
კოვიდ-ინფიცირებულები ქუჩებში უნიღბოდ, ცარიელი აფთიაქები და სრული უკონტროლობა
04/11/2020 14:08:49 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, გამოვინდა მედიკოსის ინფიცირების პირველი შემთხვევაც. ეს თითქოს ბევრი არაა. თუმცა ექსპერტები რაიონში ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების საფრთხეზე მიუთითებენ, მიზეზად კი ერთის მხრივ, ადგილობრივი დე ფაქტო მმართველების არაპროფესიონალიზმს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობის ზერელე მიდგომას ასახელებენ.
სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ორი ადგილობრივი ქალი პნევმონიით ცხინვალში გადაიყვანეს, კიდევ ორი ამბულატორიულად მკურნალობს, 11 ინფიცირებული კი რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ყოფილი სამშობიარო სახლის შენობაში სპეციალური “წითელი ზონაა” მოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ თავიდან ამ ავადმყოფებს სეზონური გრიპისგან მკურნალობდნენ, თუმცა შემდგომში COVID-19 აღმოუჩინეს. კიდევ 40 ადგილობრივი, რომელსაც გაციების სიმპტომები აღენიშნება, კოვიდ-ტესტირების მოლოდინშია.
ამასთან, მეარაყიშვილის დაკვირვებით, იზოლაციის რეჟიმს არც ავადმყოფები იცავენ, არც ის პირები, რომლებთან მიმართებაშიც კოვიდ-ინფიცირებულობის ეჭვი არსებობს:
«თვითიზოლაციის რეჟიმს არც ის ორი ქალი იცავს, რომელიც ამბულატორიულად მკურნალობს, არც ის ადამიანები, რომლებიც ანალიზის შედეგებს ელიან: დადიან ქუჩებში, ეკონტაქტებიან გამვლელებს, შედიან მაღაზიებში. პირადად შევესწარი, როგორ ეკითხებოდა ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში ექიმს, როგორ სჯობს, იმკურნალოს. მილიცია თვითიზოლაციის რეჟიმის დაცულობას რატომღაც აღარ აკონტროლებს. რაიონულ საავადმყოფოში 11 პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთმა მედდამ მიამბო, რომ მათთან თავისუფლად უშვებენ მნახველებს და პალატებში ქეიფებიც კი იმართება. ერთ-ერთ მედიკოსს მილიციაშიც კი უჩივლია და უკითხავს, რატომ არ აკონტროლებენ ვითარებას, პასუხად კი განუცხადეს, რომ ხელმძღვანელობისგან შესაბამისი ბრძანება არ მიუღიათ».
როგორც თამარი ამბობს, კარანტინის დროს მილიცია სხვაგვარად იქცეოდა: ინფიცირებულებთან ყველა კონტაქტურ პირს სავალდებულო ორკვირიან თვითიზოლაციაში უშვებდნენ, რეჟიმის დაცულობა კი სახლებში მოულოდნელი რეიდებითაც კი მოწმდებოდა. საავადმყოფოს შესასვლელში მილიციის თანამშრომელი მორიგეობდა. ახლა კი, როდესაც რაიონში ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, მილიციამ რატომღაც ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა.
ამ ფონზე სერიოზული პრობლემებია ჯანდაცვის სისტემის კუთხით. როგორც მეარაყიშვილი ყვება, რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ზურაბ გობოზოვმა ამასწინათ COVID-19 გადაიტანა, ორი კვირის წინ გამოჯანმრთელდა, თუმცა სამსახურში ამ დრომდე არ დაბრუნებულა და მეუღლესთან – ცხინვალის პოლიკლინიკის მთავარ ექიმთან ერთად ცდილობს, საავადმყოფოს დისტაციურად – სატელეფონო ზარებით უხელმძღვანელოს.
“გობოზოვის მეუღლეს აქაურ საავადმყოფოსთან არანაირი შეხება არ აქვს, თუმცა რატომღაც მაინც წყვეტს საორგანიზაციო საკითხებს. პროტესტის ნიშნად ჩვენთან სამსახური სამმა ექიმმა დატოვა, განაცხადა რა, რომ ზურაბ გობოზოვის პირობებში არ დაბრუნდება. ერთ-ერთი მათგანი ინფექციონისტია. არადა, ისედაც დეფიციტი გვაქვს სამედიცინო კადრების: რაიონში 72 საშტატო ერთეული ირიცხება, მაგრამ მათი უმრავლესობა რეალურად, “მკვდარი სულებია” ან ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ადგილს ითავსებენ” – ყვება თამარი.
პრობლემებია, მისი ინფორმაციით, მედიკამენტების კუთხითაც: აფთიაქებში არც სიცხის დამწევი და გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები მოიპოვება, არც ანტიბიოტიკები, თუმცა საავადმყოფოებში მედიკამენტები არის.
მეარაყიშვილის აზრით, არსებული ვითარება პატარა რაიონში მმართველობის პრობლემითაა გამოწვეული:
“მიზეზი უამრავი ვაკანსიაა, ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე მუშაობისა და რეალურად გამოუმუშავებელი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა გავლენიანი ამხანაგი პროკურატურიდან თუ მილიციიდან ერევა განათლების, ჯანდაცვის, კომუნალური მეურნეობების სფეროებში და თავისი ნათესავებისა თუ სხვა პროტეჟეებისთვის სამუშაო ადგილებს მოიპოვებს… მათ კვალდაკვალ კი გავლენის სურვილი გაუჩნდათ მათ ცოლებსაც. რომის იმპერიის მატრონებივით იქცევიან, ერევიან იმ უწყებების მუშაობაში, რომლებთანაც არავითარი კავშირი არ აქვთ” – ამბობს მეარაყიშვილი.
2012 წლიდან დაწყებული, რაიონის ხელმძღვანელობა ჩაეფლო ინტრიგებში, მსგავსი სამუშაო ადგილებისთვის ბრძოლაში და ყველაფერი ჩამოშალა. უბრალოდ სანამ თბილისისკენ გზა გახსნილი იყო, ეს იმდენად არ შეიმჩნეოდა - ხალხი თბილისში მკურნალობდა, აქვე ყიდულობდა წამლებს და იქაური არ სჭირდებოდა. ხოლო როცა “რაზდახანი” (დე ფაქტო საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოსური სახელწოდება) ჩაკეტეს, ყველაფერი ადგილობრივ დე ფაქტო ხელმძღვანელობას დააწვა მხრებზე და რაიონში ცხოვრება უსაფრთხო აღარაა.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება