რას ცვლის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა
02/11/2020 11:28:52 პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) მიერ 2 ნოემბრის დილისთვის წარმოდგენილი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 30-დან 14 მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა, დანარჩენ 16–ში, მათ შორის თბილისის რვავე ოლქში კი მეორე ტურები უნდა ჩატარდეს. თუმცა როგორც ოპოზიციური «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» (ენმ) ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ენმ ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს არ სცნობს და პარტიის კანდიდატები მეორე ტურში მონაწლეობას არ მიიღებენ. ანალოგიური გადაწყვეტილება აქვთ „ევროპულ საქართველოშიც“, რომელმაც პროპორციული სისტემით მიღებულ სადეპუტატო მანდატებზეც უარი განაცხადა.
„ვნახეთ, როგორი იყო ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებული პირველი ტური და მეორე ტურში მონაწილეობა პირველი ტურისთვის რაღაც ლეგიტიმაციის შექმნა იქნებოდა, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ“,– განაცხადა ოპოზიციური პარტიების შეთანხმებულმა კანდიდატმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შალვა შავგულიძემ.
სხვა ოპოზიციურ პარტიებს უშუალოდ მეორე ტურებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ცნობილია, რომ პარტია „მოქალაქეები“, რომლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ასევე გადავიდა მეორე ტურში, ცსკ–ის წინასწარ მონაცემებს არ აღიარებს და საარჩევნო ბარიერგადალახულ ოპოზიციონერ კოლეგებს მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. „გირჩი“ კი გეგმავს, ბოიკოტირების თაობაზე საერთო ოპოზიციური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ამ შეთანხმების ნაწილი გახდეს.
“ჩემთვის მეორე ტურში მონაწილეობა ბმაშია ბოიკოტის რეჟიმთან: თუ ოპოზიცია ბოიკოტზე თანხმდება, ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურებში არ მონაწილეობენ“,– განმარტავს ზურაბ ჯაფარიძე.
ამრიგად, საბოლოო სურათი ჯერ გამოკვეთილი არაა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს მეორე ტურებში ფაქტობრივად, უკონკურენტოდ მოუწევთ მონაწილეობის მიღება. თუმცა როგორც კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილის განმარტებიდან ირკვევა, პოლიტიკოსების განაცხადი პროცესის პოლიტიკური ნაწილია და ეს სამართლებრივად არაფერს ცვლის: ამომრჩევლები მაინც მიიღებენ საარჩევნო ბიულეტენს, რომელზეც მეორე ტურში გადასული კანდიდატების გვარ–სახელები იქნება დაფიქსირებული.
„კანდიდატები ზეპირ განცხადებას გააკეთებენ თუ წერილობით მიმართავენ შესაბამის ორგანოს - სამართლებრივად მნიშვნელობა არ აქვს: საარჩევნო ბიულეტენში მათი გვარი მეორე ტურშიც იქნება, ანუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ - ამას ამბობს საარჩევნო კოდექსის 120–ე მუხლი, რომელიც კონკრეტულ სუბიექტებს კანდიდატურის მოხსნისთვის ვადას განუსაზღვრავს“,– განმარტა „აქცენტთან“ საუბრისას ალაფიშვილმა და დასძინა, რომ კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკოსებს კანდიდატურის მოხსნისთვის ვადა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღით ადრე ჰქონდათ, ანუ ოქტრომბრის შუა რიცხვებამდე.
მას უახლესი ისტორიიდან „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერის - ირაკლი ალასანიას მაგალითიც მოჰყავს, რომელმაც ცსკ–ის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და პოლიტიკიდანაც წავიდა: „მიუხედავად ამისა, გორელებმა ბიულეტენი მიიღეს, რომელშიც ირაკლი ალასანიას გვარი ეწერა მის კონკურენტთან ერთად“.
ინფორმაციისთვის: 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, საარჩევნო ბარიერი ცხრა პარტიამ გადალახა, თუმცა მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული ყველაზე მეტი – 61 დეპუტატი "ქართულ ოცნებას" ეყოლება. ამას ემატება 14 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში მოპოვებული გამარჯვებით. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ფორმირებისთვის "ოცნებას" ერთ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებაც ჰყოფნის.
რაც შეეხება მანდატებზე უარის თქმას, რის თაობაზეც, ტოტალურ გაყალბებაზე საუბრის მიუხედავად, ოპოზიციურ სპექტრს ჯერ საერთო პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს, სამართლებრივად, ეს მეათე მოწვევის პარლამენტს ხელს არ უშლის: იგი უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, თუ პირველ სხდომას სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი) ესწრება და წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან პარლამენტი უფლებამოსილებას იძენს.


