ოპოზიციის გამოწვევები და მათი დაძლევის ოპტიმალური გზები – საერთაშორისო სპეციალისტთა ხედვით

05-11-2020 17:10:14 პოლიტიკა ,ანალიზი

5 ნოემბრის მდგომარეობით, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და 8–9 ნოემბრისთვის დაანონსებული აქციებისთვის ემზადება. დეკლარირებული მიზანია, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილი წინასწარი შედეგები ბათილად იქნას ცნობილი. ოპოზიციისთვის ეხლა მთავარი გამოწვევები ერთის მხრივ, კრიტიკული მასის მობილიზება, საპროტესტო მუხტისა და ერთიანობის შენარჩუნებაა, ხოლო მეორეს მხრივ – ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებით დაინტერესებული საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. მოქმედი ხელისუფლების 31 ოქტომბრისა და წინა პერიოდის ქმედებებით აღშფოთებული რამდენი მოქალაქე გავა ქუჩაში - 8 ნოემბერს ვნახავთ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ, რომელიც ჩატარებული არჩევნების „ტოტალურ გაყალბებაზე“ და ახლის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს, ამ შეფასებების მართებულობაში საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება შეძლოს.

„აქცენტმა“ საერთაშორისო სპეციალისტებს მიმართა კითხვით, არსებობს თუ არა გზა, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ისევე აქტიურად ჩაერთონ პროცესებში, როგორც გასულ წელს, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესების დროს, როცა მათ პოლიტიკური მხარეები აიძულეს, კომპრომისზე წასულიყვნენ.

თორნიკე შარაშენიძე ერთადერთ ასეთ გზას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტების მობილიზებაში ხედავს:

„ამერიკაში არჩევნებია და ამ პროცესის დასრულებას ალბათ, კიდევ ორი კვირა დასჭირდება. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებს გაყალბების დამადასტურებელი დიდი რაოდენობით დოკუმენტები არ დაუდეს წინ, ასე მარტივად არ ხდება, რომ ეუთო–ს დამკვირვებელთა მისიამ და ამერიკის საელჩომ პოზიცია შეიცვალონ“.

ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ბოიკოტის პარალელურად ალტერნატიულ გეგმაზეც უნდა მუშაობდეს, კერძოდ, თუ სახელისუფლებო გუნდი წავიდა დათმობაზე – გააუქმა სადავო ოქმები და დაჰყვა პრობლემურ საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლის მოთხოვნას, ოპოზიციამ არ მოითხოვოს იმაზე მეტი, რისი გაცემაც მეორე პოლიტიკურ მხარეს შეუძლია:

„თუ გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, როგორც ამას სამართლიანობა მოითხოვს, ოპოზიციას შეუძლია, დათმობაზე წავიდეს და ვთქვათ, მეორე ტურებში მონაწილეობა მიიღოს (თუ დადგა პირობები, რომ “ქართული ოცნება" რეალურ დათმობაზე წავიდა, ეს მიიღოს, რაციონალურად გაიაზროს და მეორე ტურებში იბრძოლოს). საერთაშორისო საზოგადოება პროცესებში მაშინ ერთვება, როდესაც ვითარებიდან გამოსვლის გზას ხედავს. როდესაც ეს გზა არ არსებობს და ორივე მხარე საწყის პოზიციაზე ჯიქურ დგას, პარტნიორები სტატუს–კვოს უჭერენ მხარს. ხოლო როდესაც ვითარების თანდათანობითი გამოსწორება შესაძლებელია, ისიც შესაძლებელია, საერთაშორისო თანამეგობრობა პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს: წარმოიდგინეთ, ISFED–მა (“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება») თქვა, რომ „არჩევნების შედეგები შესაძლოა, მაქსიმუმ, 4%–ით შეცვლილიყო“ – 4%–ისთვის მთავრობას არალეგიტიმურად არავინ გამოაცხადებს! ეს ოპოზიციამ უნდა გაიგოს და მიუხედავად იმისა, რომ ამ 4%–ს დიდი მნიშვნელობა აქვს, პარალელურ რეჟიმში იბრძოლოს ამ შედეგის გადახედვის მისაღწევად“.

კვაშილავა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საპროტესტოდ ქუჩაში გასულ ადამიანებს ცხადი და მიღწევადი მიზნები სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რწმუნდებიან, რომ მიზანი ილუზორულია და მუხტიც ნელდება:

„მაგალითად, მეორე ტურში გამარჯვება მიღწევადი მიზანია. წარმოიდგინეთ, თბილისში ყველა მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციამ რომ მოიგოს, რამხელა განცხადება იქნება, მიუხედავად იმისა, პროპორციულ ნაწილში რა შედეგები «დაჯდა»! ან „ქართულმა ოცნებამ“ სადავო 4% დათმოს – ესეც მიღწევადი მიზანია. 80 დეპუტატიც რომ ჰყავდეს „ოცნებას“, მაგრამ თბილისში რვავე ოლქი წააგოს, ამ პოლიტიკური ძალისთვის დიდი დარტყმა იქნება. ამას საერთაშორისო პარტნიორები უფრო გაიგებდნენ და მეორე ტურის მონიტორინგსაც მიჰყვებოდნენ – ამხელა პრობლემები რომაა, მეორე ტურებს უფრო ყურადღებით დააკვირდებოდნენ და მათი პოზიციაც შესაძლოა, უფრო კრიტიკული გამხდარიყო – თბილისის მონიტორინგი უფრო ადვილია, ვიდრე რეგიონების“.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, მე–10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტოდ დატოვოს და ამ გზით მისი პოლიტიკურ–მორალური დელიგიტიმაცია მოახდინოს, კვაშილავას შეფასებით, ერთპარტიული პარლამენტი მმართველი გუნდისთვის არა მოკლევადიან, არამედ უფრო გრძელვადიან – ერთწლიან პერსპექტივაში შექმის პრობლემას, მაგრამ ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, შეძლებს კი დროებით გაერთიანებული ოპოზიცია ამ ხნის განმავლობაში ერთიანობის შენარჩუნებას?

„რაღაც დროის შემდეგ ერთიანობა იშლება. ამდენად, ეს სარისკო გზაა ოპოზიციისთვის, მით უფრო, რომ არის ერთი პარტია, რომელიც თავის პროტესტს ცალკე აცხადებს. მმართველი გუნდი თუნდაც „პატრიოტთა ალიანსს“ რომ მოურიგდეს, პარლამენტი რეალურად, ერთპარტიული აღარ იქნება“,– აცხადებს კვალიშალა.

საარჩევნო პროცესებში ჩართული ანა დოლიძე კი თვლის, რომ პარტნიორებამდე რეალური სურათის მისატანად რამდენიმე დღეა საჭირო:

„როდესაც საარჩევნო უბნის ადინისტრაციამ იცის, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი მიდის, ცდილობს, იმ მონენტში ვითარება ზედაპირულად მოაწესრიგოს. ახლა ყოველდღიური მუშაობა მიდის (მათ შორის მეც ვმუშაობ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან) – ყველა ოქმზე ახსნა, თუ რა მოხდა, როგორ არ ჯდება ბალანსი... ორჯერ არჩევნებს უცხოეთში ვაკვირდებოდი: ერთხელ – აშშ–ში, მეორედ – ნორვეგიაში. მათ რომ გაიგონ, რა არის „კარუსელი“, ამას მართლა ახსნა სჭირდება. ნორვეგიაში არჩევნებზე ადამიანს პირადობის მოწმობასაც არ სთხოვენ, იმხელა ნდობაა ხელისუფლების მიმართ. რამდენიმე დღე დასჭირდება, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებამდე რეალური სურათი მივიტანოთ. გასაგებია, რომ ჩვენი პარტნიორები ოპოზიციას ბოიკოტს ვერ შეუქებენ: მათი ვალდებულებაა, თქვან, რომ „სიმშვიდე იყოს“, „იყოს დემოკრატიული გარდამავალი ხელისუფლება“, მაგრამ უკვე დაიდო განცხადებები მკაცრი ტონით: „გადაითვალოს ხმები“, „დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება“ – ეს განცხადებები თემისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას აჩვენებს“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები