს განადგურებას ცდილობენ. ასე არ არის?», - ამბობს ჩვენი თანამოპსაუბრე გიორგი. მისივე თქმით, დახმარებას, რომელზეც ამდენს საუბრობენ, აფხაზეთს ლამის მთელი მსოფლიო უწევს, მაგრამ არა რუსეთი და ეს რესპუბლიკის მოსახლეობაში დიდ აღშფოთებას იწვევს.

კიდევ ერთი ჩვენი თანამოსაზურე — ზაური კიდევ უფრო შორს მიდის და დარწმუნებულია, რომ მიმდინარე მოვლენები არის კანონზომიერება, რომლისკენაც აფხაზეთი ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მიდიოდა: «სავარძლებისა და ფულის სანაცვლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაუთმო რუსეთს აფხაზეთი და ახლა რუსები ჩვენს ტერიტორიას ყველაფერ ზედმეტისგან წმენდენ. მათი დახმარება სასაცილოდ გამოიყურება — შემთხვევათა უმრავლესობაში აფხაზეთში გვიგზავნიან მესამეხარისხოვანი განათლების მქონე მედიკოს სტუდენტებს, რომლებსაც თავად ვერაფერში იყენებენ. ის სამხედრო ჰოსპიტალი კი, რომელიც ვითომდა აფხაზეთის დასახმარებლად მოაწყვეს, - ვინმეს სჯერა ამ სისულელის? ნებისმიერ ჭკუაღმყოფელს ესმის, რომ ჰოსპიტალის საფარქვეშ რესპუბლიკაში ასეული ერთეული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შემოიყვანეს. რისთვის კეთდება ეს — ძნელი მოსახვედრი არაა».

ბოლო რამდენიმე თვეა, რუსეთი აფხაზეთში წვრთნების, სამედიცინო მიზნების და სხვა საფარქვეშ სამხედრო ძალებს კიდევ უფრო ზრდის და მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. რესპუბლიკისთვის ესოდენ რთულ დროს დახმარება სამედიცინო უნდა იყოს, ფინანსური, მაგრამ არა სამხედრო, - თვლიან ჩვენი რესპონდენტები. სამედიცინო დახმარება არის, მაგრამ არის საქართველოსგან, რომელიც ყოველდღიურად იღებს თავის კლინიკებში აფხაზეთიდან ათობით პაციენტს.

კორონავირუსი კი შეტევას აგრძელებს. წამლების მარაგი ორი თვის საკმარი რჩება, თუმცა თუ ინფიცირებულთა ყოველდღიურ ნამატს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მარაგი უკვე იწურება. ახლების შესაძენად სახსრები აღარაა. ამას ემატება მედიკოსების უკმარისობაც. რესპუბლიკას შიმშილი უახლოვდება.

ძალზე ხელსაყრელი დრო შეარჩია რუსეთმა საკუთარი პოლიტიკური მიზნების აღსრულებისთვის. სანამ აფხაზეთი კორონავირუსულ ინფექციასთან ჭიდილიში გადარჩენას ცდილობს, მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მის კისერზე ყულფს უჭერს. და ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელ ბრძოლას წააგებს აფხაზეთი პირველს.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები