მზაობა დიალოგისთვის: რა სახის კომპრომისზე შეუძლიათ მხარეებს წასვლა

09-11-2020 16:06:37 ანალიზი

გასულ დღეებთან შედარებით, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეთა მიმართ ტონი ოდნავ შეარბილეს.

6 ნოემბერს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკურ ოპონენტებს „ქუჩის ოპოზიციას“ უწოდებდა და თან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა მხოლოდ საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებთან.

8 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი ოპოზიციონერი ლიდერების მოთხოვნებს (გადადგეს ცსკ–ის თავმჯდომარე, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები) «არასერიოზულად» მიიჩნევდა. მმართვლი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ჩვეული ცინიკური ტონით ითვლიდნენ რუსთაველის გამზირზე საპროტესტოდ გასული მოქალაქეების „თავებს“ და «აქციის ჩაფლავებაზე» საუბრობდნენ. ტონი არც პროტესტის ცსკ–ის შენობასთან გადანაცვლებისა და იქ (covid-19–ის პანდემიისა და ცივი ამინდის გაუთვალისწინებლად) დემონსტრანტების წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ შეცვლილა. მეტიც, ახლა მას დაემატა ბრალდებები «შტურმის», «ძალადობრივი შეტევის» თაობაზე და კობახიძემ ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეც შეხსენა.

კონსტრუქციული განცხადებებით მმართველი გუნდი არც დღეს - 9 ნოემბერს გამოირჩევა, თუმცა მისი ტონალობა ოდნავ შერბილებულია და ხელისუფლების წარმომადგენლები დიალოგისთვის მზადყოფნას დეკლარირებენ.

საინტერესოა, ვინ ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში სახელისუფლებო გუნდის მიმართ ნდობის დეფიციტის პირობებში და რა სახის კომპრომისზე შეუძლიათ მხარეებს რეალურად, წასვლა.

„ამ ეტაპზე სწორი და სამართლიანი საქციელი დიალოგი და კომპრომისი იქნება. ოღონდ ბიძინა ივანიშვილი პირადად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში. ასევე კარგი იქნება, თუკი ოპოზიციასთან და (რაც უფრო მნიშვნელოვანია) ხალხთან სალაპარაკოდ ივანიშვილი წინ აღარ წამოსწევს იმ ფიგურებს, რომელთაც ნდობა დიდი ხანია, აღარ გააჩნიათ და გაღიზიანების მეტს, არაფერს იწვევენ. ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნდა ეს თუ არა, იგი პოლიტიკაშია ჩართული. პოლიტიკა კი კომპრომისის ხელოვნებაა“,– თვლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში?

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში დიალოგის შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა მასში არა ცალკეული პარტიები, არამედ ოპოზიციური სპექტრი უნდა იყოს ჩართული.

„ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა საქართველოს მოსახლეობას დაანახა, რომ როდესაც ქვეყნის ყოფნა–არყოფნის და თავმოყვარეობის საკითხი დადგა, პირადს ყველამ გადააბიჯა და ერთად დადგა. გარკვეულ საკითხებზე წინასწარ ვსაუბრობთ, მათ შორის – დიალოგზეც. დიალოგი შეიძლება, შედგეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით – ხელახალი არჩევნების ჩატარება, ქალბატონი ჟვანიას გადაყენება (ამ წუთში ჟვანიას დაპატიმრებას არავინ ითხოვს. ცხადია, მან დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება)“,– განმარტა ბურჯანაძემ.

რა სახის კომპრომისზე წასვლა შეუძლია ოპოზიციას?

ბურჯანაძე ამბობს, რომ ქუჩის აქციების შეწყვეტა და საარჩევნო პროცესში ჩართვა ოპოზიციის მხრიდან სწორედ რომ კომპრომისი იქნება:

„კომპრომისი იქნება ის, რომ ქუჩის აქციები შეწყდება და ჩვენ იგივე არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებთ, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება: ოპოზიციამ მთელი რესურსი, მათ შორის ფინანსური ამ [31 ოქტომბრის – რედ.] არჩევნებზე დახარჯა. შრომა, რესურსი ჩაიდო პროგრამების მზადებაში, შეხვედრებში, მიუხედავად კოვიდის რისკისა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პარლამენტში პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლით შევსულიყავით. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ბულემია დაემართა, როდესაც ყველას შეჭმა გადაწყვიტა. როდესაც ანაკონდა ძალიან ბევრს გადაყლაპავს, ისიც კი იგუდება, ან ფატრავენ. [...] მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა მთელი პოლიტიკური სპექტრის „ჩარეცხვაა“, მაგრამ ვერ დავიჯერე, რომ ამდენად ბრიყვი და თავხედი იქნებოდა“.

ამრიგად, ამ ეტაპზე მხარეების მხრიდან არცთუ კონსტრუქციული ტონით, თუმცა მაინც ჟღერს დიალოგისთვის მზაობა, მაგრამ თავად ფორმატი ჯერ გაურკვეველია.

ამ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტი, რომლის შეკვეცილი უფლებამოსილება მედიატორის ფუნქციას მაინც ითვალისწინებს, დუმილს ინარჩუნებს.

ოპოზიციამ კი წუხელ ცსკ–სთან განვითარებული მოვლენების შემდეგ საარჩევნო კომისიასთან დაბანაკების სტრატეგია შეცვალა და დღეს, 18:00 საათზე კვლავ რუსთაველზე შეიკრიბება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დაწყებული, მოქალაქეებს 22:00-დან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ. დაემორჩილება თუ არა ოპოზიცია ამ შეზღუდვას, რომლის კონსტიტუციურობაც ასევე სადავო საკითხია, ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები