
პრეზიდენტმა ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებული კომენტარის დიდი ნაწილი ჟურნალისტების კრიტიკას დაუთმო
31/10/2020 05:00:19 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე მისცა.
ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებული კომენტარის დიდი ნაწილი ჟურნალისტების კრიტიკას დაუთმო:
"ყვირილი დაამთავრეთ ახლა, შეიძლება ერთი წუთი წესიერება ამ ქვეყანაში. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე დღეს მისცემს ხმას. ანუ, თავისუფლად, წყნარად, რამდენადაც შეიძლება და მისცემთ საშუალებას. დიდი მადლობა ამისთვის, რაც ახლა ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია, გესაუბროთ ასე წყნარად და ასე უნდა იყოს ყოველთვის. მე მგონი ჩვენ ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ევროპული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მოვიდეს, ძალიან მშვიდად მოვიდეს აქ. დაცული არის ყველა ზომები, რომ ყველამ შეძლოთ უბანზე მობრძანება და ხმის მიცემა, ნურაფრის ნუ გეშინიათ. თქვენ თვითონაც დაიცავით დისტანცია, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობა არის, რომ დისტანცია დაცული იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება, მშვიდობიანად და მე გისურვებთ ხვალინდელ, ქართულ საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.
“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.