საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი საქართველოს ჟენევისა და პრაღის ფორმატებთან დაკავშირებით რიგ რეკომენდაციებს აძლევს

28-10-2020 16:49:23 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი აქვეყნებს ანგარიშს სახელწოდებით "საქართველო და რუსეთი: რატომ და რა გზით უნდა შენარჩუნდეს ნორმალიზაცია", რომელშიც რუსეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ჟენევისა და პრაღის მოლაპარაკებათა ფორმატების მიმართ რიგ რეკომენდაციებს იძლევა.

ანგარიშის ავტორების აზრით, საქართველოს ახალ მთავრობას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსის შენარჩუნების ან მიტოვების გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ისინი შიშობენ, რომ თუ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა ხსენებული კურსი, შედეგები შეიძლება, კრიტიკული იყოს.

"ურთიერთობების ნორმალიზების კურსზე უარის თქმის შემთხვევაში სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან ინციდენტები შესაძლოა, უკონტროლო გახდეს. ეს სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთის ურთიერთობებს დასავლეთთან, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად საქართველოსთან ურთიერთობებზე. ნორმალიზებისკენ მიმართული დიალოგი, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს, კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს არ ეხება. აღნიშნულისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი არსებობს. მხოლოდ ამ ფორმატით იქნება შესაძლებელი უფრო წარმატებული გამკლავება დაძაბულობასთან გამყოფი ხაზების გასწრივ", – ნათქვამია ანგარიშში.

ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ თუ საქართველო რადიკალურად შეცვლის რუსეთის მიმართ თავის კურსს, ეს გაზრდის დაძაბულობის ხარისხს რეგიონშიც.

მათი შეფასებით, სწორი იქნება, თუ თბილისი და მოსკოვი ურთიერთობების ნორმალიზების გზას გააგრძელებენ:

"შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი იქნებოდა თბილისისა და მოსკოვის ორმხრივი გადაწყვეტილება ნორმალიზაციის კურსის შენარჩუნებისა, მაგრამ კონფლიქტის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოების პირობით. ამასთან, რუსეთმა და საქართველომ უნდა გაააქტიურონ დისკუსიები უსაფრთხოების საკითხებზე იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც გამყოფი ხაზების ირგვლივ წარმოიქნება".

გარდა ამისა, როგორც ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა 2012 წელს ამოქმედებულ პრაღის ფორმატში "ხელს უშლის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დიალოგის განვითარებას თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის, მაგალითად, მოლაპარაკებების დაწყებას აფხაზეთის მიმართულებით ვაჭრობის განვითარების თაობაზე".

ამ კონტექსტში ისინი ჟენევისა და პრაღის ფორმატების ადაპტირების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ოქტომბრის არჩევნებში, იგი საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, მიუხედავად არასრულყოფილებისა, 2012 წლიდან ხელს უწყობდა ორივე ხსენებულ ფაქტორს [უსაფრთხოებასაც და კეთილდღეობასაც]. ამ დიალოგის გარეშე საქართველოც და რუსეთიც უარეს მდგომარეობაში იქნებოდნენ. თუმცა მზარდი გამოწვევების ფონზე მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, პრაღის ფორმატი იყოს ადაპტირებული, ჟენევის ფორმატი კი უფრო მდგრადი გახდეს. დიალოგის ორივე ფორმატის შეცვლამ შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და ვაჭრობის კუთხით სადღეისოდ არსებული ურთიერთობები გააუმჯობესოს და ამასთანავე, განავითაროს აფხაზეთთან სავაჭრო პერსპექტივები, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები