ომის შეწყვეტის შესახებ ალიევის, ფაშინიანისა და პუტინის სამმხრივი განცხადება

10-11-2020 13:08:09 კავკასია

სააგენტო “არმინფორმი” მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების სრულ ტექსტს აქვეყნებს. “აქცენტი” მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

“ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ი. ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნ. ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი ვაცხადებთ შემდეგს:

1. ცხადდება ცეცხლისა და ყველა საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2020 წლის 10 ნოემბრის (მოსკოვის დროით) 00:00 სთ-დან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა (შემდგომში – მხარეები) მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე ჩერდებიან.

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე უბრუნდება.

3. მთიან ყარაბაღში გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, საბრძოლო იარაღით, 90 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ერთეული ავტომობილითა და სპეცტექნიკით.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განხორციელდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების ვადა განისაზღვრება 5 წლით, 5-წლიანი პერიოდებით ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით, თუ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების აღსრულების კონტროლის ეფექტურობის ასამაღლებლად ყალიბდება ცეცხლის შეწყვეტაზე კონტროლის სამშვიდობო ცენტრი.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე უბრუნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქელბაჯარის რაიონს, ხოლო 2020 წლის 1 დეკემბრამდე – ლაჩინის რაიონს, თუმცა იტოვებს ლაჩინის დერეფანს (სიგანით 5 კმ), რომელიც მთიანი ყარაბაღის სომხეთთან კავშირს უზრუნველყოფს და ამასთან, არ შეეხება შუშას.

მხარეთა შეთანხმებით უახლოესი სამი წლის განმავლობაში განისაზღვრება ლაჩინის დერეფნით მოძაობის ახალი მარშრუტის მშენებლობის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს სტეპანაკერტის კავშირს სომხეთთან, რუსული სამშვიდობო კონტინგენტის შემდგომი გადადისლოცირებით ამ მარშრუტის დასაცავად.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ვალდებულებას იღებს, ლაჩინის დერეფანში მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების ორივე მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოება უზრუნველჰყოს.

7. შიდა გადაადგილებული პირები და დევნილები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მიმდებარე რაიონებში გაერო-ს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველოს კონტროლქვეშ ბრუნდებიან.

8. მოხდება ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების ურთიერთგაცვლა.

9. განიბლოკება ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველჰყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების ორივე მიმართულებით შეუფერხებელი გადაადგილებისათვის. კონტროლს სატრანსპორტო კავშირზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორგანოები განახორციელებენ.

მხარეთა თანხმობით უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომლებიც ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან დააკავშირებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები