
«იმედი მქონდა, სააკაშვილის საარჩევნო ბლოკი გაიმარჯვებდა» - რას ფიქრობენ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ცხინვალის რეგიონში
03/11/2020 15:02:45 კონფლიქტები
31 ოქტომბრეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგების თანახმად, გამარჯვებული მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა”. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს. ადევნებენ თუ არა საარჩევნო პროცესებს თვალს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან და რას ფიქრობს იქაური მოსახლეობა?
სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ეს პირველი არჩევნებია საქართველოში, რომელშიც ახალგორელები დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტილობის გამო ვერ მონაწილეობენ. ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის პირობებში ადგილობრივები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ:
«სოცქსელებში თვალს ვადევნებდი, რა დამოკიდებულებას ავლენდნენ ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები საარჩევნო კამპანიის მიმართ. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამჯერად უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე 2012 და 2016 წლის არჩევნების დროს. დილითაც კი, არჩევნების დღეს, ქვეყნდებოდა პოსტები: «დაე, გაიმარჯვოს იმან, ვინც “რაზდახანის” გახსნას შეუწყობს ხელსო!». რაიონში ხალხი ამბობს, გზა შესაძლოა, არჩევნების შემდეგ გახსნანო. ეს უკვე ტრადიციად იქცა: ნებისმიერი მოვლენა საბაბია იმედისთვის. ხან ამბობენ, ახალი წლის შემდეგ გახსნიანო, ხან – აღდგომის შემდეგო…»
ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი თვლის, რომ ოსური საზოგადოების ყურადღება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებისადმი მინიმალურია და არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ამასთან, მისი თქმით, არსებობს ასეთი საყოველთაო აზრი: “რაკი სააკაშვილი თავს დაგვესხა, საქართველოს ხელისუფლებაში მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების მოსვლა სამხრეთ ოსეთისთვის ცუდიაო”. ასე ფიქრობს, ცხურბატის თქმით, უმრავლესობა, მაგრამ არა ყველა:
«არჩევნებს ზერელედ ვადევნდებდი თვალს. იმედი მქონდა, სააკაშვილის საარჩევნო ბლოკი გაიმარჯვებდა და მესიამოვნა, რომ მათ მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ვვარაუდობდი. 27% ცოტა ნამდვილად არ არის. ვთვლი, რომ ჩვენთვის ეს კარგია, თუ სააკაშვილისადმი რუსეთის დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, - იქ ხომ მას “ზოოლოგიური რუსოფობი” უწოდეს. ჩემი აზრით, რაც უარესი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, მით უკეთესია სამხრეთ ოსეთისთვის, ხოლო რაც უფრო დაახლოვდებიან ისინი, მით უარესი იქნება ჩვენი რესპუბლიკისთვის».
ოს პოლიტოლოგ ვიაჩესლავ გობოზოვის შეფასებით კი, აგვისტოს ომამდე ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება და ექსპერტები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, ნებისმიერი ქართველი მეტ-ნაკლებად წონადი პოლიტიკოსის განცხადებები ანალიზს ექვემდებარებოდა და განიხილებოდა, თუმცა რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ როგორც ჩანს, ოსმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ქართული ფაქტორი აღარ არსებობს:
«შესაძლოა, ვცდები და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებში ეს მუშაობა გრძელდება, მაგრამ საექსპერტო წრეებში ის დიდი ხანია, აღარ ჩანს. ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და იმის ანალიზს, რა შედეგები შეიძლება, გამოიღოს ამ პროცესებმა, გაუმართლებლად ცოტა ყურადღებას უთმობს. ყველაფერი დაჰყავთ მარტივ პოზიციამდე: “ჩვენ გვაწყობს, რომ საქართველოში ანტირუსული ძალები იმარჯვებდნენ და არ ხდებოდეს რუსეთთან დაახლოება”. რეალურად, ეს მეტისმეტად გამარტივებული წარმოდგენაა. ცუდია, როცა საკუთარ ბედს იმაზე ხდი დამოკიდებულს, როგორ განვითარდება ურთიერთობები სხვა ორ სუბიექტს შორის.
– რატომ ხდება ასე? ცხინვალმა არ იცის, რა უნდა სურდეს თბილისისგან, თუ საქმე ერთხელ არჩეულ პოზიციაშია, “სალაპარაკო არაფერი გვაქვს, სანამ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას არ გაგვიფორმებთო”?
– აქ ორივე ფაქტორი მოქმედებს. ერთის მხრივ, საქმე ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაშია. მეორეს მხრივ, არ არის მკაფიოდ ფორმულირებული ინტერესები საქართველოსთან ურთიერთობების თაობაზე. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველო სამხედრო საფრთხედ აღარ აღიქმება, მაშინ, როცა მანამდე მხოლოდ ასე აღიქმებოდა – სხვა არანაირი ხედვა არ არსებობდა. ამიტომაც ქართული ფაქტორი სამხრეთ ოსეთის პოლიტიკიდან გამქრალია, თუ არ ჩავთვლით ჟენევის დისკუსიებს, რომლებიც შეიძლება, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს».
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება