გაყალბების 5 მექანიზმი: ცსკ–ის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი საარჩევნო ადმინისტრაციას უპირისპირდება

06-11-2020 15:46:07 პოლიტიკა ,კომენტარი

საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა და ხუთი ოლქის კოორდინატორმა ვანო ბურდულმა, რომელმაც 20–წლიანი კარიერის შემდეგ ცსკ დღეს დატოვა, „მთავარი არხის“ ეთერში გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„ჩავთვალე, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ხდება, იქ არაფერი მესაქმება! შესაბამისად, ვთვლი, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩემი ადგილი არაა“ - აღნიშნა მან.

ამასთან, ბურდულმა არჩევნების გაყალბების კონკრეტული მექანიზმებიც დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, მაღალი ალბათობით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე იყენებდნენ.

საარჩევნო სიები:

ბურდულის თქმით, სიებით მანიპულაცია ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია და პროცესი უშუალოდ იუსტიციის სამინისტროდან იწყება:

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიები იუსტიციის სამინისტროდან იმ დონეზე დამუშავებული გადაეცემა, რომ მანიპულაციისთვის უკვე გამოყენებადია. ძალიან ბევრი ადამიანი წუხდა, რომ რეგისტრაციის მისამართზე მისი ოჯახის წევრების ნაცვლად, ათეულობით უცნობი პირი იყო ჩაწერილი და ამომრჩეველი რეაგირებას ვეღარ ასწრებდა. ეს გვაჩვენებს, რომ გაურკვეველი ხალხი მისამართზე „მიწერილია“.

საარჩევნო უბნები:

ბურდული ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე მანიპულაციის ბევრი საშუალებაა, მათ შორის – „კარუსელი“:

„ვნახეთ, რომ განსაკუთრებით ამ არჩევნებზე მოქალაქეების არნახული მოსყიდვა ხდებოდა. თუ მოსყიდვა არ ჭრის, სავარაუდოდ, დაშინებაზე გადადიან. ამ არჩევნებზე გაყალბების ზედა ზღვარი ვიხილეთ და ეს შემაჯამებელი ოქმების მექანიკურად ჩასწორებაა. მსგავსი რაოდენობის „გაფუჭებული“ ოქმები ჩემი 20–წლიანი პრაქტიკის განმავლობაში არ მახსენდება. ამას მარტივი ახსნა აქვს: როდესაც საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა უბანზე მისული ამომრჩევლისას აღემატება, ჩასწორება ამომრჩეველთა ხელმოწერების სიაშიც უნდა განხორციელდეს – ესეც არ გააკეთეს და მარტივად, მექანიკურად გადაასწორეს ოქმები: ჯერ რომელიღაც სუბიექტის მონაცემი გადააკეთეს, შემდეგ – მომსვლელი ამომრჩელის რაოდენობის, – დაახლოებით ამ დონის ოქმებს ვხვდებით“.

რაც შეეხება „კარუსელს“, ბურდული ამბობს, რომ ამ მიზნით არსებობს სპეციალური სია, თუ ვინ არ მიდის საარჩევნო უბანზე და ამ ამომრჩევლის „ჩანაცვლება“ ხდება:

„ეს წინასწარ დამუშაებული სისტემაა და მჭიდრო კოორდინაციაში რამდენიმე ადამიანი იმყოფება: ვისაც მოჰყავს ასეთი ადამიანი – „ჩამნაცვლებელი“; კართან მდგომი მარეგულირებელი, რომელიც მარკირებას ამოწმებს და რეგისტრატორი, რომელთანაც სიები ინახება“.

გადასატანი ყუთები:

ბურდული აღნიშნავს, რომ გადასატანი ყუთი, რომლითაც ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების მქონე ადამიანები სარგებლობენ, „დიდი ხანია, „აქილევსის ქუსლად“ იქცა პროცესში ჩართული მხარეებისთვის“:

„როგორც წესი, ამგვარ სიაში მყოფი ადამიანების მხოლოდ სახელი და გვარი საჯაროვდება. შესაბამისად, პროცესში ჩართული მხარეებისთვის სიის გადამოწმობის შესაძლებლობა ისპობა. როგორც წესი, ამ სიას კოორდინატორები ადგენენ: სვამენ სახელისუფლებო პარტიის მომხრეებს, ხოლო მათ, ვისაც გადასატანი ყუთით სარგებლობა რეალურად სჭირდებათ, გართულებული პროცედურები ელით: თუ სიაში ამომრჩევლების რაოდენობამ 3%–ს გადააჭარბა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს პროცესი დროში იწელება და შესაძლოა, ამომრჩეველი სიის მიღმა დარჩეს. გარდა ამისა, ხდება ხოლმე, რომ სიაში ადამიანებს შეგნებულად სვამენ და თუ ისინი ინფორმირებულნი არ არიან, მიდიან საარჩევნო უბანზე და ხმას ვერ აძლევენ“.

ბათილი ბიულეტენები:

ბურდული აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობითაც გამოირჩეოდა:

„ბათილია ბიულეტენი, როდესაც მას რეგისტრატორი არ დაამოწმებს. ეს ყველა ამომრჩეველმა არ იცის: ბიულეტენი უნდა ამოატრიალოთ და ნახოთ, აქვს თუ არა მას ბეჭედი და ხელმოწერა. ამასთან, საეჭვო ბიულეტენების დიდი ნაწილი ბათილდებოდა: კომისიის ნებისმიერ წევრს შეუძლია, ნებისმიერი მიზეზით გამოთქვას ეჭვი ბიულეტენის საეჭვოობასთან დაკავშირებით, ეს ბიულეტენი საეჭვოების დასტაში გადაიდება და შემდეგ კომისია ხმათა უმრავლესობით უყრის კენჭს. ხმათა უმრავლესობა ვის სასარგებლოდაა, ეს ყველამ იცის“.

სპეცუბნები:

ბურდულის დაკვირვებით, ამ არჩევნებზე სპეცუბნებთან დაკავშირებით, სადაც კოვიდ–ინფიცირებულებს უნდა მიეცათ ხმა, უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა:

„რადიკალური განსხვავება იყო სამთავრობო და ოპოზიციურ ხმებში ხელისუფლების სასარგებლოდ. ძალიან უცნაური და თვალში საცემი იყო ეს ტენდენცია, თუმცა უშუალო ფაქტები, რა ხდებოდა, არ არსებობს, რადგან კორონავირუსის გამო დაკვირვება შეუძლებელი იყო“.

ბურდული ასკვნის, რომ გაყალბების პროცესში სისტემაა ჩართული:

„ამ პროცესში მთლიანად სისტემაა ჩართული: საარჩევნო ადმინისტრაცია, ადგილობრივი შტაბები, ძალოვანები და ა.შ.– კოორდინირებულად მოქმედებენ“.

შეგახსებებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებს.

ბოლო სამი დღეა, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების სამიზნე ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიებია, სადაც დამკვირვებლების საჩივრები უნდა განიხილონ: როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები აცხადებენ, მნიშვნელოვანი საჩივრები განუხილველი რჩება და უფლებამოსილი პირები არც განმარტავენ, რატომ.

დემონსტრანტები ცსკ–ის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები